ლალი მოროშკინა: იქ მივდივარ, სადაც შეიძლება, მომკლან

  • თბილისელები
  • 19 მარტი 13:12

– ბავშვობიდან განსაკუთრებულად მახსოვს...

– პირველი, რაც მახსოვს და დამაშორა ბავშვობას, ეს იყო შეკითხვა: საიდან რუსი მაროშკინა ქართულ სკოლაში – ეს არის, რამაც იმდენად შემარყია მენტალურად, რომ მაშინ მივხვდი, თურმე, სხვანაირი ვარ, თურმე, არ ვგავარ ამ სკოლის ბავშვებს. მაშინ ვიფიქრე, რატომ მკითხეს ეს? ექვს წლამდე არ ვიცოდი, ჩემი გვარი თუ სხვანაირი იყო. არ ვარ თურმე ისეთი, როგორებიც სხვები არიან. როდესაც შენს მენტალობაში ასეთი გარდატეხა მოხდება, მაშინ არ არსებობს, დაუბრუნდე სტატიკურ მდგომარეობას და მივხვდი, რომ მე შევიცვალე. შემდგომ მთელი ჩემი ბავშვობა ამ კუთხით განვითარდა, რომ მე სხვანაირი ვარ და რადგან მე სხვანაირი ვარ და ასე მიყურებენ, ესე იგი, მე სხვას ბევრად უნდა ვაჯობო, დავუმტკიცო, რომ მეც მათი ფარიდან ვარ. მერე გადის წლები და ვფიქრობ, რომ მე სხვანაირი ვარ, არასდროს ვიქნები თეთრი ყვავი, მე მირჩევნია, ვიყო განსხვავებული და მოდი, ყვავები თქვენ იყავით – დანარჩენები. შემდეგ ეს ბრძოლა გაძლევს იმის საშუალებას, რომ გააკეთო არჩევანი: ან იყო ნაცრისფერი, შეუმჩნეველი, კუთხეში იჯდე და არავინ არაფერს გეკითხებოდეს, ან დიდი ნაბიჯებით იარო წინ, ძალიან ბევრი პრობლემა, წინაღობა გადალახო, მაგრამ მაინც ორიგინალური და სხვანაირი იყო. ახლა ამ გადასახედიდან ვხვდები, რომ მე სწორი გზა გავიარე და ჩემი თავის დაცვა შევძელი. თავიდანვე მომიწია ამ გვარით ბრძოლა. ამას ვერავინ გაიგებს, ვისაც ქართულ სკოლაში რუსული გვარით არ უსწავლია.


– მეტსახელი თუ გქონდათ ბავშვობაში?


– კი, „დრუნჩა”. თალესი მეძახდა ასე, რადგან ბავშვობიდან გაბუშტული ტუჩები მქონდა. მერე დიდობაშიც სულ მეძახდა ჩემი დათუნია დრუნჩა ხარო და შემრჩა ეს სახელი. უკვე ძალიან რომ გავიზარდე და პირველი შეხვედრა მქონდა ედუარდ შევარდნაძესთან, რომელიც მინისტრის მოადგილედ მნიშნავდა „კონფლიქტებში“ მან ხელი ძალიან ახლოს მომიტანა სახესთან და მითხრა: „დრუნჩიკ“. ეს ისეთი შოკი იყო, იმიტომ რომ მე, ზრდასრული ადამიანი, სერიოზული პოსტისთვის ვემზადები და ამ დროს ედუარდ შევარდნაძისგან ეს სიტყვა გამიკვირდა. შევარდნაძე ჩემთვის გურუ იყო. მე მადლობელი ვარ ამ ცხოვრების, რომ შემახვედრა გამორჩეულ, ჭკვიან, მაესტროებს. სულ ვამბობ, რომ თუ გაგიმართლა და შენ შენზე ჭკვიან ადამიანებთან გექნა ურთიერთობა, ეს წარმატების 99 პროცენტია.


– ფრაზა, რომელიც სულ გახსოვთ?
– შევარდნაძის ნათქვამი ფრაზაა, რომ მოროშკინა რომ არ გვყოლოდა, უნდა გამოგვეგონებინა და ამ ფრაზის უკან ბევრი რამ დგას, რომ იმ პერიოდის პოლიტიკას სჭირდებოდა რუსული გვარის წარმომადგენელი, ანუ ამით შენ ამტკიცებ, რომ საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა.
– რა გაღიზიანებთ?
– უმეცრება, ამპარტავნება, ის, რაც სჭირთ ადამიანებს ინტელექტის ნაკლებობისგან. არ შეიძლება, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანმა არ გაგატაროს, როდესაც ქუჩაში მიდიხარ, არ შეიძლება, ჭკვიანი ადამიანი ქმნიდეს სერიოზულ პრობლემებს, თუ ის არ არის ბოროტი. ბოროტ გენიოსებსაც ვიცნობ, საინტერესოა სამეგობროდ, იმიტომ რომ მათგანაც შეიძლება, ბევრი რამ ისწავლო. ყოფილან ჩემს ცხოვრებაში თუნდაც პოლიტიკოსები, რომლებიც ნამდვილად ბოროტი გენიოსები არიან, მაგრამ გენიოსები არიან და შენ ხვდები, რომ საინტერესოა მათთან ურთიერთობა. ასევე, თუ რატომ დაადგნენ ბოროტების და არა სიკეთის გზას, როდესაც მათი ტვინი, უბრალოდ, ანათებს.
– ბედისწერის გჯერათ?
– ბედისწერის მჯერა. შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ყველაფერი რაღაცის გამოა. მე სულ მინდა, გადავიღო ფილმი, რომელშიც ასაკოვანი ადამიანი ერთ წერტილში იმყოფება, რამდენი ადამიანი გაჩნდა მის ცხოვრებაში და როგორ მოვიდა აქამდე – ეს ჯაჭვი სულ გადაბმულია. ჩვენს ცხოვრებას რომ დავუკვირდეთ არავინ მოდის შემთხვევით. ვიღაცას რაღაც მოაქვს, ვიღაცას რაღაც მიაქვს. რაც წაიღო იმ ადამიანმა იმ მომენტში შენს ცხოვრებაში გამოჩენით, ესე იგი, წასაღები იყო.
– რისი გწამთ?
– მწამს უმაღლესი გონის. ვიღაცისთვის ეს ღმერთია. ჩემთვისაც ღმერთია, მაგრამ მე ასევე მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი ვარ, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა რელიგიას. საბოლოო ჯამში ხვდები, რომ ყველა რელიგიაში ერთი და იგივე წერია. ბოლოს ხვდები, რომ არსებობს უმაღლესი გონი, რომელიც ეთნიკური ნიშნის მიხედვით თავის მსტოვარს აგზავნის და ზუსტად ამ ეთნიკური ნიშნით ხდება ამ ადამიანებთან მისი აზრების გადმოცემა, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. სხვათა შორის, ჩემმა მამინაცვალმა ილონ მასკზე ადრე თქვა ეს თეორია, რომ ჩვენ მაინც შექმნილი გონი ვართ და შესაბამისად, თუ ჩვენი ინტელექტი ერთი პროცენტით მაინც გავაღვიძეთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვეულებრივად შეგვიძლია გადასვლა განზომილებიდან განზომილებაში, შეგვიძლია ურთიერთობა გარდაცვლილი სამყაროსთან, რაც მეც გამომდის: თუ დავძაბავ ჩემს გონს, როცა მჭირდება, შემიძლია, შეკითხვა დავუსვა და ჩემი გარდაცვლილი მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან პასუხი მივიღო. ჩვენ გვყავდა ისეთი მეცნიერი, როგორიც თალეს შონიაა, რომელიც „ნასაში“ მუშაობდა და შემდეგ ბერლინის დახურულ სამხედრო ბაზაზე და დღეს რასაც ილონ მასკი ამბობს, იმავეს ამბობდა, ხანდახან მგონია, რომ ილონ მასკი თალესის რეინკარნაციაა. ჩვენ თუ დავძაბავთ გონებას, მივხვდებით, რომ სამყარო არის პატარა ფარდები და შენ შეგიძლია ერთი ფარდიდან მეორეში გახვიდე, ისე, რომ ზიანი არ მიაყენო ამ პატარა დედამიწას, სადაც სტუმარი ხარ. ეს პატარა დედამიწაც ვიღაცის მოდელია, როგორ ხდება გაცილებით დაბალი განვითარების პოპულაციის ერთმანეთში ურთიერთობა. ჩვენ ვართ დაბალი განვითარების პოპულაცია.
– რა არის სიკვდილი?
– მე ბედნიერი ვარ, რომ მოვასწარი თალესთან კონტაქტი, კაცმა, რომელმაც იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი, რვა წლით ადრე რიცხვიც თქვა. გასინჯა ყველაფერი, რაც არ ჰქონდა გასინჯული, იმიტომ თქვა, მე ბევრი ინფორმაცია მაქვს ჩასატანიო. ჩვენ რომ ვსადილობდით ამბობდა, რომ დღეს ამ სადილზე ესწრება – ასახელებდა თავის გარდაცვლილ მშობლებს ან დედაჩემის მხრიდან გარდაცვლილებს, სულ ამბობდა, რომ როდესაც ოჯახური ვახშამია და ერთობა ხდება, მას იმ სამყაროდან აუცილებლად ვიღაც ესწრება. ისინი მკვდრები კი არ არიან, არამედ გარდაცვლილები და შენ უნდა შეიყვარო ეს მომენტი. მე სულ ვამბობ, არ შეიძლება, სიკვდილს ეჭიდაო, ის უნდა მიიღო ჩვეულებრივად, როგორც შენი მეგობარი, რომელიც სხვა სამყაროში მიგაცილებს, არ ატეხო
ისტერიკა და ბავშვობიდან არ იცხოვრო იმ შიშის ქვეშ, რომ ვიღაც ცელიანი ბიძია მოვა და სადღაც წაგიყვანს.


– ყველაფრის პატიება შეიძლება?
– არა, მე, ზოგადად, ძალიან ვებრძვი ჩემს თავში შურისმაძიებლობას. ამდენს რომ ვფილოსოფოსობ, საკუთარ თავს ვერ მოვერიე, თუ ადამიანმა რაღაც გამიფუჭა, მთელი ცხოვრება ვიცი დამახსოვრება და ცხოვრების ბოლოს მაინც გადავუხდი სამაგიეროს. ბევრ ცნობილ, კლასიკურ ნაწარმოებშია, რომ ადამიანი ელოდება სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი თავქარიანია: ადამიანი ეუბნება, თუ გინდა, მომკალი, მაგრამ არა. სიკვდილი მაშინ მოდის, როდესაც მას ყველაზე ძალიან უნდა სიცოცხლე. მე ეს მეთოდი ჩემთვის მაქვს გამოყენებული, მაშინ კი არ გადავუხდი სამაგიეროს, როდესაც ელის, დაველოდები და მთელი ცხოვრება ამ დარდს გავაყოლებ. ეს ჩემი უარყოფითი თვისებაა. ვერ ვპატიობ ღალატს.
– სიზმრების გჯერათ?
– მე ნახევრად ვცხოვრობ იმ სამყაროში. ჩემი სიზმრები არის წინასწარმეტყველური და ჩემი სიტყვები არის პასუხი იმ კითხვაზე, რაც ქვეცნობიერად მინდა გავიგო. ბევრი სიტუაციიდან ვარ გადარჩენილი, იმიტომ რომ წინა ღამეს გაფრთხილება მივიღე, ბევრჯერ გადავარჩინე შვილები და ახლობელი ადამიანები. მაგალითად, როდესაც ავარია მომივიდა და მცხეთის ხიდიდან გადავვარდი, იმ მანქანაში ბავშვები უნდა მსხდარიყვნენ, ექსკურსიაზე ვაპირებდით წასვლას და მე წინა ღამეს ვნახე სიზმარი. რომ გავიღვიძე, კატეგორიულად განვუცხადე, რომ ჩვენ არ წავალთ ექსკურსიაზე და მე საქმეზე მივდივარ-მეთქი. ავარიის შემდეგ სპეციალისტებმა რომ მანქანა ნახეს, თქვეს, რომ იქ არავინ გადარჩებოდა. მეც სასწაულებრივად გადავრჩი და ბავშვები რომ მსხდარიყვნენ, მთელი ცხოვრება ეს ტვირთი უნდა მეტარებინა. მე ყოველთვის წინა ღამეს სიზმარში ვხედავ, ეს ადამიანი, აი, ამისთვის არის შენთან და გინდა? გჭირდება? მაგალითად, ვნახე ადამიანები, რომლებიც ჩემი ცხოვრების ასარევად, ჩემთან იყვნენ გამოგზავნილი, მაგალითად, ფარული ჩანაწერებისთვის. ძალიან ხშირად თეთრი გველი მოდის სიზმარში და ვიცი, რომ ფრთხილად უნდა ვიყო, რაღაცას მიმზადებენ, ამიტომ რასაც მიმზადებენ, ჩემთვის წინასწარ პროგნოზირებადია...
– ინტუიცია?
– ინტუიციაც, ასევე. იმიტომ რომ მე ხერხემალი ისე მიცხელდება, ხელი რომ დამადო, დაგეწვება. ზოგჯერ ცივი შხაპიც უნდა გადავივლო, რომ არ დავიწვა, რამდენ გრადუსზე ადის, არ ვიცი. როდესაც ხერხემალი ასე ცხელდება, ვიცი, რომ ვიღაც ახლობელს რაღაც უჭირს და ლომი რომ იწყებს წრიალს, ვიწყებ რეკვას და ვცდილობ, წარმოვიდგინო, ვის უჭირს.
– რა არის მამაკაცი თქვენთვის?
– წესით, მეგობარი. მამაკაცი არ არის ჩემთვის დასაყრდენი ძალა, საიმედო. არ არის ჩემთვის დამხმარე. არის მეგობარი, რომელიც არაფრით არის ჩემზე მეტი. ამიტომ უჭირთ მამაკაცებს ჩემნაირ ქალებთან თანაცხოვრება. ის ჩემზე მეტი ვერასდროს იქნება და ჩემნაირი ხომ მეც ვარ. ჩემზე სუსტი მე არ მინდა და ჩემზე ძლიერს მე არ ვიცნობ.


 

წყარო: თბილისელები