რა შემთხვევაში იზიარებს წინაპრის ტრაგიკულ ბედს გარდაცვლილის მემკვიდრე

  • თბილისელები
  • 4 თებერვალი 15:25

ხშირად თუ არა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვსმენია უცნაური, ჟრუანტელის მომგვრელი ამბები იმის შესახებ, თუ როგორ ამყარებს გარდაცვლილი იმ ქვეყნიდან იდუმალ კავშირს ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან...

რა უბედურება შეიძლება, დაატყდეს ამის გამო მის ახლობლებს. მოსმენილი, რა თქმა უნდა, აჩენს უამრავ კითხვას: რატომ მოხდა ასე? რა უნდა გავაკეთოთ, რომ იგივე ჩვენც არ დაგვემართოს?.. და ასე შემდეგ. ამიტომ, ამ თავსატეხს რომ შესაბამისი ახსნა მოვუძებნოთ, რა თქმა უნდა, კომპეტენტური განმარტებაა საჭირო, რასაც ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგისგან, ქალბატონ მარიკას გ-სგან მოვისმენთ. ბავშვობაში ის უშუალოდ შეესწრო საშინელ ტრაგედიას, რომელიც სწორედ მიცვალებულის იმქვეყნიურ „გზავნილს“ უკავშირდებოდა. შემდგომში ეს ამბავი გახდა კიდეც მიზეზი იმისა, რომ ეზოთერიკა და სხვა შესაბამისი მიმდინარეობები საფუძვლიანად შეესწავლა.


უპირველესად, უშუალოდ იმ ტრაგედიის შესახებ გვიამბეთ, რომელიც შემდგომში თქვენი ძირითადი საქმიანობის განმსაზღვრელი გახდა.


იმ დროს ჩვენი ოჯახი საქართველოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა. მეორე კლასში ვსწავლობდი და ისევე, როგორც ჩემს თანატოლთა უმრავლესობას, მეც ჩვეულებრივი, უღრუბლო ბავშვობა მქონდა. ერთ დღეს კი საშინელი ტრაგედიის უშუალო შემსწრე გავხდი. ჩემი თანაკლასელი თემო, საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ეზოში მოთამაშე უამრავი მეგობრის თვალწინ დაენარცხა ძირს. ახლაც თვალწინ მიდგას მისი დაცემის მომენტი – როგორ ამოიხვნეშა რამდენჯერმე არაადამიანური ხმით, მერე სუნთქვა შეაჩერა და მოკვდა... ყველა, უპირველესად კი ახლობლები, საგონებელში ჩავარდნენ. ვერავის გაეგო, რა მოხდა. თემო ძალიან ჭკვიანი, ბეჯითი მოსწავლე იყო, ჰყავდა უამრავი მეგობარი და ყველანაირი ლოგიკით, თვითმკვლელობისთვის არანაირი საბაბი აქ გააჩნდა. მით უმეტეს, არც გარემოება, რადგან სანამ ფანჯრიდან გადახტებოდა, ის ძალიან მშვიდად, ჩვეულ რეჟიმში ამზადებდა გაკვეთილებს. წარმოუდგენელი იყო, რას უნდა აეძულებინა, რომ საშინაო დავალების შესრულება შუა გზაზე მიეტოვებინა – ქართულში თხზულებას წერდა და სიტყვაც კი დაუმთავრებელი დარჩა. გადმოხტომამდე მან ზურგჩანთა მოიკიდა, რომელშიც წინასწარ ჰქონდა ჩადებული მძიმე საგნები – მამამისის სავარჯიშო 2 ხუთკილოიანი ჰანტელი...და ეს გათვლილი იყო იმისთვის, რომ თვითმკვლელობა აუცილებლად სიკვდილით დამთავრებულიყო...


– რამ აიძულა რვა წლის ბავშვი, ასე მოქცეულიყო? რა იყო მიზეზი იმისა, რომ ამ ასაკის ბავშვი ასე ისწრაფვოდა სიკვდილისკენ?


– სწორედ იგივე კითხვები არ გვასვენებდა მაშინ ჩვენც. მიზეზი ამისა კი ამოიცნო მხოლოდ ბებიამ. მისი მტკიცებით, თემო ბედისწერის მსხვერპლი გახდა და ეს დედის გარდაცვალებას უკავშირდებოდა. თემოს დაბადებიდან ძალიან მალე თამარი (თემოს დედა) მძიმედ დაავადდა და მალევე გარდაიცვალა. მაგრამ სიკვდილის წინ მან ოჯახის წევრებს უცნაური თხოვნით მიმართა: ფურცელზე ფანქრით შემოეხაზათ თემოს პატარა ხელი და მისთვის კუბოში ჩაეყოლებინათ. ხალხური გადმოცემებისა და მინიშნებების მიხედვით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მიცვალებულისთვის ცოცხალი ადამიანისგან რაიმეს ჩაყოლება. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ თემოს ძალიან სტანჯავდა დედის მონატრება, ხშირად ელაპარაკებოდა მას ძილში. თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე კი, როცა ის ბებიასთან ერთად სასაფლაოზე იყო, მეორე კლასელისთვის ძალიან უცნაური რამ უთქვამს: „ბებო, ამ წელს იქნება აპოკალიფსი“. მაშინ ბებიას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ ტრაგედიის შემდეგ, დაჟინებით იმეორებდა: დანამდვილებით ვიცი, მაშინ თემოს ის ფრაზა დედამ იმ ქვეყნიდან უჩურჩულაო.


 

წყარო: თბილისელები