"27 წლის სიცოცხლით სავსე გოგო კონსულტაციაზე მივიდა და ბოლო სტადიის კიბო დაუდგინდა"

  • რეზონანსი
  • 21 თებერვალი 11:32

"დედების ფონდის" დახმარებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ახალგაზრდა ქალბატონის ვანდა ძინძიბაძის ავადმყოფობის შესახებ.

მისი ეკლესიური სახელი ბარბარეა და ბევრს სწორედ ამ სახელით ახსოვს მძიმე დაავადების წინააღმდეგ მებრძოლი სამი შვილის დედა, რომელსაც გვერდიდან არ სცილდებოდა მეუღლე, მამა პანტელეიმონი.


როგორც ცნობილი გახდა, ბარბარე დღეს გარდაიცვალა. სამწუხარო ამბის შესახებ ინფორმაცია მამა პანტელეიმონის სოციალური ქსელიდან გავრცელდა, სადაც მას მეუღლის გარდაცვალებას უსამძიმრებენ.


27 წლის სიცოცხლით სავსე, ენერგიული ახალგაზრდა ქალი თავიდან რევმატოლოგთან კონსულტაციაზე ხელის ტკივილების ჩივილით მივიდა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ხერხემალზე მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს.


ბარბარეს ძვირადღირებული წამლები და თურქეთში სამკურნალოდ წასვლა სჭირდებოდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ამას ვერ ახერხებდნენ. დიდი ძალისხმევისა და საზოგადოების მხარდაჭერის მიუხედავად, ბარბარე მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. იგი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო: რეზონანსი