დისტანციურად მართვადი ნაღმის ქართველი გამომგონებელი, რომელიც კომუნისტებმა დახვრიტეს

  • რეზონანსი
  • 20 მარტი 13:10

1941 წლის ოქტომბერში, როცა ვერმახტის ნაწილებმა ხარკოვი აიღეს, გერმანიის სადაზვერვო სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ საბჭოთა არმიის მენაღმეებმა ხარკოვი დატოვებამდე დანაღმეს.

მოულოდნელი აფეთქებები ხდებოდა აეროდრომებზე, ხიდებზე, შტაბების შენობებზე, გამოიძების შემდეგ დაადგინეს, რომ მოულოდნელი აფეთქებები საათის მექანიზმით კი არა, რამდენიმე ასეული კმ-იდან გაგაზავნილი რადიოსიგნალიზაციით ხდებოდა.


რადიომართვადი ნაღმების შემქმნელი კი 1938 წელს კომუნსიტების მიერ დახვრეტილი ქართველი ინჟინერ-გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური იყო. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა დისტანციურად მართვადი რადიოფუგარები, სახელწოდებით "ბემი".


ვლადიმერ ბექაურის სახელს უკავშირდება უამრვი გამოგონება: პარაშუტის ავტომატური გახსნის მოწყობილობა, მოწყობილობა ტორპედოს მოძრაობისა და აფეთქებისთვის. ფარული რადიოსიგნალიზაციის ხელსაწყო. მანძილზე მართვის ხელსაწყო მცურავი კატარღებისთვის, ასევე ავტომატური დამცავი სიგნალიზაციის ხერხი, რომლის პატენტიც შეისყიდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და იაპონიაში.


ვლადიმერ ბექაური დაიბადა დუშეთის მაზრაში, სწავლობდა ხაშურის რკინიგზის სკოლაში, შემდეგ თბილისის მიხეილის რკინიგზის ტექნიკუმში. 1903-1904 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის საამშენებლო უბანზე და მისი ხელმძღვანელობით ხარაგაულსა და ძირულას სადგურებს შორის გაყვანილი იქნა 64 მეტრის სიგრძის გვირაბი.


შემდეგ ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში, 1907 წელს კი საცხოვრებლად გადავიდა ჯერ ციმბირში, შემდეგ პეტერბურგში.


1917 წლიდან მთელი რიგი გამოგონებების ავტორია. 1920 წელს ლენინის ხელმოწერით შეიქმნა "განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო სპეციალური დანიშნულების სამხედრო გამოგონებებისთვის", რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ვლადიმერ ბექაური.


სამუშაოებისთვის გამოყოფილი იქნა 150 ათასი შვეიცარიული ფრანკი. ქართველი გამომგონებლის დაქვემდებარებაში მუშაობდა 27 ინჟინერი და 50 მუშა- ხელოსანი.


ბიურო მუშაობდა ნაღმებისა და ტორპედოების წარმოებაზე. ამზადებდნენ ტორპედოებს წყალქვეშა ნავებისთვის, განსაკუთრებით ფუგასებს, რადიოს საშუალებით მართულ კატარღებს. 1922 წელს გაემგზავრა გერმანიასა და შვეიცარიაში მისი გამოგონებული სისტემის, სასიგნალიზაციო აპარტის დასამზადებლად.


1929 წელს წითელმა არმიამ მიიღო ბიუროს მიერ დამზადებული 11 ახალი იარაღი, 24 სახეობა კი გამოცდას გადიოდა. ფრუნზემ სწორედ ქართველ გამომგონებელს დაავალა ეხელმძღვანელა აფეთქებებისთვის რადიოსიგნალების მეშვეობით.


1937 წელს ვლადიმერ ბექაური გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს და 1938 წელს დახვრიტეს.

წყარო: რეზონანსი