ჯადოსნური სიტყვების ძალა

  • თბილისელები
  • 7 თებერვალი 11:15

სიტყვებს ჯადოსნური ძალა აქვთ. განსაკუთრებით – საყვარელი ქალის მიერ წარმოთქმულს: მათ შეუძლიავ მამაკაცს ღმერთადაც აგრძნობინოს თავი და უდიდესი ტკივილიც მიაყენოს. მაინც რისი გაგონება სურთ მამაკაცებს საყვარელი ქალებისგან.

გთავაზობთ რამდენიმე გავრცელებულ ფრაზას, რომლებიც მამაკაცისთვის მუსიკასავით ჟღერს.


* როგორ გრძნობ თავს? ამ ფრაზის ვარიაციებსაც გიკარნახებთ და გამოიყენეთ. მაგალითად:


* როგორ შემიძლია, დაგეხმარო?


* რით შემიძლია, შენი პრობლემა შევამსუბუქო?


* რას ისურვებდი ზუსტად, აი, ამ წუთს?


* რა გავაკეთო, რომ ორივემ უკეთ ვიგრძნოთ თავი?
გახსოვდეთ, კაცს ნამდვილად სჭირდება თქვენი მზრუნველობა. ის მას ურთიერთობის სიღრმისა და სიმტკიცის განცდას უქმნის. გაინტერესებთ, რას ამბობენ მამაკაცები ამ ფრაზების გაგონებისას? „თავს ადამიანად ვგრძნობ, რომელზეც ზრუნავენ, რომელსაც უსმენენ, რომლისაც ესმით“; „ვგრძნობ, რომ მისთვის სულ ერთი არ ვარ და ჩემი დახმარება ნამდვილად სურს“.


* შენთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ;


* შენთან ერთად ადვილად მოგვარდა პრობლემა;


* ამას მარტო ვერ შევძლებდი;


* დიდი საქმე გააკეთე ჩემთვის.


საქმე ისაა, რომ როდესაც მამაკაცს უყვარხართ, უნდა, მის გვერდით კომფორტის, სიმყუდროვისა და დაცულობის შეგრძნება გქონდეთ. აგრძნობინეთ, რომ ამ მხრივ მის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია, ის შეეცდება ამ მიმართულებით აქტივობა განაგრძოს.


* ვამაყობ შენით;


* შენი მჯერა;


* ზუსტად ვიცი, რომ შენ ამას შეძლებ;


* არ მადარდებს რას ფიქრობენ სხვები, მე უკეთ გიცნობ შენ და შენში დარწმუნებული ვარ;


* ჩემს თვალში, ნებისმიერ შემთხვევაში, მომხიბლავი მამაკაცი ხარ (ძლიერი, ნიჭიერი, მიზანდასახული…) – მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს. როცა მამაკაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ და თქვენგან მხარდაჭერას გრძნობს, გჯერათ მისი, ამაყობთ მისით, ის კიდევ უფრო ძლიერი ხდება. მამაკაცი ფიქრობს: ვგრძნობ, რომ ამ რთული ვითარებიდან თავის დასაღწევად მზად ვარ.


* მადლობა;


* ისეთი მადლიერი ვარ შენი;


* შენი მზრუნველობა მაბედნიერებს;


* ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს არ დაგავიწყდა.


მამაკაცების უმრავლესობას უმარტივესი რამ სურს – აფასებდნენ იმისთვის, რასაც აკეთებენ. იცოდეს, რომ გჭირდებათ, ის მთელი გულით ესწრაფვის თქვენს დახმარებას. „ვიცი, რომ ჩემს გულმოდგინე შრომასა და მის შედეგს ის მაღალ დონეზე შეაფასებს. მუშაობს მექანიზმი – როცა მისთვის რაღაცას ვაკეთებ, თავს განსაკუთრებულად გრძნობს და მზადაა, ჩემთვისაც იგივე გაიღოს.


* მე შენ მიყვარხარ;


* მიყვარს, როდესაც იღიმი;


* შენი ხელები მიყვარს, მიყვარს შენი ყურება, როდესაც რაღაცას ოსტატურად აკეთებ;


* მიყვარს, როდესაც დაბნეული იყურები.


მთავარია, იგრძნოს, რომ თქვენი სიყვარული მისადმი უპირობოა და შეეცდება იმავეთი გიპასუხოთ.

წყარო: თბილისელები