“ორი მამაკაცი მიყვარდა და ორივე დავკარგე, ქმართან მოვალეობის გამო ვცხოვრობ”

  • სარკე
  • 10 მარტი 15:46

არიან ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, მით უფრო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, რომლებიც მათი ბედის განმსაზღვრელია.

 შეიძლება თუ არა, გოგოს ერთდროულად უყვარდეს ორი ვაჟი და ვერც ერთს თმობდეს? ამის მაგალითი არა მხოლოდ ლიტერატურაში, ჩვენს რეალობაშიც არსებობს. სიყვარული ორი პიროვნების მიმართ განსხვავებულია – ერთი შეიძლება უფრო მგზნებარე იყოს, მეორე – მშვიდი, ერთს შეიძლება ინტერესი განაპირობებდეს, მეორეს – შინაგანი მსგავსება, ერთს შეიძლება გრძნობა გკარნახობდეს, მეორეს – გონება…


შედეგი? შინაგანი გაორება და ყოყმანი, რომელიც ქრონიკულ სახეს იღებს. ჩვენი რესპონდენტი, შუახნის ქალი, მარინა, თავის ამბავს გვიამბობს, დასკვნების გაკეთება კი მკითხველისთვის მიგვინდვია.


მარინა:


– ორი კურდღლის მდევარი რომ ვერც ერთს დაიჭერს, ეს სიბრძნე მე გამოვცადე. სანდრო ბავშვობიდან მიყვარდა. თავისუფალი, თამამი ბიჭი გახლდათ. მე ჭკვიან, მოწესრიგებულ გოგოდ ვითვლებოდი და განსხვავებულმა ნატურამ დამაინტერესა. ცოტა თავზეხელაღებულიც იყო და ამითიც მიმიზიდა. გრძნობის გამოხატვის მერიდებოდა. ჩემს შიგნით, ფარულად მიყვარდა.


– მეგობრობდით?


– თავიდან ცალკე წრე ჰყავდა. შეხვედრა გვიწევდა, მაგრამ ურთიერთობის სურვილი არ ჰქონია, არც მესალმებოდა. ამით გულს მტკენდა, თუმცა კიდევ უფრო მიზიდავდა. მოგვიანებით დავმეგობრდით. ეს შემთხვევამ განაპირობა. ერთ მომენტს შევესწარი, რომლის გამჟღავნება მისთვის არასასიკეთო იქნებოდა. არ გავთქვი, საიდუმლო შევუნახე. ამით დამაფასა და დამიმეგობრდა.


ჩემმა დაქალმა, მაკომ, მითხრა, ტყუილად არავის დაუმეგობრდება, ალბათ შენგან რაღაც უნდაო. არ მესიამოვნა ნათქვამი. მაკო არ იყო ისეთი გოგო, გესლი ჩაეწვეთებინა ჩემთვის, გულწრფელად ფიქრობდა ასე. ვერც იმას მივხვდი, რა შეიძლებოდა სანდროს ჩემგან სდომოდა. ბოლოს დავასკვენი, ალბათ საიდუმლო რომ შევინახო, ამიტომ უნდა, ახლოს ვყავდე-მეთქი, თუმცა ყოველთვის არ ვფიქრობდი ასე, ვინაიდან ამის საბაბს არ მაძლევდა. სულ რომ ასე მეფიქრა, ვერ დავუახლოვდებოდი.


– დაქალის ნათქვამი მაინც ჩაგრჩათ გულში?


– სიტყვები არ იკარგება, სადღაც მაინც რჩება, ცნობიერებაში ილექება… თუ ეჭვი შემეპარებოდა სანდროში, მაშინვე მიტივტივდებოდა მაკოს ნათქვამი და ვცდილობდი, სანდროსთან უფრო ახლო ურთიერთობაში არ შევსულიყავი.


– სანდრომ იგრძნო თქვენი სიყვარული?


– თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მასთან საუბრისას ყოველ ჯერზე ვწითლდებოდი, უნდა ეგრძნო, თუმცა მაშინ სხვა გოგოებს დასდევდა და მეც ვცდილობდი, ილუზიების ტყვეობაში არ მოვქცეულიყავი. ის იმდენად ორგანული გახდა ჩემთვის, თითქოს დამავიწყდა, რომ ცალმხრივად მიყვარდა. სხვა გოგოებთან ურთიერთობაში ვგულშემატკივრობდი და ვერ წარმოვიდგენდი, რა შეიძლებოდა დამმართნოდა, სხვისი შეყვარებული რომ გამხდარიყო.


– შედეგად რა მიიღეთ?


– რაღაც მომენტში ყველა გოგოზე მაღლა დამაყენა და ამის შემდეგ სხვა თვალით შემომხედა. ვგრძნობდი, რომ განსაკუთრებულად აღმიქვამდა, თუმცა სიყვარულში ვერ მიტყდებოდა. ჩემი ილუზია არ გეგონოთ, ამას სხვებიც ამჩნევდნენ. გაორებული ვიყავი: ერთი მხრივ, ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი, მეორე მხრივ, ვეწინააღმდეგებოდი ჩემს თავს – რომ ვუყვარდე, ხომ მეტყოდა-მეთქი.


– ზოგჯერ ბიჭებს უჭირთ სიყვარულის ახსნა გოგოსთვის, რომელიც ნამდვილად უყვართ.


– სანდროს ჰქონდა შინაგანი სიმორცხვე, რომელსაც თამამი ქცევებით მალავდა. ეს არ აძლევდა საშუალებას, ჩემთან სიყვარულზე ესაუბრა, თამამი სხვების მიმართ იყო. მის დამოკიდებულებას ირგვლივ ყველა გრძნობდა. გვჭორავდნენ კიდეც.


– თქვენს მშობლებს ალბათ არ გამოეპარებოდათ ეს, “თავზეხელაღებულ” ბიჭთან სიახლოვეს როგორ შეხვდნენ?


– უარყოფითად. დედას ჩემი გრძნობაც არ გამოპარვია, ამიტომ აშკარა გამოწვევას თავი აარიდა და ფარულად იბრძოლა. მიქებდა ახლობლის შვილს, პაპუნას, რომელიც სანდროს ანტიპოდი იყო. ერთხელ შინ მოიწვია ოჯახთან ერთად და გამაცნო. პაპუნა იყო სიმპათიური, ნაკითხი, სასიამოვნოდ მოსაუბრე, კულტურული, პერსპექტიული ბიჭი, დახვეწილი მანერებით.


მშობლებიც თბილი და ტკბილი ჰყავდა. მამამისი თანამდებობის პირი გახლდათ, მაგრამ ამას ვერ შეატყობდით – თავმდაბლობის, უშუალობის, უბრალოების განსახიერება იყო. დედა კი სულ თაფლად იღვრებოდა. ასეთ ოჯახში გაზრდილ ბიჭს, ბუნებრივია, კარგი თვისებები ექნებოდა.

წყარო: სარკე