რატომ არ ვარგა სავარცხლის ვინმესთვის ჩუქება ან პირიქით, საჩუქრად მიღება

  • თბილისელები
  • 12 თებერვალი 18:22

გადააგდო ბიჭმა სავარცხელი და უცებ ისეთი ხშირი, გაუვალი ტყე აიყარა, შიგ თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებდაო... – გვამცნობს ქართული ზღაპარი „წიქარა”.

თუმცა, ჯადოსნური სავარცხლის ამბები არა მხოლოდ ქართულ, მსოფლიო ფოლკლორშიც მრავალადაა აღწერილი. ამიტომაა, ალბათ, რომ უძველესი დროიდან, ქალის სილამაზის საიმბოლოდ მიჩნეულ ამ შეუცნობელ ნივთს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენი წინაპრები. შესაბამისად, უამრავ მინიშნებას, გადმოცემასა და ცრურწმენასაც უკავშირებდნენ, რაც, მთლად წინანდელი აქტუალობით არა, მაგრამ დღემდეა შემორჩენილი და ბევრი ითვალისწინებს კიდეც. ცდილობენ, შესაბამისი წესების დაცვით, სავარცხლის მინიშნებათაგან გამომდინარე, მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აიცილონ, სარგებელი კი, ხელიდან არ გაუშვან. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით, ეზოთერული მიმართულების ექსპერტი, ქალბატონი ანა გვესაუბრება.
– დავიწყოთ ციტატით „წიქარადან”: გადააგდო ბიჭმა სავარცხელი და უცებ ისეთი ხშირი, გაუვალი ტყე აიყარა, შიგ თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებდაო. რა კავშირია სავარცხელსა და ტყეს შორის – აქვს ამას ეზოთერული ახსნა?
– რა თქმა უნდა. ზღაპრული ტყის ამგვარი ფუნქცია აშკარაა სავარცხლის გადაგდების მოტივში. ტყე, საერთოდ, შემაფერხებელი დაბრკოლება და შეუღწეველი წინააღმდეგობა, ერთგვარი ბადეა, რომელიც მომხდურს იჭერს. ანუ, სავარცხლის მაგიური დაცვის უნარს, შეუძლია, პატრონს საფრთხე ააცილოს. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ ძველად მას, დღევანდელივით, სარკის წინ, უყურადღებოდ კი არ ტოვებდნენ, უცხო თვალისგან დასაცავად, კლიტით დაკეტილ ზარდახშაში ინახავდნენ. იქიდან კი, მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში იღებდნენ.
ჩემს მეგობარს ყოფილმა დედამთილმა, რომელიც პროვინციაში ცხოვრობს და ერთმანეთში კარგი ურთიერთობა არ აქვთ, ბავშვის ხელით, სავარცხელი გამოუგზავნა საჩუქრად. თანაც, ერთხელ კი არა, რამდენჯერმე... როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში?
– ის სავარცხელი აუცილებლად თავიდან უნდა მოიშოროს. სავარცხლის არც საჩუქრად მიღება ვარგა და არც სხვისთვის ჩუქება. ასეთი საჩუქრის საშუალებით, გამომგზავნს თქვენი საიდუმლოს გაგება სურს. ნაჩუქარი სავარცხლის გამოყენებით კი, თავად მისცემთ მას ამის საშუალებას. თუ თქვენს მეგობარს მეორე ოჯახი აქვს, საშიშია, ასეთი გზავნილებით მისი არევაც მოახერხოს ყოფილმა დედამთილმა. თუმცა, არსებობს გამოსავალიც. ცოლმა ახლანდელ ქმარს უნდა სთხოვოს, რომ თმა 40-ჯერ დავარცხნოს: დღეში ორჯერ – დილას და საღამოს.
– სავარცხლის ყიდვისას თუ არსებობს რაიმე გასათვალისწინებელი წესი?
– სავარცხელი აუცილებლად, საკუთარი ხელით უნდა აირჩიოთ და იყიდოთ. ეს მნიშვნელოვანი პროცესი არავის ანდოთ, თუ გინდათ, რომ უსიამოვნება თავადაც აიცილოთ და ახლობლებიც იხსნათ მისგან. შეიძინეთ? კმაყოფილი ხართ? ჰოდა, ძალიანაც კარგი. ასე, კარგ გუნებაზე დაივარცხნეთ ხოლმე იმით თმა, რომ ხალისი და მხიარულება არც ცხოვრებაში მოგაკლდეთ. გახსოვდეთ, ცუდი ხასიათი სავარცხელსაც გადაეცემა, რაც მხოლოდ უსიამოვნებებს შეგმატებთ. ახლა ისიც ეცადეთ, თქვენი სავარცხლით სხვამ არ დაივარცხნოს თმა – არც ქალმა და არც მამაკაცმა. თორემ, სავარცხელთან ერთად, სილამაზესაც გასცემთ.

წყარო: თბილისელები