რა მაგიური ძალა ვრცელდება ჩვენზე მობილური ტელეფონიდან და ცოლის რა საჩუქარი უბიძგებს ქმარს ღალატისკენ

  • თბილისელები
  • 6 მარტი 16:32

 მაგია, ჯადო, მინიშნება თუ ცრურწმენები, როგორც წესი, მიიჩნევა, რომ წინაპართა მიერ ყოფა-ცხოვრებაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად, საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრდა.  

მაგრამ რა ვუყოთ იმ ნივთებსა და მოვლენებს, დღეს, ანუ უდიდესი ტექნიკური მიღწევების ეპოქაში რომ იშვა?!


რა თქმა უნდა, უპირველესად, მობილური ტელეფონი გაგვახსენდა და იმის გასაგებათ, თუ რისი წინასწარმეტყველება შეუძლია ამ პატარა ნივთს, რომლის გარეშეც დღეს არსებობა წარმოუდგენელია, სათანადო სპეციალისტს, ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგს, ქალბატონ ეთერ ს-ს მივმართეთ.
– რა მინიშნებები არსებობს ტელეფონის ჩუქებასთან დაკავშირებით?


– განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტი და თავად განსაჯეთ. ვთქვათ, შეყვარებულმა აჩუქა გოგონას მობილური ტელეფონი – თუ წყვილს ჯერ კიდევ არ აქვს დარეგისტრირებული ურთიერთობა, ეს შეიძლება, მათი დაშორების მიზეზად იქცეს. არც ახალგაზრდა, გაუთხოვარი ქალისთვისაა რეკომენდებული, რომ შეყვარებულს ტელეფონი აჩუქოს – ამას ტყუილი, ღალატი და ორგულობა მოსდევს. რაც მთავარია, გათხოვილებმა არავითარ შემთხვევაში არ აჩუქოთ ქმრებს მობილური – ეს იგივეა, რომ ღალატისკენ თავად უბიძგოთ და საყვარლის გაჩენას თუ არა, „გვერდზე გაგულავებას“ მაინც მოახერხებს. თუმცა, არც ქმრისგან ნაჩუქარი მობილურია დიდად სახარბიელო ცოლისთვის – ზედმეტი ფაციფუცი, ჭორები და უაზრო ლაპარაკი გამოწერილი გაქვთ. მაგრამ, თუ მშობლებს ან შვილს მიართმევთ ასეთ ძვირფას საჩუქარს, ამ შემთხვევაში მინიშნება დადებითია: ოჯახში სიმყუდროვე და ურთიერთგაგება დაისადგურებს. საბოლოო ჯამში, ტელეფონის ჩუქება ძირითადად ცუდის ნიშანია. მაგრამ, არსებობს გამოსავალიც. ასეთ შემთხვევაში, მაღაზიაში წადით იმასთან ერთად, ვისთვისაც ტელეფონის ჩუქება გსურთ. ასე, გამოვა, რომ აჩუქეთ ფული, ის კი ამ თანხით ტელეფონს იყიდის.


რის მიხედვით შევარჩიოთ მობილური ტელეფონის ნომერი?


– ტელეფონის ნომერიც ციფრების თანმიმდევრობაა და შესაბამისად, მასზეც ვრცელდება რიცხვების მაგია. ყველას უნდა, იღბლიანი ნომერი. მინიშნებები კი ასეთია: ტელეფონის ნომერში ციფრების, 2-ისა და 1-ის შეხამება ბედნიერების, მოგებისა და გამარჯვების ნიშანია; ზოგ ქვეყნებში, უფრო აზიაში, მაგალითად, თუ ტელეფონის ნომერში ციფრი 8 ურევია, ეს გამდიდრების ნიშანია, ხოლო ზოგან – 7-ია ბედნიერების მომტანი. გირჩევთ, ასევე, აიღოთ ჰარმონიული წყობის ციფრები, ანუ, სადაც ციფრები მეორდება. თუმცა, ბევრი ცუდის მომასწავებლად მიიჩნევს რამდენიმე სამიანის კომბინაციას. ყველაზე ცუდი მინიშნება კი, 0-ზე დამთავრებულ ნომერს უკავშირდება, რომელსაც პატრონისთვის მოაქვს: ფულის დაკარგვა, ფინანსური ხარჯები, სიცარიელე და მარტოობა.


– ძალიან ხშირია ტელეფონის დაკარგვისა და პოვნის შემთხვევაც...


ტელეფონის პოვნასთან დაკავშირებით მინიშნება ერთმნიშვნელოვანი არ არის. როგორც ნებისმიერ სხვა საგანზე, მობილურზეც შეიძლება, ჯადოსა თუ სხვა მაგიური რიტუალის ჩატარება, გათვალვა, შელოცვა-გამოლოცვა. ჰოდა, თუ ნაპოვნი ტელეფონი ნეგატიური მაგიის ზეგავლენის ქვეშაა, მაშინ ძველი პატრონის ყველა უბედურება ახალზე გადავა. განსაკუთრებით სახიფათოა მისი გზაჯვარედინზე პოვნა. ამავე მიზეზით არ არის რეკომენდებული გამონაცვალი ტელეფონის ყიდვა. უმჯობესია, ბევრად ძვირი მისცეთ და „სუფთა“ იყოს. თუმცა, ეს მინიშნებები ეხება ტელეფონს ჩასადების (შალითის) გარეშე. თუ გაგიმართლათ და „ჩაცმული“ ტელეფონი იპოვეთ, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებთ, აუცილებლად გამოგივათ: პრობლემები მოგვარდება, დაკარგულ ფულსა და ნივთებს დაიბრუნებთ, მარტოხელა ადამიანი კი თავის მეორე ნახევარს შეხვდება.


 

წყარო: თბილისელები