დადგინდა, რა გავლენას ახდენს იუმორის გრძნობა კარიერულ წინსვლაზე

  • imedinews.ge
  • 14 მარტი 18:32

ახალი კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ იუმორი კაცებს კარიერულ წინსვლაში ეხმარება, ქალებს კი, პირიქით, ხელს უშლის კიდეც.

ამის შესახებ ლაპარაკია კვლევაში, რომელიც არიზონის უნივერსიტეტის ვებგვერდსა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ჟურნალ Harvard Business Review-ში გამოქვეყნდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.


როგორც ირკვევა, საქმეში აქ გენდერული სტერეოტიპები ერთვება, რომლის მიხედვითაც, კაცი დაბადებით ლიდერია და მისი იუმორი პროფესიონალიზმზე დადებითად აისახება. ქალებს კი, რომლებიც სამსახურში ხუმრობენ ნაკლებ საქმიანი იერი აქვთ. მათ გაცილებით არასერიოზულ პროფესიონალებად მიიჩნევენ.


არიზონისა და კოლორადოს უნივერსიტეტების მკვლევრები ფიქრობენ, რომ კაცების შემთხვევაში ხუმრობა მათ პროფესიულ უნარ-ჩვევებს კიდევ უფრო ამდიდრებს, მენეჯერულ თვისებებს ეხმარება და საბოლოო ჯამში, კაცებს დაწინაურებაში, ორგანიზაციის ლიდერად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს.


მეცნიერებმა დაკვირვებისთვის ორი ზუსტად ერთნაირი ფილმი გამოიყენეს, რომლის გმირია მენეჯერი სემი. ოღონდ, ერთ ფილმში სემი ქალია, მეორეში კი კაცი. ისინი სამუშაო გარემოში იმყოფებიან და საქმესთან დაკავშირებით, პრეზენტაციას აწყობენ. მაყურებლებს მათი აბსოლუტურად იდენტური რეზიუმე დაურიგეს.


ფილმი მარტივია, ძირითადად ერთ პრეზენტაციაზეა აგებული და მაქსიმალურადაა მიახლოებული რეალობასთან. ექსპერიმენტში 300-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ნახევარმა ნახა ფილმი, რომელშიც სემი კაცია, მეორე ნაწილმა კი ქალი სემი იხილა. 


კაცი სემი უმრავლესობას მოეწონა. მაყურებლებმა თქვეს, რომ ის კარგი მენეჯერია, ამბიციური, საქმეზე ფოკუსირებული და წინ წარმატებული კარიერა აქვს. ფილმის ნახვამ, ხუმრობების თანხლებით, მისი მენეჯერული თვისებებიც კიდევ უფრო გააძლიერა და მონაწილეები კიდევ უფრო მოხიბლა.


ქალი სემისთვის კი საპირისპირო შედეგი მიიღეს. აღმოჩნდა, რომ ხუმრობების დამატებამ მისი, როგორც საქმიანი ადამიანის და ლიდერის შეფასება გაცილებით გააუარესა. მაყურებლების შეფასებით, ქალი სემი ზედმეტად არასერიოზულია, “დისფუნქციური”, საშუალო დონის თანამშრომელია და სამსახურში არაპროფესიონალურად იქცევა.


ამ ნაშრომამდე ჯერ არავის შეუსწავლია სამსახურებრივ კარიერაში გენდერის, იუმორის გრძნობის და ლიდერის თვისებების გადაკვეთა. "საფუძვლიანი კვლევა ამ მიმართულებით ჯერ არ ჩატარებულა, "- ამბობს ჯოან ჯილბერტი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კვლევის მონაწილე არ არის, მაგრამ ის სწავლობს იუმორს, კომუნიკაციას და წარმატებას.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge