,,ცხრა თვის ორსული მეორე სართულიდან გადმოვვარდი”

  • სარკე
  • 5 მარტი 17:49

მანანა ხორბალაძე თავისი ცხოვრების საოცარ ისტორიას კიდევ ერთხელ აზიარებს საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

,,თითქმის ცხრა თვის ორსული ბებიის სახლის მეორე სართულიდან გადმოვვარდი. ჰაერში დავიკივლე, რასაც ჩემი მეუღლის განწირული ყვირილიც შეუერთდა. სასწრაფოდ გამაქანეს სამშობიარო სახლში. გზაში მხოლოდ ჩემი შვილის გადარჩენას ვთხოვდი უფალს. საოპერაციოში ექიმის ნათქვამმა შემძრა – ბავშვი ცოცხალი აღარ არის, დედა გადავარჩინოთო.


ტკივილმა და მწუხარებამ ერთდროულად დაისადგურა ჩემს სულში. შემდეგ ჩამოწვა წყვდიადი, მივრბოდი ბნელ გვირაბში, რომელსაც დასასრული არ უჩანდა. უეცრად ჩამესმა ხმა:  ,,მანანა, გაიღვიძე, იცი, რომ ბიჭი გყავს, დიდი და ლამაზი ბიჭი, ძლივს გადაგარჩინეთ ორივე”.


მიჭირდა ანესთეზიის შემდეგ გონს მოსვლა, მაგრამ ამ სიტყვებმა გამომაფხიზლა ,გავიფიქრე, ღმერთო, ნუთუ ჩემი შვილი გადარჩა. ექიმმა ბავშვი მომიყვანა, ჩემი პირველი პირმშო. ენით გამოუთქმელმა გრძნობამ დამიარა. ეს დედობა იყო. დედობა, რომელიც ამქვეყნად ყველაზე საამაყო და საპატიო მოვალეობაა ქალისთვის.


ჩემო სიცოცხლე, მას შემდეგ 41 წელი გავიდა, მე კი დღესაც ამაყი ვარ, რადგან შენ ჩემი შვილი ხარ. გილოცავ დაბადების დღეს, იხარე ჩვენი ცხონებისთვის შობილ ქრისტეში, შენს ლამაზ ოჯახთან ერთად”.

წყარო: სარკე