ყველა მამაკაცი მონადირეა

  • თბილისელები
  • 4 თებერვალი 13:39

რამ განაპირობა მამაკაცში მონადირის ინსტინქტის ჩამოყალიბება? – ჩვენმა უხსოვარმა წარსულმა, როცა მამაკაცები სანადიროდ დადიოდნენ, ქალები კი კერას ინარჩუნებდნენ. ალბათ, ამიტომაც არის, რომ კაცებს ყოველთვის ლიდერობა სურთ.

კიდევ ერთი დამახასიათებელი თავისებურება კაცის ხასიათისა – სურვილი, დაუმტკიცოს სხვა მამაკაცებს, რომ ის მათზე წარმატებულია. ეჯიბრება, რითიც შეუძლია: მანქანით, სახლით, ხელფასით, თანამდებობით, სოციალური მდგომარეობით; ლამაზი, წარმატებული, მეოჯახე, სექსუალური, მეგობრული ცოლით... – სიამაყისთვის ესეც საჭიროა. ურთიერთობებში კაცისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი ქალი იყოს საუკეთესო, მისთვის აუცილებელია, ირგვლივ შურით სავსე თვალებს ხედავდეს, იყოს „გემრიელი ნუგბარის“ ბედნიერი მფლობელი.


ამიტომ:


მიეცით კაცს საშუალება, თავი „გმირად“ იგრძნოს. კაცისთვის მნიშვნელოვანია ხედავდეს, რომ დაინტერესებული არიან მასთან ურთიერთობით. სთხოვეთ დახმარება ძალიან მარტივ რამეშიც კი. აგრძნობინეთ მას, რომ ის შეუცვლელია. აღფრთოვანდით მისი წარმატებით, უთხარით კომპლიმენტები. ჰკითხეთ რჩევები. კაცისთვის მნიშვნელოვანია, ხვდებოდეს, რომ მის აზრს აფასებენ. თუ თქვენ თავისთავად გამოგდით მისი თვითშეფასების მაღალ დონეზე შენარჩუნება, თუ მან ზუსტად იცის, რომ, თქვენთან მოსვლისას, ყველაზე მტკივნეული მარცხის შემდეგაც კი, მაინც მოისმენს, რომ მან ყველაფერი კარგად გააკეთა, ის ყოველთვის გაუფრთხილდება თქვენს ურთიერთობებს;


* ქალთან ურთიერთობაში კაცისთვის მნიშვნელოვანია, ხედავდეს, რომ მისი რჩეული იპყრობს გარშემო მყოფთა ყურადღებას, რომ მისი არჩევანი შესაშურია სხვა კაცებისთვის. ამიტომ შეინარჩუნეთ გარეგნობა საჭირო დონეზე, იყავით მიმზიდველი, მომხიბვლელი, სექსუალური. ამასთანავე, არ მისცეთ ეჭვიანობის მიზეზი. იგრძნოს, რომ სხვა მამაკაცები კი ინტერესდებიან თქვენით, მაგრამ თქვენ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მას ირჩევთ;


* იყავით მეგობრული მისი მეგობრებისა და ნათესავების მიმართ. კარგი ურთიერთობა მისთვის ძვირფას ადამიანებთან ყოველთვის სასარგებლო იქნება;


* სიყვარული – ეს არის გრძნობა, რომელზეც ნებისმიერი ურთიერთობა იგება. თქვენ შეგიძლიათ, შეაყვაროთ თავი მამაკაცს. მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ ქალი. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, შესძლებთ თუ არა, იყოთ ბედნიერი.

წყარო: თბილისელები