როგორ გადაახდევინა გამოსასყიდი დოდო აბაშიძემ ციმბირელ „აბიჟნიკებს“

  • თბილისელები
  • 12 მარტი 15:35

ცნობილი მსახიობი გურამ ფირცხალავა ასეთ კურიოზს ყვებოდა: „კინოფილმ „ციმბირელი პაპის“ სცენებს ციმბირში ვიღებდით და ქალაქ ირკუტსკში ვცხოვრობდით.

ერთ საღამოს მე და დოდო აბაშიძემ ჩვენი კოლეგები და ადგილობრივები, რომლებიც გადაღებისას გავიცანით, მდიდრულ რესტორანში დავპატიჟეთ. ისე მოხდა, რომ სუფრას ახალი წევრები შემოემატნენ. მაგიდა გაფართოვდა, სუფრა განაახლეს. თამადა გია ბადრიძე იყო და მას ჩუმად ვუთხარით – ცოტა ხნით ჰაერზე გავალთ და მალე მოვალთო...


რესტორნის შესასვლელთან ახლოს ოთხი „ბაკლანი“ (ჯანიანი) ახალგაზრდა შევნიშნეთ. ისინი უზარმაზარ თუჯის ურნასთან იდგნენ და რომ დაგვინახეს, „აბიჟნიკურად“ გვითხრეს“:


– ეი, „მუჟიკებო“, ამ ურნას ხომ არ იყიდით ას მანეთადო?
იმ პერიოდში ფულის გამოძალვის ასეთი მეთოდი მოდაში იყო. ჩვენ ეს ვიცოდით და დოდომ მათ მიუგო:


– ვიყიდით, მაგრამ სახლში ახლავე წავიღებთო.
საქმე ის იყო, რომ ეს თუჯის ურნები 80-90 კილოგრამს მაინც იწონიდა. „აბიჟნიკებს“ გაეცინათ და დოდოს უთხრეს:


– წაიღე. ფული კი აქვე „დაყაჭეო“.
დოდომ თავისი გოლიათური ძალის წყალობით თუჯის ურნა მხარზე შეიგდო, ოთხეულს მიუახლოვდა, ერთ-ერთს მხარში ხელი ჩაავლო და დანარჩენ სამ გაქცეულს შესძახა:


– აქეთ „დაყაჭეთ“ გამოსასყიდი, თორემ ამ ურნას თქვენს მეგობარს თავში ჩავცხებო.
„აბიჟნიკებს“ 100 მანეთი აღმოაჩნდათ და „გამოსასყიდი“ გადაიხადეს“.

წყარო: თბილისელები