როდის შემოვიდა ბენდენები დათო ევგენიძის ცხოვრებაში ?

  • თბილისელები
  • 4 თებერვალი 13:56

სახელი: დათო.

გვარი: ევგენიძე.

პროფესია: მუსიკოსი.

– ბენდენები როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?


– ბენდენების გაკეთება საკმაოდ ადრე დავიწყე, ბავშვობის დროინდელი ფოტოებია, სადაც მე და ირაკლი ჩარკვიანი ერთად ვართ. ყველას ეგონა, მე ბენდენა იმიტომ გავიკეთე, რომ თმა არ მაქვს, ამ დროს დიდი ხვეული თმა მქონდა, ახლაც არ მაქვს ბოლომდე გაცვენილი. ყოველთვის რაღაც უცნაურად მეცვა. პირველი ვიყავი, ვინც საყურე გავიკეთე.


– რისი გეშინიათ?


– შიშის მეშინია. მგონია, ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მდაბიო შეგრძნება შიშია, რომელიც უამრავ შეცდომასა და ბოროტებასაც კი გაგაკეთებინებს. ასეთი ლექსი მაქვს დაწერილი: „თვითონ შიში შიშია, ყველა შიშზე საშიში“.


– ბედისწერის თუ გჯერათ?


– ბედისწერის მჯერა და მისი შეცვლა ვისწავლე. იმიტომ რომ ცხოვრებაში არსებობს ნიშნები, რომელიც გეუბნება, რომ რაღაც უნდა მოხდეს. მე არ ვამბობ ისეთ ბედისწერაზე, როდესაც ადამიანს გარდაცვალება უწერია. მაგრამ ისეთი გარდაცვალებები რომ არის, შემთხვევით რომ ხდება ან ვიღაც ზღვაზე დაიღუპა, მიგრძნია, რომ შემეძლო, გადამერჩინა, მაგრამ იმდენად ქვეცნობიერში ყოფილა, რომ ვერ გამომიყენებია. ახლა ვისწავლე ბედისწერის შეცვლა. ლექსის ფინალის შეცვლითაც კი შეგიძლია, ვიღაცის ბედისწერა შეცვალო. ფრანკფურტში კონცერტი მქონდა. ჩემი სპექტაკლი იყო ჩემს მუსიკაზე, ჩემს ლექსებზე და ნახატებზე. ამ სპექტაკლში ფინალი ასეთი იყო – ჯვარზე ვეკვრებოდი და ვკითხულობდი ბოლო ლექსს, სადაც ვამბობ: „მე ვარ შეშლილი ტყეების მეფე, მეფე, რომელიც მოუკლეს ტყეებს“. ფრანკფურტში უკვე ოთხის ნახევარი იყო, როდესაც ლექსი დავწერე – ბედისწერა უნდა შევცვალო და ამ ნაპირიდან იმ ნაპირზე არ გადმოვალ-მეთქი. ზუსტად მდინარის იქით იყო ის თეატრი, სადაც უნდა გადავსულიყავი. მე შაქარი მაქვს, მაგრამ არა მძიმე ფორმით და ინსულინზე დამოკიდებული. ვიკითხე, აქ რა ჰქვია ამ წამალს-მეთქი, ეტყობა, რაღაც უფრო დიდი დოზით მომცეს ან უფრო ძლიერი, შაქარი ნულზე დამივარდა და რეანიმაციაში აღმოვჩნდი. ჩემს სპექტაკლზე ვერ მოვხვდი. ვერ მოვხვდი, იმიტომ რომ ის ფინალი არ უნდა მეთამაშა. მერე ეს კონცერტი თბილისში ჩავატარე და ფინალი გამოვცვალე.


– რისკიანი ხართ?


– ძალიან რისკიანი ვარ. პირდაპირ თავით ვხტები უფსკრულში და არ ვფიქრობ, სად ჩავვარდები. მთავარია ფრენის პროცესი, ფრენა მიყვარს. სულ ვრისკავ. სხვათა შორის, საკმაოდ უშიშარი ვარ. სახლი მაქვს სოფელ ბევრეთში, უღრან ტყეში დგას, შუქი შარშან გაიყვანეს. მგლები და დათვები ჩამოდიან ხოლმე. ზემოთ, ტყეში არის კვირაცხოველი, ძველისძველი სასაფლაო... მახსოვს, ცხრა წლის ასაკში მარტო ავედი ამ სასაფლაოზე და ჩამოვედი. იქაც ვურთიერთობდი მონადირეებთან, ოღონდ მხოლოდ ერთხელ მაქვს ნასროლი – მაშინ პატარა ვიყავი, სროლას მასწავლიდნენ, მექანიკურად ვესროლე და ქედანი რომ ჩამოვარდა, მთელი ცხოვრება ვერ მოვინელე, დღემდე ვერ ვაპატიე ჩემს თავს.


– ქალისთვის გიღალატიათ?


– მიღალატია ქალისთვის, ვისთანაც ვყოფილვარ. სიმართლე გითხრათ, ამას ღალატად დღესაც არ ვთვლი, იქიდან გამომდინარე, რომ პოეტი ვარ, მუზები მჭირდება, ამიტომ ჩემთვის ქალი არის ის მახე, სადაც ვებმები ხოლმე. ლექსს სჭირდება მძაფრი შეგრძნებები, განშორება, არშეხვედრა. როდესაც სტაბილურად ცხოვრობ შენს საყვარელ ქალთან ერთად, ამ უსასრულო სიყვარულს ლექსს ვერ დაუწერ. ამიტომ, შეიძლება, მოგონილი ქალი გიყვარდეს, არც იცნობდე... მე სულ მოგონილი ქალები მყავს ლექსებში. ის სიზმრისეული სიყვარულებია. რა თქმა უნდა, ისეთი სიყვარულებიც მქონია, სადაც დამოკიდებულებები მქონდა და მერე მტკენია, რადგან ღალატი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამეა, რაც შეიძლება, ადამიანმა გააკეთოს.


– რაზე ოცნებობთ?


– ვოცნებობ ისეთ რაღაცებზე, რაც არ უნდა ასრულდეს, იმიტომ რომ, თუ ოცნებობ და აგისრულდა, მაშინ ის სურვილია. ვოცნებობ გლობალურ რაღაცებზე, რომ საქართველო გაერთიანდეს, იყოს თავისუფალი ქვეყანა, ეს ერთადერთია, რომელიც მინდა, რომ ასრულდეს.


– რა არის ცოდვა თქვენთვის?


– უმეტესწილად ფიქრობენ, რომ ცოდვა ქმედებაა. ცოდვა ფიქრიც არის და ყველაფერი არასწორი, სადაც დევს – ზიზღი, ბოროტება, ღალატი... და პირველი ცოდვა არის, ღმერთის არ გჯეროდეს. რასაც არ უნდა აკეთებდე, რწმენის გარეშე, ყველა შენი ქმედება ცოდვაა.


– სასწაულების გწამთ?


– მიმაჩნია, რომ ყოველი წამი სასწაულია, ძებნაც კი არ სჭირდება. ჩემი პირველი ცოლი იყო ავად, ბევრი წლის წინ. მაშინ C ჰეპატიტის დამტკიცებაც არ არსებობდა. ინტერფერონი დაუნიშნეს და ქრება ქალი, ძალიან ცუდადაა. წავიყვანე ისრაელში, დიაგნოსტიკის ცენტრში. ფეხზე ვერ დადიოდა, ხელით გადავიყვანე, რომ ჩავაბარეთ ანალიზები, რვა დღე უნდოდა პასუხებს. წავედით მაცხოვრის საფლავზე, გოლგოთაზე მარტო შევედი და ღმერთს ვთხოვე, თუ წასაყვანია, ჩემი სიცოცხლე წაიყვანე-მეთქი. მეორე დღეს ჭამა დაიწყო, მესამე დღეს ვარდისფერი გახდა, უკვე პასუხზე რომ მივედით, დარბოდა და უთხრეს: აბსოლუტურად არაფერი გჭირსო. ყველა ამბობდა, რომ შეეშალა, მე ვამბობდი, რომ ღმერთს ვთხოვე და ამისრულდა. სხვათა შორის, მერე, ეს ისტორია რომ მოვუყევი, ძალიან სწორი რამ მითხრა ერთმა ბერმა: შენ შეგეშალა თხოვნის დროს. რა საჭირო იყო შენი თავის შეთავაზება, იმდენად არ გჯეროდა ღმერთის, რომ უბრალოდ გეთქვა გადამირჩინეო? შენი სიცოცხლე არ წაიღო და დაშორდითო. მე მაშინ არც მიფიქრია მაგაზე, მაგრამ რომ
დავფიქრდი, მართალი იყო, ვაჭრობა კი არ უნდა დაუწყო ღმერთს, ისე უნდა სთხოვო და გჯეროდეს, რომ გადაგირჩენს.


– მეუღლის როლი თქვენს ცხოვრებაში...


– რომ არა ნინო, მე ცოცხალი არ ვიქნებოდი.


– როგორია სექსუალური ქალი თქვენთვის?


– აბსოლუტურად არავულგარული, იმიტომ რომ ქალს საიდუმლო უნდა ჰქონდეს, ვულგალურ ქალს არ აქვს საიდუმლო, საინტერესო არ არის და მაშინ შენ მეკობრე არ ხარ. ქალი ჩემთვის უნდა იყოს კუნძული, რომელიც უნდა აღმოვაჩინო და განძი ვიპოვო და ისევ დავუტოვო, არ წამოვიღო. მე მონადირე კაცი ვარ.


– ჭკვიანი ქალების კაცებს ეშინიათ?


– არა, პირიქით, დიდ პატივს ვცემ ჭკვიან და ძლიერ ქალებს. საერთოდ, საქართველო გამოირჩევა ამით – ჯერ თამარ მეფე გვყავდა, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ქალი მეფე ჰყავდა მეთორმეტე საუკუნეში. როდესაც ლაპარაკობენ თანასწორობაზე, ამაზე მეტი პასუხი, რომ ჩვენ მეფე დავარქვით ქალს და არა დედოფალი, საქართველოს არ მოეთხოვება. ყველაფერს დედა ჰქვია: დედაქალაქი, დედამიწა... ყველა მნიშვნელოვანი სიტყვა ქალისგან იწყება საქართველოში და ეს ფსევდოაზრია, როდესაც ლაპარაკობენ, რომ საქართველოში ქალი დაჩაგრულია, ეს პირადი ადამიანური თვისებაა, თუ ვინმე ქალს ჩაგრავს, თორემ საქართველოში ქალის კულტია.


– სიყვარულში თავი დაგიკარგავთ?


– კი. ის სიყვარული არ არის, თუ თავი არ დაგიკარგავს.


– რა არის თქვენთვის ყველაზე ამორალური საქციელი?


– ტყუილი, ღალატის ყველა ფორმა. არ არის აუცილებელი ლოგინში ჩაწოლა. ფიქრიც შეიძლება, ამორალური იყოს. ღალატი კიდევ სხვა რამეა. შეიძლება, უღალატო და წახვიდე, მაგრამ იყო ვინმესთან და იყო სხვასთან – ეს უკვე ამორალურია.


– გშორდებოდნენ თუ შორდებოდით?


– ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს დავშორებივარ. უბრალოდ, ჩვენი გზები გაყრილა, ჩვენ შორის რაღაც დამთავრებულა. იმიტომ რომ მე არცერთი ქალი არ მყავდა, ვინც მიყვარდა და ვინც დღესაც არ მიყვარს. როგორ შეიძლება, ის სიყვარული დამთავრდეს, რასაც გრძნობდი, ის რაღაც მომენტში შეწყდა, თორემ ის დრო როცა ერთმანეთი გიყვარდათ, როგორ შეიძლება გაქრეს. ამიტომ რაღაც სრულდებოდა და ვშორდებოდით ერთმანეთს, არც მას მივუტოვებივარ და არც მე მიმიტოვებია.


– მთელი ცხოვრების ერთ ქალთან გატარება წარმოგიდგენიათ?


– მე ის კაცი ვარ, ვინც ბავშვობიდან გრძელვადიანი ურთიერთობებისკენ ვიყავი განწყობილი. ალბათ, სუსტი კაცები არიან ქალებთან ცოტა ხნით, იმიტომ რომ მერე არაფერი შეუძლიათ შესთავაზონ ქალს. მე პირველ სიყვარულებშიც, სანამ ცოლს მოვიყვანდი, სულ გრძელვადიანი ურთიერთობები მქონდა.


– მიგიღიათ ადამიანი, ვინც თქვენგან წასულა?


– ახლაც მივიღებ, ოღოდ გააჩნია, რა ფორმით. აბსოლუტურად სხვა ურთიერთობა იქნება. მე არ შემიძლია ადამიანების დაკარგვა. არ მესმის, როგორ შეიძლება, დაკარგო ადამიანი, რომელთანაც გაკავშირებს წლები, წუთები, წამები, სიყვარული, ამ შემთხვევაში მეგობრებსაც ვგულისხმობ. მეგობრები ისე კარგავენ ერთმანეთს, თითქოს კოღოები არიან და მოკალი.


– სიყვარულში ყველა სიგიჟე გამართლებულია?


– აბსოლუტურად. თვითმკვლელობის და მკვლელობის გარდა. უამრავი სიგიჟე მაქვს ქალის გამო ჩადენილი. დღემდე კვირა არ გავა, რომ ჩემს ცოლს რაღაც არ გავუკეთო, მიუხედავად იმისა, რომ 15 წელია, ერთად ვცხოვრობთ. სულ სიურპრიზებით არის სავსე. ჩემს სახლში ყვავილები არ ჭკნება. არც ერთი სიყვარული, რაც ცხოვრებაში მქონია, არ დაწყებულა ნორმალურად. ყველა გიჟურად იწყება. არასდროს დასჭირვებია დიდი ხანი ჩემი სიყვარულის დაწყებას, დავინახე და ერთად ვართ.


– ნებისმიერი ქალი მოგიხიბლავთ, ვინც მოგწონებიათ?


– პრინციპში, კი.


– დეპრესიული მომენტები თუ გქონიათ ცხოვრებაში?


– სერიოზული დეპრესია მქონდა 23 წლის ასაკში. ხომ არის, რომ წარმოიდგენ რომ კვდები და ერთი წამით შეგზარავს ეს შეგრძება. ეს მქონდა ექვსი თვე, სიკვდილის ერთწამიანი შეგრძნება. ახალ წელს შევხვდი და მახსოვს, ორ იანვარს ამ შეგრძნებით გავიღვიძე. სიკვდილი მაშინ ვისწავლე და მის შემდეგ დავუმეგობრდი. სიკვდილი არის ერთადერთი, ვინც არასდროს მოგატყუებს და აუცილებლად მოვა და თანაც, ყველაზე მძიმე მისია აკისრია, იმიტომ რომ, ვისაც ღმერთის არ სჯერა, მისთვის სიკვდილი დასასრულია, ამიტომ სზარავთ სიკვდილზე. როგორია, ყველა ადმიანის წაყვანა რომ შენ დაგევალა. მე მესმის სიკვდილის და ხანდახან გული შემტკივა. საშინელებაა, როდესაც ისეთი მისია გაქვს, შენი დანახვა რომ არავის უნდა. ხშირად მილაპარაკია სიკვდილთან, ხშირად მაქვს დიალოგები და ძალიან ხშირად გადაუდია ჩემი წაყვანა.


– დაგიშვიათ ისეთი შეცდომა, რომელსაც მთელი ცოხვრება ნანობთ?


– კი, რა თქმა უნდა, დამიშვია, თან ბევრჯერ. ერთი – განსაკუთრებულად. მქონდა ურთიერთობა ქალთან, რომელთანაც არ შეიძლებოდა, რომ მქონოდა, ჩვენი ცხოვრების ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, არანაირად არ უნდა მომხდარიყო ჩვენს შორის არაფერი და მოხდა, უამრავი წლის წინ. ერთადაც არ ვყოფილვართ, ერთხელ მოხდა.

წყარო: თბილისელები