აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: არასრულწლოვან პატიმრებს ფსიქოლოგიური მომსახურების მიღების შესაძლებლობა მიეცათ

  • 14 მარტი 15:15

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

„პენიტენციარული დაწესებულებების მონიტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს და ადამიანის უფლებების რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას, ციხეებში არსებული მდგომარეობის დამოუკიდებლად და შეუფერხებლად შესწავლის საშუალება ჰქონდა. პენიტენციარულ დაწესებულებებზე ხელი მიუწვდებოდა, აგრეთვე, სახალხო დამცველთან არსებულ პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, რომელიც დაგეგმილ და დაუგეგმავ ვიზიტებს ახორციელებდა და ვიზიტებისას ფოტოგადაღების ნებართვაც ჰქონდა.

წითელი ჯვრის კომიტეტს ციხეებსა და წინასწარი დაკავების ადგილებზე სრული წვდომა ჰქონდა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და გარკვეული წვდომა ციხეებსა და წინასწარი დაკავების ადგილებზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

2017 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ძალაში იანვარში შევიდა. ნაკლებად საშიშ პატიმრებსა და იმ პირებს, ვინც არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებებში იხდიან სასჯელს, კანონი უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას აძლევს. ასევე, იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ იუნისეფთან ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც არასრულწლოვან პატიმრებს დეკემბრისთვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წლის განმავლობაში განახლდა სასწავლო კურსები დროებითი დაკავების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც დაკავებულთა ტრავმები, მათ შორის ფოტოსურათების გადაღების მეშვეობითაც, უნდა აღერიცხათ. დროებითი დაკავების ორი დაწესებულება გარემონტდა, ხოლო ოთხ დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა“. - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შეფასებული, მათ შორის საქართველო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა ხარვეზები დარჩა.