ზემო რაჭაში 63 წელია კაცი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს (ვიდეო)

  • mtisambebi.ge
  • 11 თებერვალი 11:58

რკინის მომთვინიერებელი - ასე იცნობენ მურმან გობეჯიშვილს ზემო რაჭაში. 

ერთადერთი მჭედელია მთელ რეგიონში, მაგრამ საქმე აღარ აქვს: „ხარი აღარავისა ჰყავს, აღარავინა ხნავს და რად უნდათ. ხანდახან ნაჯახს, თოხსა და წერაქვს თუ გავაკეთებ, ეგ არის და ეგ“.


აღნიშნულ ინფორმაციას "მთის ამბები" ავრცელებს. 


მჭედლობა მამამ ასწავლა. 8 წლის იყო, პირველად პატარა ნაჯახი რომ გააკეთა. მას შემდეგ საბერველს არ მოსცილებია. 1991 წლამდე, სოფელ ირში, ბარიტის ქარხანაში რომ მუშაობდა, იქაც რკინას ათვინიერებდა. რაჭაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, როცა ქარხანა დაკეტეს, მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და მუდმივად ხურუთში, დიდყანაში ცხოვრობს.


ხურუთი ონის მუნიციპალიტეტშია, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზასთან ახლოს. გობეჯიშვილების სოფელია. ძველად ხალხი ბევრად ზემოთ ცხოვრობდა, მერე ქვემოთ ჩამოსახლდნენ, გზასთან და ქალაქთან ახლოს.  


უგზოდ, უშუქოდ და ცივილიზაციის მიღმა, ამჟამინდელი ხურუთიდან 3 კილომეტრში მხოლოდ მურმან გობეჯიშვილის ოჯახი დარჩა. მურმანი ახლა 63 წლისაა. შუქი არასდროს ჰქონია. ლამფა მისთვის შეუცვლელი ნივთია. ხანდახან ტელევიზორს რომ უყუროს, ქვემოთ, სოფელში ჩადის, თვეში ერთხელ ან ორჯერ.


„არჩევნები როცაა, ბიულეტენი პირველი მე მომდის. ის მაბრაზებს, იციან რომ აქ ვცხოვრობ და ყურადღებას არავინ მაქცევს. არც გზაა, არც შუქია. არასდროს არავინ მოსულა მთავრობიდან ან საიდანმე რაიმეს საკითხავად, თქვენა ხარ პირველები ახლა“.


სრული ვერსიის ნახვა mtisambebi.ge