აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს კანონმდებლობა რუსეთიდან ოკუპირებულ რეგიონებში შესვლასა და იქიდან რუსეთში გადასვლას კრძალავს

  • 14 მარტი 17:41

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია, რომ კანონი უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას, მაგრამ დე ფაქტო მთავრობები და რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ უფლებებს ზღუდავდნენ.

„კანონი უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას, უცხოეთში მგზავრობას, ემიგრაციასა და სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ დე ფაქტო მთავრობები და რუსეთის საოკუპაციო ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ უფლებებს ზღუდავდნენ.


იძულებით გადაადგილებული პირების, ლტოლვილების, დაბრუნების მსურველი ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად მთავრობა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა.


ქვეყნის შიგნით გადაადგილება: ქვეყნის შიგნით გადაადგილების უფლება მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული, ვინაიდან სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა შეუძლებელი იყო. ე.წ. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული დაახლოებით 300,000 პირის უმრავლესობას საკუთარ სახლებში დაბრუნების სურვილი ჰქონდა, მაგრამ კონფლიქტები პოლიტიკურად მოუგვარებელი იყო და მათთვის სათანადო უსაფრთხოება და პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და გადაადგილების თავისუფლების უფლებები უზრუნველყოფილი არ იყო.


იყო ცნობები იმის შესახებ, რომ წლის ბოლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის ე.წ. აფხაზეთში შესვლა მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან დაიშვებოდა, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. ამის გამო ე.წ. აფხაზეთში შესვლა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კიდევ უფრო შეეზღუდათ. ე.წ. სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შემოღებული მგზავრობის ნებართვები ერთადერთი დოკუმენტი იყო, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მიმართულებით გადაკვეთის შესაძლებლობას იძლეოდა.


ე.წ. აფხაზეთის ზოგიერთ მცხოვრებს, რომლებსაც ქართული პასპორტები ჰქონდათ, დე ფაქტო უშიშროების სამსახურისგან ნებართვა უნდა აეღოთ, რომ აფხაზეთსა და თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ორივე მიმართულებით გადაეკვეთათ. ქართული პასპორტების მფლობელებს გამშვები პუნქტის გავლა და აფხაზეთში შესვლა იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ შემოწმებულ მოსაწვევებს წარმოადგენდნენ. შესვლის უფლებას ეს სამსახური ყველა შემთხვევაში არ იძლეოდა, რის გამოც გარკვეულ ადგილებამდე მიღწევა შეზღუდული იყო. აგვისტოში დე ფაქტო ხელისუფლებამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ საბჭოთა პასპორტები, რომლებსაც აფხაზეთში მცხოვრები ათასობით ქართველი იყენებდა, გამშვები პუნქტების გასავლელად აღარ გამოდგებოდა, რამაც ბევრი ადგილობრივი მცხოვრები შემოსავლის წყაროს დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა. ამის შემდეგ დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. აფხაზეთში აღარ შემოუშვა ზოგიერთი ეთნიკური ქართველი, რომელიც თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე საბჭოთა პასპორტების გამოყენებით გადავიდა. დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ძალადაკარგული საბუთების მქონე პირებს აფხაზეთში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის შეტანის საშუალება ექნებოდათ, რაც მათ გადაადგილების საშუალებას მისცემდა, თუმცა გაურკვეველი დარჩა, თუ როგორ უნდა გატარებულიყო რეალობაში ეს რეგულაციები.


საქართველოს კანონმდებლობა მეზობელი ქვეყნებიდან (ანუ რუსეთიდან) ოკუპირებულ რეგიონებში შესვლასა და იქიდან რუსეთში გადასვლას კრძალავს“. - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა.