როდის გაურბოდა კონსტანტინე გამსახურდია ქალებთან სიახლოვეს და რომელი ნოველის წერისას ტიროდა ის

  • თბილისელები
  • 6 მარტი 14:30

ჩვენ ხომ ყველას ერთნაირად გვაინტერესებს, როგორ მუშაობდა, თუნდაც, გალაკტიონი და ნებისმიერი ჩვენი კლასიკოსი, როგორ იქმნებოდა ქართული ლიტერატურა, რომელთა თარგმანებმაც ბოლო დროს მსოფლიო აალაპარაკა.

ეს ხომ კონსტანტინეა, რომელიც მაგალითად, „დიონისოს ღიმილის“ ტიპებს, სახეებსა და პასაჟებს მრავალი წლის განმავლობაში თან ატარებდა, მის ცალკეულ ფრაგმენტებს სხვადასხვა დროს იწერდა, მაგრამ თავისი აბობოქრებული ახალგაზრდული ცხოვრების კორიანტელში დაკარგა. თუ როგორ, ამაზე თავად მწერალი გიამბობთ.
„… ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი ჩემი სიჭაბუკის მანძილზე, ეს იყო სამხედრო. 1918-19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და, პრუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა, მაგრამ, ეს მაგრამ ძალიან ძლიერი იყო – რომანოვების არმიაში ხომ არ შევიდოდი? ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მე უკვე საკმაოდ მოწიფული ვიყავი და შეგირდობას ვეღარ შევძლებდი. 1923 წელს ისევ მომიარა სიჭაბუკის ოცნებამ პარიზში და ლამის იყო სანსირის სამხედრო აკადემიაში არ შევედი. მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა… სამხედრო კარიერისადმი სიყვარული არც ბარათაშვილს ჩაუნერგია ჩემთვის და არც ლორდ ბაირონს, ოდითგანვე ცხენის კულტი იყო ოდიშის მხარეში. ექვსი წლის ბავშვს განსვენებული მამაჩემი უბელო ცხენზე შემაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა. ბოლოს შევეთვისე ცხენს. მერე, ის იყო, ისევ მწერლობას დავუბრუნდი… 1924 წელს ძლიერ მომაწვა შემოქმედების დარდი. ერთი თავი ჟურნალ კავკასიონში გამოვაქვეყნე. იმავე თვეში ჟურნალი შეწყდა. არც გამომცემელი მყავდა, არცა ფული მქონდა. საქართველოს პოლიგრაფტრესტი მენდო. მთელი რომანი 9 თვის განმავლობაში ვუკარნახე სტამბას. ხანდახან სადილის ფულიც არ მქონდა. ღამეებს ვათევდი, ზოგიერთი თავი მონოლითურად ჩამოისხმებოდა ხოლმე, ამან გამათამამა… იოსებ ნიკოლაძემ მითხრა ერთხელ: ეჰ, რა გიშავთ პოეტებს, არც ატელიე გჭირდებათ, არც მოლბერტი, ფანქარი და ქაღალდი თუ გექნათ, ხეზეც რომ ჩამოჯდეთ, კარგად დასწერთო. საქმე არც ისე მარტივია. მე შუშის ნატეხით წანათალი ფანქრითაც მიწერია, მაგრამ კომფორტი აადვილებს შრომას. წერის დროს უთუოდ კარგი თუთუნი უნდა მექნეს (განუზომლად ბევრსა ვწევ). კარგ სავარძელში, ჩემს სავარძელში უნდა ვიჯდე. ფანქრით მოკითხვის ბარათსაც ვერ დავწერ. რამდენიმე ავტოკალამი მაქვს საუკეთესო ფირმისა. ესენია ჩემი მეწინავე ალამდარები. ფოლადის კალმების მთელი ლაშქარი მაქვს სამარქაფოდ შემონახული. ისეთი მაგარი ხელი მაქვს, ფოლადის კალმები სულ იოლად შემომაკვდებიან ხოლმე. ზოგი უცებ დაკოჭლდება, ზოგიერთი კარგად მომერგება ხელზე, ზოგიც რეგვენია, წრიპინა, ჩხიკინა, ჯიუტი და გაურანდავი. ზოგიც გამაგულისებს და მივლეწავ. სხვამ თუ ჩემი სამუშაო კალამი იხმარა, მე იმას ხელს არ ვახლებ. ქაღალდიდან ამდგარი ბეწვი თუ მოადგა კალამს, მომკალით. ცუდი ქაღალდი ხელშესახებადაც მძაგს. ამიტომ წიგნებისა და გაზეთების ხელით ტარება არ შემიძლია, გადანაწერს კონტროლს ვუკეთებ მრავალგზის… კიდევ ერთი დეტალიც: ნაწერი, გადანაწერი, გადანაბეჭდი სხვადასხვა რიგად მეჩვენება. ამიტომაც, როცა რომელიმე სტამბაში ჩემი იწყობა ან იბეჭდება, იქ ყოფნას არაფერი მირჩევნია.

წყარო: თბილისელები