ხევსურთა დაუჯერებელი ტრადიციები

  • თბილისელები
  • 15 თებერვალი 16:16

ქართველებმა წინაპრებისგან ბევრი ტრადიცია შემოვინახეთ. ბევრიც ისეთი წეს-ჩვეულება მიეცა დავიწყებას, დღეს შეიძლება ვერც დავიჯეროთ, რომ ოდესმე ქართველთა ცხოვრების წესი ასეთი იყო.

დიდი ქართველი მწერალი, ვაჟა-ფშაველა თავის წერილებში მთიელთა წეს-ჩვეულებებს ხშირად მოიხსენიებდა. როგორ ქორწინდებოდნენ ხევსურები? ვაჟას თუ დავესესხებით (წერილები: „ხევსურები”, „ხევსურული ქორწილი”), მათი ქორწინების წესი საკვირველი იყო, რადგან, თანამედროვე ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, ხევსურს ცოლი გამოსაცდელი ვადით მოჰყავდა.


„ხევსურების ჩვეულება ცოლის შერთვის შესახებ უფრო საკვირველია, ვიდრე ფშაველების წაწლობა. ვთქვათ, მოეწონა ხევსურს ქალი და უნდა მისი ცოლად შერთვა: ის გამოუცხადებს ქალს თავის სურვილს და თუ ქალიც დასთანხმდა, წამოიყვანს თავის სახლში. ჯვარისწერა ხევსურისათვის საჭირო არ არის. ქალი რჩება საქმროს ოჯახში ერთი წელი. ხევსური ერთს წელიწადს ინახავს ცოლს, ადევნებს თვალს, წვება კიდეც მასთან, მაგრამ „საშვილოდ“ არა. ადევნებს თვალს, ქალი როგორ იქცევა სახლში, არის ნამუსიანი თუ არა. როდესაც დარწმუნდება, რომ დედაკაცი იმას მეუღლედ გამოადგება, მაშინ გამოუცხადებს ქმრობის სურვილს და შეინახავს და შვილსაც იყოლიებს. თუ ერთი ჭკუაში არ მოუვიდა, გააგდებს და ახლა სხვას მოძებნის მის მაგიერად”.


ძველი ხევსურები ბავშვებს ძალიან ათამამებდნენ


„ხევსური თავის შვილს სიყრმიდანვე სითამამეს, სიამაყეს აჩვევს; მამა თავის დღეში პატარა შვილს ხელს არ დააკარებს, არა სცემს; გაუბამს საუბარს, როგორც დიდს კაცს, მოისმენს იმისგანაც პასუხს და მსჯელობას, როგორც დარბაისელ, გამოცდილ კაცისაგან. როდესაც ბალღი სახლში შედის და იქ თუნდ ორმოცი დროული მოხუცებული კაციც იყოს, ყველანი მაშინვე ფეხზე აუდგებიან და მიესალმებიან: მოხვედი მშვიდობითაო! (სახელი) – დასხედით, დასხედით, თქვენც დამხვდით მშვიდობითაო.


ბალღები თავიდანვე, წინასწრობით თამამდებიან; იმათ ბალღობაშივე ებადებათ თავში აზრი, რომ ვითომც დიდები არიან, ჰბაძავენ დიდებს უფრო ყალივნის წევაში, ვიდრე სხვაში რაშიმე. 10-12 წლის ხევსურს შეჰხვდებით, რომელსაც ღილ-მძივებით მორთული სათამბაქო ჰკიდია და თითბრის ან რკინის „ყალიონს”, ჩიბუხს ჰსუტავს.”


წყარო: „ვაჟა-ფშაველა”, ტომი მე-7, ალ. აბაშელის რედაქტ.,. „ეთნოგრაფია, ფოლკლორი, კრიტიკა, პუბლიცისტიკა...“. თბილისი, 1956 წელი.

წყარო: თბილისელები