"ღარიბაშვილი, რომ დაბრუნდა ისეთივე მაშტაბის დაბრუნებას ვაპირებთ" - ჩცდ-ში ძველი პერსონაჟი ბრუნდება

  • fortuna.ge
  • 14 მარტი 16:45

12 მარტს რადიო "ფორტუნას" და თათა სადრაძის გადაცემას "არტ-FM" პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალები" სცენარისტი ქეთი დევდარიანი სტუმრობდა, რომელმაც ახალი სეზონის დეტალებზე ისაუბრა.

– ქეთი, რა სიახლეს შესთავაზებთ მაყურებელს ამ სეზონზე?


– რა თქმა უნდა, ყველა საიდუმლოს წინასწარ ვერ გავამხელ, თუმცა მაყურებელს გავახარებ და ვეტყვი, რომ ახალ სეზონზე აუცილებლად დაბრუნდება ერთ-ერთი ძველი პერსონაჟი.


– სერიალი ხშირად აკეთებს აქცენტს საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და მის ტრადიციებზე, რითაც პოზიტიურთან ერთად, მაყურებლის ნეგატიურ გამოხმაურებასაც იმსახურებს. რატომ გადაწყვიტეთ ამგვარი თემატიკის წინა პლანზე წამოწევა?


– მსგავსი სიუჟეტური ხაზით მაყურებლისთვის შეხსენება გვინდოდა, რომ საქართველო მხოლოდ თბილისი არაა. პირველი სერიები გურიას და გურულებს მიეძღვნათ, რომელთაც არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვთ, ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი სცენარზე მუშაობისას და მსახიობებს სრული იმპროვიზაციის საშუალება მივეცი. რა თქმა უნდა, სერიალს ყოველთვის ექნება ნეგატიური გამოხმაურება, რადგან მაყურებელს განსხვავებული გემოვნება აქვს და ის, რაც ერთს ღიმილს გვრის, მეორესთვის საწყენი და გამაღიზიანებელია. ასე რომ, ყველას გულს ნამდვილად ვერ მოვიგებთ. სხვათაშორის, მეგრელების ხაზის შექმნაში სწორედ მეგრელები დამეხმარნენ თავისი ისტორიებით, ლოკაციებით და მეტად სასარგებლო რჩევებით.


– მართალია, სერიალი ყოველ სეზონზე ახალი და გამორჩეულია, მაგრამ მაინც ახერხებს ერთხელ არჩეული სიუჟეტური ხაზის და პოპულარობის შენარჩუნებას, თქვენი აზრით, რა განაპირობებს მაყურებლის მუდმივ ინტერესს მის მიმართ?


– ვფიქრობ, სერიალის წარმატება ჩვენი ენთუზიაზმის დამსახურებაა, რადგან თვითონ არ ვკარგავთ ინტერესს პროექტის მიმართ.


– არის თუ არა სერია, რომელმაც ვერ გაამართლა თქვენი მოლოდინი?


– განსაკუთრებული მოლოდინი არასდროს მაქვს, რადგან ყველა სერიაზე ერთნაირად ვმუშაობ. თუმცა, აგრესიის შემცირების იმედს მაინც არ ვკარგავ.


– რამდენად ინტერესდებით მაყურებელის გამოხმაურებით სოციალურ ქსელში?


– რა თქმა უნდა, ვინტერესდები, რადგან ეს ჩამი საქმის ნაწილია.


– ყველაზე გამაღიზიანებელ კომენტარს ხომ ვერ გაიხსენებთ?


– ძალიან მაღიზიანებს, როცა უცნობები საკმაოდ თავხედურად მთხოვენ საკუთარი მცირეწლოვანი შვილის სერიალში გადაღებას. რატომღაც ბევრს არ ესმის, რომ სწორედ მსახიობების შესარჩევად ტარდება ქასთინგი, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება.


– გყავთ თუ არა გამორჩეულად საყვარელი პერსონაჟი?


– ნამდვილად ვერ გამოვარჩევ, რადგან ყველა ერთნაირად მიყვარს. სიმართლე ვთქვა, მე სერიალი მიყვარს, მას ვთვლი საკუთარ შვილად და არა ცალკეულ პერსონაჟებს.


– რატომ გადაწყვიტეთ გასული სეზონის ბოლოს მთავარი პერსონაჟების შერიგება?


– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ მათი შერიგება მაყურებლის ინტერპრეტაციაა, სიმართლე კი, მოგვიანებით გაირკვევა. თუმცა, შერიგებასაც გააჩნია, რადგან ყოველთვის არ ნიშნავს პატიებას.


– თვითონ თუ აპატიებდით ღალატს საყვარელ ადამიანს?


– ვფიქრობ, საყვარელი ადამიანი სწორედ იმით განსხვავდება დანარჩენებისგან, რომ მისთვის ყველაფრის პატიება შეიძლება.


– რა ელის სერიალს?


– უსასრულო არაფერია, ასე რომ, სერიალსაც ექნება თავისი დასასრული.


– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?


– ძალიან ბევრი საინტერესო იდეა მაქვს, თუმცა ყველაფერს დაფინანსება სჭირდება. ახლო მომავალში კიდევ ერთი სერიალის ჩაშვებას ვგეგმავთ, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ.


– გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე რამდენად გრჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის?


– რა თქმა უნდა, როცა საქმეა პრიორიტეტული, პირადი ცხორება ყოველთვის ზარალდება. ძალიან მწყდება გული, რომ საკმარის დროს ვერ ვუთმობ შვილს, რადგან მართლაც ძალიან ბევრი დრო მიაქვს სერიალზე მუშაობას.


სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge