რას და როდის იმახსოვრებს ფული და რატომ არ უნდა დახარჯოთ ხელფასი აღებისთანავე

  • თბილისელები
  • 12 თებერვალი 18:08

არსებობს ფულის მაგია, ანუ ის, რითაც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

როგორ მოვიზიდოთ სახლში დოვლათი? ან, როგორ ავიცილოთ მატერიალური დანაკარგი? – ეს კითხვები აწუხებს კაცობრიობის უმრავლესობას... ამავე დროს, ყველამ იცის ანდაზა: ფულს დათვლა უყვარსო. თუმცა, სანამ დათვლი, ხომ უნდა გქონდეს და რომ გქონდეს, უნდა შეიყვაროო, – გვკარნახობს წინაპართა გამოცდილება და სწორედ ის ფულის მაგია, რაც სათავეში უკვე ვახსენეთ. ამიტომ, უფულობის გამო, სახლში ნეგატივმა რომ არ დაისადგუროს და სიმწრით აწყობილ ოჯახში სკანდალებმა არ იჩინოს თავი, მივსდიოთ მათ რჩევას: დავიცვათ შესაბამის წესები, აკრძალვები, ჩავატაროთ რიტუალები... და თუ, როგორ? – ამას ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ბატონი დიმიტრი აგვიხსნის.
– ხშირად გამიგია, რომ ჩივიან: უფულობის გამო, ვერ ვახერხებ საკუთარი თავის სრულყოფილ რეალიზებასო...
– მართალია და ამას ყველა ძალიან განიცდის, რაც თავისთავად, ზრდის ნეგატივს. ამიტომაცაა, რომ დაბალშემოსავლიანი ოჯახი უფრო ადვილად ხდება ავადმყოფობის მსხვერპლი. უფულობის გამო გახშირებულია განქორწინებაც. ეს ყველაფერი კი ხრწნას, მორალურ დაცემას უწყობს ხელს და საბოლოოდ, ვიღებთ ფენას, საზოგადოების ნარჩენებად რომ მოიხსენიებენ ხოლმე. ფულის გარეშე შეუძლებელია, პიროვნული თავისუფლების მიღწევა, სურვილებისა და მიზნების მაქსიმალურად ასრულება. ფულის ენერგია სახლში იზიდავს ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და ოჯახურ კეთილდღეობას.
და, რაც ჩამოთვალეთ, ყველა ეს სიკეთე რომ მივიღოთ, ამაში მხოლოდ ფულის სიყვარული დაგვეხმარება?
– მოგეხსენებათ, ყველა ნივთს, რაც ჩვენ გარშემოა, მეხსიერება აქვს. ასევეა, ფულიც – იმახსოვრებს მისდამი ფაქიზ და კეთილ დამოკიდებულებას და აუცილებლად უკანვე უბრუნდებს მას, ვინც ასე მოექცა. ამიტომ, ყურადღებით იყავით და დაიმახსოვრეთ, რომ: არ შეიძლება, ფული დახიოთ, დაჭმუჭნოთ ან უდიერად მოეპყრათ მას. კუპიურები აკურატულად დააწყვეთ სატიტულო მხრით ზევით და ყოველთვის განსაზღვრულ ადგილას შეინახეთ. არ გაასესხოთ, არ დაიანგარიშოთ და არც კი დაითვალოთ, მზის ჩასვლის შემდეგ. ფულმა უნდა დაისვენოს. გამომუშავებულ ფულს აღებისთანავე ნუ დახარჯავთ. ხელფასმა სახლში ღამე უნდა გაათიოს. ფულს სისუფთავე და წესრიგი უყვარს, ამიტომ სათუთად მოექეცით. მსხვილი კუპიურები, სასურველია, წვრილისგან განცალკევებით შეინახოთ. კუპიურები ერთმანეთში არ აურიოთ – ფული ფულთან მიდის და ერთი სახის კუპიურა სხვა ფულსაც მოიზიდავს სახლში. ასე დახარისხებული თანხა მთელი კვირა უნდა იდოს სახლში და მერე, რაზეც გინდათ დახარჯეთ, ის მაინც უკან დაგიბრუნდებათ.
გამიგია, საფულე ცარიელი არასდროს უნდა დატოვოო...
– ფული ისე არასდროს დახარჯოთ, რომ საფულეში ხურდა მაინც არ დაიტოვოთ. საფულე არასდროს დააცარიელოთ ბოლომდე. თუ გინდათ, რომ სახლში ფული არ გამოილიოს, მონარჩენი ხურდა, უმჯობესია, წინასწარ მომზადებულ თიხის ქოთანში შეინახოთ. თან, აუცილებლად განაცალკევეთ ვერცხლისფერი მონეტები ყვითლის, ანუ ოქროსფერისგან და ცალ-ცალკე ქოთნებში მოათავსეთ. მისი დახარჯვა კი, მხოლოდ მას მერე შეგიძლიათ, რაც 100 თეთრს გადააჭარბებს. თანაც, ქოთანში აუცილებლად უნდა დარჩეს ერთი მონეტა მაინც, რომ მასში ისევ დაგროვდეს ფული. ამ შემთხვევაში, თქვენი ფულის ენერგია ისევ მიიზიდავს ახალ ფულს.

წყარო: თბილისელები