მიტოვების კომპლექსი

  • თბილისელები
  • 7 თებერვალი 11:20

შეგიმჩნევიათ, ალბათ, თქვენ გვერდით მიტოვების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანები, ისინი, რომლებიც ღრმად არიან დარწმუნებული, რომ სიყვარულში არასოდეს უმართლებთ და არავის სჭირდება.

ამ ტიპის ადამიანი რეალურად მიტოვებული, ნაწყენი ბავშვია, მარადიული ბავშვი. ეჩვენება, რომ მასზე არასოდეს ზრუნავდნენ. შესაბამისად, საკუთარი მოთხოვნები უარყოფილი აქვს. ფიქრობს, რომ არ აქვს უფლება; რამე უნდოდეს. დაახლოებით, ასე სჯის:


"მე ვიზრუნებ სხვაზე. თუ კი საკმარის მზრუნველობას გამოვიჩენ, აღარ მიმატოვებენ". რა არის ეს, თუ არა მსხვერპლშეწირვა, თვითუარყოფა და ასკეტიზმი? ამ ტიპის ადამიანები ბევრს ლაპარაკობენ, ბევრი პრობლემა აქვთ სასიყვარულო ურთიერთობებში, დაბალანაზღაურებად სამსახურს და დამხმარე პროფესიებს ირჩევენ. 


არასოდეს თქვათ:


* ჩემი მოთხოვნები ძალიან დიდია;


* არასოდეს არაფერს მოვითხოვ, ყველაფერს ჩემით მივაღწევ.


ვინც ამ კომპლექსის აღწერაში საკუთარ თავს ამოიცნობთ, დაიმახსოვრეთ – ის, რაც გჭირთ, არ არის ნორმა! ძალიან მნიშვნელოვანია სხვებისთვის დახმარების გაწევა, სხვანაირად თავს უსარგებლოდ იგრძნობთ, მაგრამ, თქვენთვისაც ხომ უნდა იცხოვროთ?


ბევრი ხალხის მითოსში გვხვდება სამოთხიდან გაძევების თემა. მიტოვების კომპლექსიანი ადამიანიც დარწმუნებულია, რომ სამოთხე მისთვის არ არსებობს. დაიჯერეთ მარტივი ჭეშმარიტება: სამოთხე მიღწევადია. სამოთხე აქვეა, დედამიწაზე და ყველა ადამიანს სრული უფლება აქვს შევიდეს მასში, დარჩეს და ყველა სიკეთით დატკბეს.

წყარო: თბილისელები