“სექსზე მხოლოდ ლაპარაკობენ, თორემ პროცესი არ აქვთ… ზოგს მართლა ღორეშიდან ჩამოსული ვგონივარ”

  • სარკე
  • 17 თებერვალი 19:33

როგორია ცხოვრება სცენაზე და სცენის მიღმა, რას თვლის მისი ასაკის ქართველი ქალების დრამატიზმის მიზეზად – ამ თემებზე ქეთი ჩხეიძეს სპექტაკლ “ქალების” დამთავრების შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში გავესაუბრეთ.

– ქალბატონო ქეთი, დიდი მადლობა იმისთვის, რაც თქვენ და თქვენმა კოლეგებმა ამ სპექტაკლით მოგვანიჭეთ მაყურებელს. ორი სიტყვით გვიამბეთ თქვენს როლზე.


– სპექტაკლ “ქალებში” იმისგან განსხვავებული როლი მაქვს, რაც ფართო საზოგადოებას ჩემი მონაწილეობით აქვს ნანახი. “ქალებში” ვარ თანამედროვე ქართველი ქალი, ცოტა ალკოჰოლის მოყვარული, ცოტა ხუმარა. ცხოვრებაში მგავს კიდეც ჩემი პერსონაჟი. სპექტაკლი მსუბუქი საყურებელია, სახალისო, მაგრამ ბევრი ისეთი ცხოვრებისეული ნიუანსია, მაყურებელს დააფიქრებს.


– “ქალების” გარდა ამჟამად კიდევ ერთ სპექტაკლში ხართ დაკავებული, რომელიც, როგორც ვიცი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის.


– “თეთრი იასამანი” არის სპექტაკლი, რომელიც დედაჩემის და გიზო ჟორდანიას დაწერილი პიესის მიხედვით დაიდგა. ის, ფაქტობრივად, ჩემი ოჯახის ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს. 1930-იანი წლებია, გადასახლება, საბჭოთა რეპრესიები.


იმ პერიოდში დედაჩემის მშობლები დააპატიმრეს. დედა თვეებისა დარჩა და წლების განმავლობაში ბიძის ოჯახში იზრდებოდა. როცა ბებიაჩემი პატიმრობიდან დაბრუნდა, ბავშვმა არ იცოდა, დედა ვინ იყო, მაგრამ მისადმი განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა. გამზრდელმა ბიცოლამ, რომელსაც დედაჩემი უკვე ოფიციალურად შვილად ჰყავდა აღიარებული, ბავშვი დედას  დაუბრუნა. ის იყო საოცრად დიდსულოვანი ადამიანი.


წლების შემდეგ ბაბუაც გაათავისუფლეს, ის კარგი ექიმი იყო. კოლონიის უფროსის შვილი თურმე მძიმედ იყო ავად, ბავშვის მამამ პირობა მისცა ბაბუაჩემს, თუ შვილს გადამირჩენ, გათავისუფლებაში დაგეხმარებიო და სიტყვა შეასრულა. მოკლედ, გრძელი და დრამატული ისტორიაა. ეს სპექტაკლი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მახსენებს, ვისი შთამომავალი ვარ. ზოგ მაყურებელს მართლა ღორეშიდან ჩამოსული ვგონივარ.


– გაქვთ თქვენს მაყურებელთან ურთიერთობა, შეხვედრები?


– არა. დღეს ჩვენს ქვეყანაში სიდუხჭირის გამო შესაძლებლობები შეზღუდულია. წინათ ასე არ იყო. მახსოვს, რუსთაველის თეატრში რომ ვმუშაობდი, ავტობუსში შეგვყრიდნენ ახალგაზრდებს და ორი-სამი თვე გასტროლებზე დავდიოდით, მთელ საქართველოს მოვივლიდით ხოლმე. მაშინ მაყურებელთან კომუნიკაციაც იყო. ახლა ასე აღარ ხდება. გასტროლებზე რომ წაიყვანო მსახიობები, სასტუმროში უნდა დააბინაო, აჭამო, მიხედო. ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. ხალხი თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი. მაშინ ბილეთი მანეთი ღირდა.


იმ დროს არ მივტირი, მაგრამ ასე იყო-მეთქი, ვამბობ. ადამიანი, რომელიც რაიონში ცხოვრობდა, მოწყვეტილი არ უნდა ყოფილიყო არც თეატრს, არც კინოს. რითი იზრდება მაყურებელი? დადის თეატრში, გამოფენებზე, წიგნს კითხულობს. დღევანდელი ადამიანი კი კომპიუტერზე არის მიჯაჭვული, დაცლილი სულიერი საზრდოსგან. თუ ასე გაგრძელდა, დავიღუპებით.


– მსახიობების ძირითადი საწუხარი არის ის, რომ ხშირად არ ეძლევათ სცენაზე გამოსვლის შესაძლებლობა. თქვენ თუ გაქვთ ბედნიერება ხშირად თამაშის?


– მეც მუდმივად არ ვარ დაკავებული, თვეში ხან ერთხელ, ხან ორჯერ მაქვს სპექტაკლები. გადაღება როცაა, ის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან მორალურად სავსე ვარ, რომ რაღაცაში და ვიღაცისთვის საჭირო ვარ.


სპექტაკლის შემდეგ დიდხანს მიმყვება ხოლმე ეს ემოცია: დგახარ სცენაზე, მაყურებელი ტაშს გიკრავს, კმაყოფილია იმით, რაც შესთავაზე. ჩვენს საქმეში ფული არ არის, არის მარტო ეს, მაგრამ “ეს” ყოველთვის ფულზე მეტია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა.

წყარო: სარკე