რატომ აღარ უნდა ეხებოდეს დედა შვილს ორი წლის ასაკიდან ინტიმურ ადგილებზე?

  • თბილისელები
  • 26 თებერვალი 13:26

თამარ ედიბერიძე (ბავშვთა ნევროლოგი): თუ წლების წინ კვლევები აჩვენებდა, რომ ყოველი მეხუთე, შემდეგ კი - ყოველი მესამე ადამიანი შეიძლება, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა აქტიური ძალადობის მსხვერპლი, თანდათან ეს მაჩვენებელი 50 პროცენტამდე გაიზარდა და დღეს უკვე როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოშიც, ოთხმოც პროცენტს მიაღწია.

ანუ, ადამიანების ოთხმოცი პროცენტი ერთხელ მაინც გამხდარა ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. დანარჩენი ოცი პროცენტი სარწმუნო არაა, რადგან ჯერჯერობით ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ძალადობის აღიარებას დიდი ვაჟკაცობა სჭირდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით მეტია.


– მშობიარობის პროცესიც დიდ სტრესთანაა დაკავშირებული.


– ორსულებში ძალიან დიდია საკეისრო კვეთისადმი ლტოლვა სამშობიარო სტრესის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ თუ ამას სამედიცინო საჭიროება რეალურად არ მოითხოვს, ბუნებრივ მშობიარობას ალტერნატივა არ აქვს - ის უფრო ნაკლები სტრესია ნაყოფისთვის, ვიდრე საკეისრო კვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, შეიძლება, პირიქით ჩანს. ბუნებრივი მშობიარობა დროში უფრო გახანგრძლივებულია, დედის ტკივილის დონეც სტრესის ხარისხს ზრდის, მაგრამ ზუსტად ის ფაქტი, რომ ბავშვი ერთბაშად, რამდენიმე წუთში კი არ მოევლინება ქვეყანას, არამედ შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწევს ბრძოლა და თვითონ მონაწილეობს ამ პროცესში, ეს მის ნერვულ სისტემასა და ადაპტურ მექანიზმებს ავარჯიშებს. ამიტომ, დამატებითი რისკის არარსებობის შემთხვევაში, უბრალო სურვილის გამო არჩეული საკეისრო კვეთა, ბავშვის უფლებების შელახვაა და ის ამ თვალსაზრისით ბავშვზე ძალადობად შეგვიძლია, მივიჩნიოთ.


– რა ხდება არასასურველი ორსულობის შემთხვევაში?


– როცა ბავშვი არასასურველია, ეს ნიშნავს, რომ დედისთვის ორსულობასთან დაკავშირებული ყველა შეგრძნება, მათ შორის, საკუთარი სხეულის დანახვაც, ორმაგი სტრესია. რაც უფრო ახლოვდება ნაყოფის დაბადების პერიოდი, სტრესი მატულობს, რადგან ქვეცნობიერად, დედა მისთვის ძალიან არასასურველი სტატუსის მისაღებად ემზადება. თუ დედამ არასასურველი ბავშვი არ დატოვა და თავად ზრდის, ბავშვთან ნებისმიერი ტიპის პროცედურას მაინც უარყოფითი ფონი ექნება. დედა ნებსით თუ უნებლიეთ, ფიქრობს, რომ ამ ბავშვის გარეშე მისი ცხოვრება უფრო იოლი იქნებოდა. შეუძლებელია, ამან გავლენა არ იქონიოს დედა-შვილის ურთიერთობასა და ბავშვის განწყობაზე. ბავშვი ძლიერაა დამოკიდებული დედის ჯანსაღ ფსიქიკაზე და არაჩვეულებრივად გრძნობს სხეულის ენას. შესაბამისად, ის აცნობიერებს, რომ არასასურველი ბავშვია. შეიძლება, ამას სახელი ვერ დაარქვას, მაგრამ იმას, რომ დედას მასთან ყოფნა არ უხარია, კარგად ხვდება და უდიდეს ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებს. ასეთი ბავშვი იზრდება უფრო აგზნებული, ჭირვეული, ფიცხი ხასიათისა და ნაკლებტოლერანტული. დიდწილად, თავადაც მოძალადე ხდება, რადგან ძალადობის მსხვერპლი ბავშვი პოტენციური მოძალადეა.


– როცა ბავშვს უჭირს ბაღთან, სკოლასთან შეგუება, არ უნდა იმ საკვებისა თუ წამლის მიღება, რაც მისთვის აუციელებლია და ამ დროს მშობელს ძალის გამოყენება უწევს, ესეც ძალადობაა? როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მშობელი?


– თუ ბავშვი მიჩვეულია, რომ მოითხოვა რაღაც ნივთი, ჯერ უარი ვუთხარით, მაგრამ მერე ცოტა ხმამაღლა იტირა, ფეხები დააბაკუნა ან იატაკზე გაწვა და ამას დავნებდით - ვითომ დავზოგეთ ბავშვი და არ ვატირეთ. მაგრამ, რეალურად, ძალიან ცუდი მაგალითი მივეცით იმისთვის, თუ როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს და ის ნებისმიერ მომენტში შეეცდება ამ იარაღის გამოყენებას. თუ არ უნდა წამლის დალევა და იცის, რომ ტირილით ბევრჯერ მიაღწია მიზანს, ელოდება, ახლაც რომ იტირებს, წამალს აღარ დაალევინებენ. მაგრამ, როცა ასე არ ხდება, ვეღარ იგებს - თუ გუშინ მამიკოს ბლოკნოტი მიიღო ტირილის შემდეგ, ლარნაკსა და მაკრატელზეც არ უთხრეს უარი, ახლა ამ წამალთან მიმართებაში, რატომ არ მუშაობს ეს ტირილი და რატომ არის მთელი ოჯახი მობილიზებული, რომ ხელ-ფეხი გაუკაონ და ისე დაალევინონ?! ასე რომ, ჩვენი შეცდომების ხარჯზე ხდება წამლის დალევა ძალადობა.


რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ბავშვი იქ საყვარელი ადამიანების გარეშე უნდა იყოს, რაც თავისთავად სტრესია. ამიტომ, ამისთვის მომზადებაა საჭირო. პატარას პოზიტიურად უნდა დაუხატოთ ბაღი და არ შეიძლება, მსგავსი ფრაზები მოვასმენინოთ: "ვაიმე, როდის დაიწყება ბაღი, მივიყვან და ცოტას დავისვენებ“, „ეს რომ ბაღში იქნება, რამდენ რამეს მოვასწრებ" და ასე შემდეგ. თუ ბავშვმა ასეთ საუბარს მოჰკრა ყური, დააფიქსირა განწყობა, რომ ერთი სული აქვთ, როდის წავა ბაღში, ამას სახლიდან გაგდებად აღიქვამს. ამიტომ, ბუნებრივია, ბაღში ყოფნას აპროტესტებს. თუ იმ აზრს შევაჩვევთ, რომ ბაღში მეტი სათამაშოა, უამრავი მეგობარი, მამიკო რომ სამსახურში დადის, მის მსგავსად, მასაც თავის სამსახური ექნება და სიმბოლურად თვის ბოლოს "ხელფასსაც" მიიღებს - ზოოპარკში წავიყვანთ, სათამაშოს ვუყიდით, ეს უკვე ძალადობა კი არა, მისთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი გახდება.


– ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა სექსუალურ ძალადობაზე საუბარი, რა არის ამის მიზეზი?


– ძალიან მტკივნეული და ყველაზე მეტად რასაც მალავენ, სექსუალური ძალადობაა. ორი წლის ასაკიდან ბავშვის ინტიმური ჰიგიენა, მაქსიმალურად დამოუკიდებელი უნდა გახადოთ. მეთვალყურეობა, კი ბატონო, მაგრამ ბავშვმა ინტიმური უბნები თავად უნდა დაიბანოს. მშობლის ხელიც კი არ უნდა ეხებოდეს ზედმეტად მის გენიტალიებს. ეს ძალიან ბუნებრივად უნდა გააკეთოთ და ნორმად აქციოთ. სამი წლიდან, როცა უკვე სქესის იდენტიფიცირება ხდება, საცვლების გარეშე სიარული აღარ უნდა წავახალისოთ, თუნდაც ოჯახის წევრების გარემოცვაში. გოგო და ბიჭი ერთად არ უნდა შევიყვანოთ ტუალეტში. ამ ასაკში ბავშვმა უკვე ბუნებრივად უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ინტიმური პროცესი. სამი წლის ასაკიდან თამაშით შეიძლება, განუმარტოთ ბავშვებს, რომ უცხო ადამიანი არანაირი არგუმენტით არ უნდა შეეხოს მის ინტიმურ ადგილებს, სადაც დედაც კი არ ეხება, თუ გამოუვალი სიტუაცია არაა. კვლევებმა აჩვენა, რომ ამის გაცნობიერება ბევრ საფრთხეს აგვარიდებდა. ამას დრამატიზება და ბავშვის დაშინება არ სჭირდება, უბრალოდ, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ეს ცუდია ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში. თუ ეს გაცნობიერებული ექნება და ვინმე მის მიმართ არაჯანსაღ ინტერესს გამოამჟღავნებს, ბავშვი არ ჩათვლის, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ტირილით თუ სხვა გზით გამოხატავს პროტესტს, რაც ძალიან ხშირად ძალადობის პრევენციის საშუალებაა.

წყარო: თბილისელები