იცით, რისთვის ეძებს კაცი ცხოვრების თანამგზავრს და პარტნიორს?!

  • თბილისელები
  • 11 მარტი 12:07

მამაკაცებს ძალიან არ უყვართ, როცა ვინმე ცდილობს, შეზღუდოს მათი თავისუფლება. გარდა ამისა, ითრგუნებიან და ღიზიანდებიან, როდესაც დაუსრულებლად საყვედურობენ და მიუთითებენ.

გასაგებია, რომ არ მოგწონთ მისი ჩვევები ან ჩაის სმის მანერა, მაგრამ თუ ამას პრობლემად გადააქცევთ, მამაკაცი, უბრალოდ, გაგექცევათ.


იცით, რისთვის ეძებს კაცი ცხოვრების თანამგზავრს და პარტნიორს?! იმისათვის, რომ მის გვერდით მოეშვას და იყოს ის, ვინც არის. ანუ შეეძლოს იმ დაძაბულობისგან გათავისუფლება, რომელსაც სამსახური და დამღლელი სამუშაო უქმნის. ზოგიერთი ქალი ჯიუტად ცდილობს, ხელახლა აღზარდოს თავისი პარტნიორი. მართალია, მამაკაცი ზოგადად ექვემდებარება წვრთნას, მაგრამ საყვედურებითა და შენიშვნებით მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ თავს მოაბეზრებთ.


პრობლემა ისაა, რომ ქალები ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ წვრილმანებს. მამაკაცს ეს არ ესმის. ის ვერასოდეს გაიგებს, რა დაშავდა იმით, რომ ბუტერბროდი ტელევიზორის წინ, ფეხზე მდგარმა მიირთვა და იატაკი ნამცეცებით გაავსო. ამ დროს საყვედური კიდევ დასაშვებია, მაგრამ სკანდალის ატეხვა ნამდვილად არ ღირს. იცით, რა მოხდება? თქვენი რჩეული დისკომფორტს იგრძნობს, დაიძაბება და საბოლოოდ იმისკენ გაუწავს გული, ვინც არაფერს დაუშლის. არ გეუბნებით იმას, რომ უნდა შეაქოთ, როცა სახლს თავდაყირა დააყენებს, მაგრამ ნუ დაუშლით თავისუფლად სუნთქვას. გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები ძნელად იცვლიან ჩვეულებებს. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მის ადგილას: მოგეწონებათ, ვიღაცამ, მით უმეტეს, საყვარელმა ადამიანმა დაუსრულებლად რომ გაძლიოთ შენიშვნები და თქვენი საქციელით მუდმივად უკმაყოფილო იყოს? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მალე გაიქცევით მისგან. იყავით მშვიდი, მოღიმარი და დამთმობი. ზოგჯერ შენიშვნაც მიეცით, მაგრამ აგრესიისა და ირონიის გარეშე, მზრუნველი და ალერსიანი ტონით. ასეთი მოეწონებით!


რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ქალზე მამაკაცები, რბილად რომ ვთქვათ, გიჟდებიან. მაშინ, როცა მასზე გაცილებით ლამაზი და მომხიბვლელი ქალები შეუმჩნევლები რჩებათ. მიზიდვის საიდუმლო სულაც არ იმალება გარეგნობაში. თუ შენს შინაგან სამყაროს, შენს ინდივიდუალურობას სააშკარაოზე ვერ გამოიტან, მოდელის გარეგნობაც ვერ გიშველის.


როგორ გახდეთ სასურველი? ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველა ქალს შეუძლია. თუ ისინი საკუთარ თავს შეიყვარებენ და არავის მიბაძავენ, მამაკაცები აუცილებლად შეამჩნევენ. საინტერესო ქალი აცდუნებს მამაკაცს და არა უტვინო თოჯინა. იცხოვრეთ სისხლსავსე ცხოვრებით. აკეთეთ საქმე, რომელიც მოგწონთ. იყავით სხვებისგან განსხვავებული, თუნდაც იმით, რომ იცოდეთ საკუთარი თავის ფასი. როცა არ იწუწუნებთ, არ გექნებათ დრო სევდისთვის და მოწყენისთვის, როცა მიხვდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია და მის თითოეულ წამს უნდა გაუფრთხილდეთ, ცხოვრებაც გვერდს არ აგივლით. არის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა: თქვენი ყურადღება და სითბო უანგაროდ უნდა გასცეთ. სანაცვლოდ არაფერი მოითხოვოთ და არ დაელოდოთ, როდის მიიღებთ დივიდენდებს. მიიღებთ კიდეც, თუკი მოთმინებას და ლოდინს ისწავლით.

წყარო: თბილისელები