პროკურორის განმარტებით, კირკიტაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს

  • 12 თებერვალი 15:28

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კირკიტაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადასინჯა და მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ბრალდებულის სათანადო ქცევას და მიმალვის საფრთხეს ვერ უზრუნველყოფდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განმარტებით, კირკიტაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, იგი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და შესაძლოა, ბრალდებულმა თავისუფლებაში ყოფნისას პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს.


დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვდა.



დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის 2018 წლის 17 დეკემბერს დააკავეს.