რაში იყენებდა გრძნეული კოლხი მედეა დაფნას და რატომ იმკობდნენ თავს ოლიმპოს ღმერთები როზმარინის გვირგვინებით

  • თბილისელები
  • 5 მარტი 18:06

ინტერესი მაგიისა და ჯადოქრობის მიმართ, ალბათ, იმ დღიდან გაჩნდა, სულ პატარამ დედისა თუ ბებიის მოყოლილი პირველი ზღაპარი რომ მოვისმინეთ.

თითოეული თავისებურად აღიქვამს მოსმენილს. დღეს კი ორ მაგიურ მცენარეს შევეხებით, რომელთაც სასწაულმოქმედი თვისებების მიხედვით, ბევრი რამ აქვს საერთო. დაფნა და როზმარინი – ორივე მარადმწვანეა და ხმელთაშუაზღვისპირეთიდან მოდის; ორივეს უძველესი დროიდან ოლიმპოს მთაზე ღმერთები გვირგვინად იყენებდნენ და რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს, როგორც წარმატების სიმბოლოს, ათასგვარ სამკურნალო თვისებასთან ერთად, უამრავი ხალხური გადმოცემა, მინიშნება და ცრურწმენა უკავშირდება. სწორედ მათ შესახებ მოგვითხრობს ეზოთერიკოსი, ბატონი ოთარ გ.
– დაფნის გვირგვინით შემკული იმპერატორთა გამოსახულება, ალბათ, ყველას უნახავს, მაგრამ როზმარინზე არაფერი მსმენია...
– დაფნა ნამდვილად არ არის უცხო ჩვენთვის – ის კი არადა, ჩვენი კოლხი გრძნეული დედოფალი მედეაც კი, ახარებდა თურმე თავის ბაღში და სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. რაც შეეხება იმპერატორებს, რადგან დაფნა უკვდავების, ტრიუმფის, ბრძოლებისა და ათლეტთა პაექრობაში გამარჯვების სიმბოლო გახლდათ, სხვას აბა, ვის უნდა დაედგა თავზე, თუ არა ძველ ბერძენ და რომაელ ერთპიროვნულ მმართველებს. რაც მთავარია, დარწმუნებული იყვნენ რა მცენარის მაგიურობაში, მას უმნიშვნელოვანეს რიტუალებში იყენებდნენ ბედნიერებისა და წარმატების მოსაპოვებლად. დაფნის გვირგვინი აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ, ასევე, თვით ხელოვნების მფარველი, ბერძნული მითოლოგიის გმირის, აპოლონისა. თუმცა, დაფნას სიმბოლური მნიშვნელობა დღესაც არ დაუკარგავს და როგორც სისუფთავის, მიზანდასახულობისა, ტრიუმფისა და უკვდავების სიმბოლოს, ხშირად მიმართავენ სურვილის ასასრულებლად.
– კერძოდ, რა სურვილებს უთქვამენ დაფნას და რა ფორმით გამოხატავენ ამას?
– შეგიძლიათ, დაფნის ფოთოლზე დაწეროთ თქვენი სურვილი და შემდეგ ცეცხლში დაწვათ – ჩანაფიქრი დროთა განმავლობაში აგისრულდებათ. ოჯახს ავადმყოფობისგან დაიცავთ, თუ თითო დაფნის ფოთოლს ოთახის ოთხივე კუთხეში დააყრით, ხოლო უსიამოვნებასა და უბედურ შემთხვევას აგარიდებთ, დაფნის ერთი ფოთოლიც კი, თუ სულ თან ატარებთ. პოზიტივის მოსაზიდად, ჯერ ხელებში გაათბეთ დაფნის ფოთოლი, ისე, რომ კარგად შეიგრძნოთ მისი არომატი და შემდეგ ხმამაღლა წარმოთქვით თქვენი თხოვნა. სასიამოვნო სიზმრებს ნახავთ, თუ ბალიშის ქვეშ დაიდებთ. მისი არომატი, დაღლილობას მოგიხსნით და სპორტული დატვირთვისას კი, ძალას შეგმატებთ. რაც შეეხება, ოჯახის გაძლიერებასა და წარმატებას, სახლის შესასვლელში დაფენილი ფარდაგის ქვეშ დადეთ დაფნის ფოთლები ჯვრის ფორმით და თვეში ერთხელ აუცილებლად გამოცვალეთ. ოჯახი წინ წავა და ყველაფერში გაგიმართლებთ. არც მომავალ ოჯახს მოაკლდება ბედნიერება, თუ ქორწილის წინა ღამეს, წყვილის ფეხსაცმელში დაფნის ფოთლებს ჩააფენთ. ოღონდ, დილით არ დაგავიწყდეთ მისი ამოღება, თან მცენარესაც მადლობა გადაუხადეთ დახმარებისთვის. სახლში მცხოვრებთაგან ყველა წარმატებული იქნება, თუ წითელ ძაფზე ასხმულ დაფნის ხუთ ფოთოლს დაკიდებთ შესასვლელ კარზე. ჩვილს ავი თვალისა და ბოროტისგან დაიცავს დაფნის რტო, რომელიც პატარას საწოლის თავთან უნდა დაუკიდოთ. ოჯახში ბარაქისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კი, აიღეთ ერთი დაფნის ფოთოლი, დააწვეთეთ ზედ ფორთოხლის ეთერზეთი და იმ ადგილას მოათავსეთ, სადაც ფულს ინახავთ – მალე ის აუცილებლად მოიზიდავს იმდენ თანხას, რომ დანაზოგი, სულ მცირე, გაორმაგდეს მაინც.

წყარო: თბილისელები