„დედა, არ გინდა მამას დაშორდე?.. მალე მოკვდები ასე...“

  • რეზონანსი
  • 31 იანვარი 15:52

მწერალი ლელუკა ლაშხი სოციალური ქსელის პირად გვერდზე რეალურ ისტორიაზე შექმნილ ჩანახატს აქვეყნებს, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს:

„ნამდვილი ამბავი!


დედა, არ გინდა მამას დაშორდე?


ხომ იცი, რომ ამას ვერ ვიზამ.


რატომ ვერ იზამ? შენ გარდა ამის გადაწყვეტა არავის არ შეუძლია.


და სად უნდა წავიდე მერე?


რას ქვია დედა, სად უნდა წახვიდე. მთავარია, მამასგან წახვიდე. მალე მოკვდები ასე და აღარსად არ დაგჭირდება წასვლა.


არ შემიძლია ნათია, ამას ვერ ვიზამ.ჯერ ის, რომ დამკარგავს ყველა. მეორე ის, რომ არ მაქვს სამსახური. მესამე ის, რომ არა მაქვს თავი მისი მოვარდნების და ამის ატანის. მირჩევნია ასე ვიყო.


მოკვდები დედა.


შენ იყავი შვილო კარგად და მე თუ მოვკვდები აწი, არაფერი დააკლდება ამით დედამიწას.


მე მჭირდები დედა!


მამაჩემი ფულიანი კაცია.


დედაჩემმა იცოდა, საყვარელი რომ ყავდა. არც იმ ქალს აკლებდა რამეს და არც ჩვენ, სახლში. მაგრამ დედაჩემი გასუქდა და როგორც ჩხუბის დროს წამოაძახებდა ხოლმე მამაჩემი, აღარ იზიდავდა. არადა, ლამაზი იყო დედა.


იმ ქალის სახლიდან მუდმივად ნასვამი მოდიოდა და აგრესიული იყო სახლში. ჩხუბობდა, იგინებოდა, უაზროდ ღრიალებდა. არც სექსი აღარ ქონდათ. არადა, 50 ის არცერთი არ იყო ჯერ.


იმ საღამოს, მამა საშინლად გაბრაზებული დაბრუნდა. როგორც მათი ოთახიდან გამოსული ხმებით მივხვდი, იმ ქალის დაბადების დღე იყო და დედა წერდა მესიჯებს, ცუდად ვარ და მალე მოდიო. სახლში რომ შემოვიდა, კარი ისე ხმაურიანად მიხურა, მეგონა გადაინგრეოდა კედელი. პირდაპირ საძინებლისკენ წავიდა. ფეხზეც არ გაუხდია. სასმელის და სიგარეტის სასტიკი სუნი დატოვა შემოსასვლელში. ჩემთვის და ჩემი დისთვის არც შემოუხედავს. ნაწვიმარი იყო და ჩვენ უბანში გზას აგებდნენ, აყრილმა ასფალტმა საშინლად ატალახდა ეზო იმ პერიოდში.


ხოდა დედას შესასვლელიდან ყველა ოთახებამდე, ღია კრემისფერი ხალიჩები ეგო.


რამდენი საშინელი რამ მინახავს ცხოვრებაშიც და ტელევიზორშიც, არაფერი შეედრება იმ სასტიკად ამაზრზენ ტალახიან ნაფეხურებს, მამაჩემისას, დედაჩემის საძინებელთან რომ დასრულდა.


თურმე დედას ინფარქტი გადაუტანია ფეხზე მდგომს და ვერ გაუგია, ტკიოდა და წამოწვა. წერდა მამას, მოდიო. მამა გაცოფდა, არაფერს მაცდიო. თამადა იყო ალბათ თავის საყვარლის დაბადების დღეზე. დედას ხმა არ გამოსულა იმ საღამოს ოთახიდან. მხოლოდ მამას გინება და ღრიალი.


გამთენიისას დაიღუპა დედა. ინფარქტი გაუმეორა და დაერთო ინსულტი.


უამრავი ხალხი დაზრიალობდა სახლში.


დრო ვიხელთე და, არეულობაში, მამაჩემს ისედაც არასოდეს ეცალა ჩვენთვის, ჩავალაგე ჩანთაში, რაც მოვახერხე, ჩემი დის ნივთები, მეორე პატარა ჩანთაში და წავედით რუსთავში. ჩემი მეგობრის სახლში. ძალიან კარგი დედა ყავს და შვილებივით მიგვიღო. ჩემი დის სკოლის საბუთები მოაგვარა და იქ გადავიყვანეთ.


მე მომიძებნა ახლობელი და გამომიშვა გერმანიაში. თავის მეგობარ, გერმანელ ოჯახს, ბავშების სკოლაში წამყვან-მომყვანი ჭირდებოდათ. მოწვევა გამომიგვზავნეს. დედაჩემის გარდაცვალებიდან სამ თვეში უკვე დრეზდენში ვიყავი.


დავაგროვე ფული, როცა ოჯახიდან წავედი, ვიზა რომ დამიმთავრდა. ვიქირავე ოთახი და მოხუცებს ვუვლი. ჩემი და ამთვრებს წელს სკოლას და უნდა წამოვიყვანო. იქ ვერ დავტოვებ. ვჭირდები. მეც მჭირდება. არავინ გვყავს ერთმანეთის გარდა. არასოდეს გავთხოვდები!"- ვკითხულობთ ლელუკა ლაშხის ფეისბუქის გვერდზე.

წყარო: რეზონანსი