რას ქმნის სოფო ბარნოვი ამერიკაში წყვილებისთვის და რა გამოცდებს აბარებენ ის და სამორი ბალდე ყოველდღიურად

  • თბილისელები
  • 19 მარტი 11:52

სოფო ბარნოვი და სამორი ბალდე რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობენ და წარმატებულად აკეთებენ საყვარელ საქმეს.

ამ ყველაფრის პარალელურად კი, პატარა დემიენს ზრდიან.


სოფო ბარნოვი:


4 წლის განმავლობაში 9 გამოფენა გავაკეთე. ცხრავე ჯგუფური იყო. ბოლო გამოფენა ხუთი თვის წინ მქონდა და მაისში კიდევ ვგეგმავთ, რომელშიც ჩემი მეგობრებიც მიიღებენ მონაწილეობას. მინდა, გვერდში დავუდგე და მათი ნამუშევრების ამერიკაში ჩამოტანა შევძლო. რაც შეეხება სამსახურს, ვმუშაობ ორგან: ერთგან სამკაულების დიზაინერი ვარ, ესკიზებს ვხატავ და დიზაინს ვაკეთებ, ხოლო მეორე კომპანიაში დეკორატიული მხატვარი ვარ. ამ ყველაფერთან ერთად ჩემს სამკაულებსაც ვაკეთებ.
– მომიყევი შენი სამსახურების შესახებ.
– სამკაულების კომპანია, სადაც მე ვმუშაობ, 2016 წელს დაარსდა. აქვთ საქორწინო ბეჭდები, თავისი ძვირად ღირებული მასალებით, ქვებით. ძირითადად, ბრილიანტებზე, ოქროზე მუშაობენ. დიზაინს მე ვუკეთებ, მაგრამ შექმნის პროცესში არ ვერთვები. ვხატავ ესკიზს, რომელსაც უთანხმებენ თავიანთ მომხმარებელს და შემდეგ მათ მოთხოვნებს ვითვალისწინებ, რადგან ზოგს ზომის გადიდება უნდა, ზოგს – დიზაინში დეტალის ჩამატება. მეც საბოლოო სახეს ვაძლევ და შემდეგ იქმნება. მახსოვს, ერთ-ერთ დამკვეთს სურდა, ნამუშევარი ნიუ-იორკის განათებიდან მიღებული ინსპირაციის მიხედვით შემექმნა. ძალიან მოსწონდა ლამპიონების შუქი. რამდენიმე ფოტო გამომიგზავნეს, მე შევქმენი ესკიზი და შემდეგ იმის მიხედვით დაამზადეს ძალიან ლამაზი სამეული: ბეჭედი, საყურეები და ყელსაბამი. მინიმალისტური ნამუშევარია, თხელი და დახვეწილი, საკუთარ საიტზეც დადეს.
– შენ და სამორსაც ხომ არ გაქვთ შენი შექმნილი სამკაული, რომელსაც მუდმივად ატარებთ?
– როდესაც მე და სამორიმ ერთმანეთი გავიცანით, მინანქრის სამკაული გავუკეთე, რომელსაც დაახლოებით 6 წელია, მუდმივად ატარებს. სხვათა შორის, საქართველოში ყოფნის დროს თვითონაც ისწავლა საიუველირო საქმე და ვერცხლზე მუშაობა. ჩემი საყვარელი ქვისგან გამიკეთა ბეჭედი, რომელსაც ვატარებ.
– მინანქარზე მუშაობა შენ ასწავლე?
– როცა ამერიკაში გადავწყვიტეთ წამოსვლა, მინდოდა, მასაც ესწავლა, რადგან ძალიან შრომატევადი საქმეა და დახმარება დამჭირდებოდა. სურვილი თვითონ გამოთქვა, სამხატვრო აკადემიაში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ძალიან ნიჭიერ პედაგოგთან სწავლობდა. საიუველირო საქმის ძირითადი საკითხები ისწავლა, შემდეგ აღარ გაუგრძელებია, რადგან ძალიან ბევრს დროს მოითხოვს.
– გეხმარებოდა ხოლმე?
– ამერიკაში რომ ჩამოვედით, პირველ პერიოდში სულ მეხმარებოდა. მე მინანქარზე ვმუშაობდი და ის – მეტალთან, ჩასმაში მეხმარებოდა. ახლა ფიზიკურად ვეღარ ახერხებს და მეც სხვა საქმეებზე ვარ გადართული.
– როგორ შედგა თქვენი ტანდემი?
– ძალიან დამყოლი ხასიათი აქვს და მეც არ მქონდა პრობლემა, რომ თავისი ფანტაზიები განეხორციელებინა. ერთმანეთს ხელს არ ვუშლიდით.


– რომელი უფრო ადვილად ადაპტირდით გარემოსთან?
– თავიდან მე უფრო დამჭირდა დრო, რომ აქაურ მუშაობის სისტემაში, ტრანსპორტის საკითხში გავრკვეულიყავი. სამორი 2013 წელსაც იყო ამერიკაში ნამყოფი, თავის უახლოეს ნათესავთან და დიდად არ გასჭირვებია. როცა ორი ადამიანი ერთად ჩამოდის, უფრო მარტივია სირთულეების დაძლევაც და პრობლემების მოგვარებაც. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა დიდ გამბედაობასთანაც არის დაკავშირებული. პირდაპირი გაგებით, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებ, არავინ გეხმარება, გარდა საკუთარი თავისა და იმის, ვინც შენ გვერდით არის. ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ რთულ სიტუაციაში გამოგვეცადა საკუთარი თავი, მიგვეღო გამოცდილება, რომელსაც ადრე თუ გვიან, იმ ადამიანებს მოვახმართ, რომლებსაც ეს სჭირდებათ.
– გამოცდები ჩააბარეთ?
– ეს მუდმივი პროცესია. მუდმივად გიწევს ზოგჯერ მარტივი, ზოგჯერ რთული გამოცდის ჩაბარება. მებრძოლი ადამიანი ვარ და ყოველთვის მირჩევნია, სირთულეებს არ დავნებდე. სამორიც ასეთია. აქ წამოსვლასთან დაკავშირებით ინიციატივა თავიდანვე მან გამოიჩინა, თუმცა, მეც არ მქონია ნაკლები სურვილი. მეც მჭირდებოდა პროფესიული განვითარებისთვის ახალი ნაბიჯი, ეტაპი და ორივემ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მინდა, ის გამოცდილება, რომელიც აქ მივიღე ან მივიღებ, იმ ადამიანებს მოვახმარო, ვისაც სჭირდებათ, თუნდაც აკადემიის სტუდენტებს, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან. ოცდამეერთე საუკუნეში მხატვარს, დიზაინერს საკმაოდ რთული გზის გავლა უწევს, რადგან ბევრი სხვა საქმეც უნდა აკეთოს.
– რით ჰგავხართ შენ და სამორი ერთმანეთს?
– ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს ყველა საკითხში ვეთანხმებით, მაგრამ უმეტესში – კი. ხშირად გვაქვს განსხვავებული აზრი და არ არის საჭირო, რომ ორ ადამიანს აუცილებლად ერთნაირი შეხედულებები ჰქონდეს. მასაც ადეკვატური შეხედულებები აქვს ბევრ საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ, მეც. თუ რაღაც საკითხს განვიხილავთ, სამორი დასაბუთებულად მიხსნის და მე არ მაქვს პრობლემა, ვაღიარო, თუ რამეზე არასწორად ვფიქრობდი. ისიც ანალოგიურად არის, საღ აზრს იღებს.
– ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, რატომ გააკეთე სამორიზე არჩევანი?
– მიყვარს და უპირველეს ყოვლისა, ამან განაპირობა სამორის მეუღლე რომ ვარ და მეორე: ძალიან კარგი ადამიანია. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი მიზეზი და ამ ყველაფერს პლუს – ვართ ძალიან კარგი მეგობრები. მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც ცოლ-ქმარს შეუძლია, ერთმანეთის უახლოესი მეგობრებიც იყვნენ. ჩემთვის ბევრს ნიშნავს ის, რომ სამორი ჩემი მეგობარია და მე – მისი.
– მეორე სამსახურიც გაქვს, ინტერიერის დიზაინერი ხარ. რას მოიცავს შენი სამსახური?
– ფართო სპექტრს მოიცავს. ერთი შეკვეთა შეიძლება, ტილოზე ხატვა იყოს, მეორე – იმიტაცია. მაგალითად, ადამიანს აქვს ხის მაგიდა და სურს, რომ სახლში ამ მაგიდის მსგავსი რაიმე სხვა ნივთიც ჰქონდეს. ვიწყებთ ხელით ხატვას, ან ავეჯის, ან იმ ნივთის მოხატვას, რომელიც სურთ. შემოქმედებითი საქმეა და ძალიან საინტერესოა. მათი მოთხოვნა, ძირითადად, ის არის, რომ იყოს ლამაზი და გავაკეთოთ ის, რაც მათ სურთ. მაგალითად, ერთხელ ასეთი დაკვეთა იყო: ტილოზე ამერიკის შტატების ჰოკეის გუნდების ლოგოები უნდა დაგვეხატა, უცნაური შეკვეთა კი იყო, მაგრამ იმავდროულად, ძალიან
საინტერესო და ბევრს მოსწონს.
– რას საქმიანობს სამორი?
– სამორის ბევრ სხვადასხვა ტიპის სამსახურში მოუწია მუშაობა. ახლა რამდენიმე საქმით არის დაკავებული, თუმცა ყველაზე დიდ დროს მუსიკას უთმობს. ალბომზეც მუშაობს, კლიპებსაც დებს ხოლმე. სახლში გვაქვს პატარა მუსიკალური სტუდია, სადაც სხვადასხვა ინსტრუმენტია და აკეთებს მუსიკას. გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად ბევრ სხვა რამეზეც მუშაობს. ისეთი დაკავებულია, რომ მხოლოდ კვირა დღეს ვართ ერთად.
– პატარა დემიენის მშობლები ხართ. როგორი ბიჭია?
– უკვე დიდი ბიჭია, ძალიან ცელქია და აქტიური. ძიძა კატეგორიულად არ ამიყვანია. ძიძის წინააღმდეგი კი არ ვარ, გვინდოდა, შვილი მე და სამორის გაგვეზარდა, რადგან ეს ბავშვისთვის ყველაზე კარგია. ძალიან მინდოდა, დედები დაგვხმარებოდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე მე ვზრდი. ხან სამორია ბავშვთან, ხან – მე. ბავშვის დაბადების შემდეგ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გემატება. როცა არ გყავს შვილი, შეგიძლია უფრო მეტად გაერთო. ბავშვის დაბადების შემდეგ საკუთარ თავს ამის უფლებას უკვე ნაკლებად აძლევ, თუ აძლევ, ისიც – შეზღუდულად.
– ბავშვის ფოტოებს სოციალურ ქსელში არასდროს დებ.
– ჩემი შვილის ფოტოებს არ ვმალავ, ჩემს ყველა მეგობარს, ახლობელს ვუგზავნი. „სკაიპში“, „ვაიბერშიც“ ხშირად მირეკავენ და ყველას ჰყავს დემიენი ნანახი. სოციალურ ქსელში ჩემი შვილის ასობით ფოტოს დადება საჭიროდ არ მიმაჩნია. მეც დიდად არ ვარ ამ კუთხით აქტიური. სამორი „ფეისბუქს“ და „ინსტაგრამს“ საერთოდ არ იყენებს.
– მონათლეთ?
– ვაპირებთ, საქართველოში რომ ჩამოვალთ, მაშინ მოვნათლოთ, რადგან მომავალი ნათლიები საქართველოში არიან. დემიენს მე ქართულად ველაპარაკები, სამორი კი – რუსულად, ინგლისურადაც ვესაუბრებით. ისიც ცოტ-ცოტას ყველაფერს ამბობს.

წყარო: თბილისელები