როგორ გაასუფთავებინა გია ფერაძემ ნაგვისგან ეზო ოლეგ იანკოვსკის

  • თბილისელები
  • 11 მარტი 17:35

გია ფერაძე და საბჭოთა კინოვარსკვლავი ოლეგ იანკოვსკი ძმაკაცები იყვნენ. ერთხელ გია ოლეგს პოდმოსკოვიეს აგარაკზე ეწვია სტუმრად, სადაც იანკოვსკის ახალი დამთავრებული ჰქონდა რემონტი.

სახლი უკვე ახალნაყიდი ავეჯით გაეწყო, ეზოში კი ძველი ავეჯი და ნაგვით სავსე ტომრები დაელაგებინა. ოლეგს მათ სანაგვეზე გადასაყრელად მუშებისთვის ფული ჰქონდა გადადებული, თუმცა იმით სასმელი და სურსათ-სანოვაგე იყიდა და ძმაკაცებმა საღამოს მაგრად „შეუბერეს“. მეორე დილით მუშები მოვიდნენ, მაგრამ ისევ უკან გაბრუნდნენ, რადგან ოლეგს მათთვის გადასახდელი ფული აღარ ჰქონდა, "პოსლეზე" მუშაობა კი არ უნდოდათ. არა და იმ დღეს იანკოვსკის აგარაკზე მოსკოვური ბომონდი უნდა შეკრებილიყო და ასეთ ეზოში მათი მიღება უხერხული იქნებოდა.


გამოსავალი გიამ მოძებნა: მან და ოლეგმა ძველი ავეჯი რის ვაი-ვაგლახით აგარაკის ღობეს გარეთ გაათრიეს და დაალაგეს. ნაგვიანი ტომრები კი კარადებში შეყარეს. შემდეგ გიამ უზარმაზარ ფორმატზე რუსულად დაწერა: "ანტიკვარული ავეჯი. ფასი: 5 ათასი მანეთი. მყიდველი საღამოს 10 საათზე მოვიდეს, მანამდე სახლში არ ვართ". შემდეგ ეს წარწერა ავეჯს მიაკრა. მეგობრები სახლში შებრუნდნენ და ფანჯრიდან ადევნებდნენ თვალყურს, როგორ წაიღეს ჩუმად "ანტიკვარული ავეჯი" ჯანიანმა ახალგაზრდებმა სულ რაღაც ათიოდე წუთში.

წყარო: თბილისელები