ანი გიუნტერი: "მარტოხელა დედა არ ვარ"

  • სარკე
  • 30 იანვარი 13:55

ანი გიუნტერის ტელეკარიერა სტაბილურია, 10 წელია “რუსთავი 2”-ის სახეა. კომპანიიდან წასვლაზე მაშინაც არ უფიქრია, როცა იქ ფინანსური კრიზისი შეიქმნა.

მის პირად ცხოვრებაშიც იყო კრიზისი – ქმართან გაშორების პერიოდი. როგორც ჩანს, ორი შვილის დედამ ეს რთული ეტაპიც უკვე გადალახა. ცოტა ხნის წინ ანიმ სოციალურ ქსელში საკმაოდ თამამი და სექსუალური ფოტოები გამოაქვეყნა, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ მის პირადში რაღაც ახალი და საინტერესო ხდება. არის თუ არა ასე, ამის შესახებ თავად მისგან შევიტყობთ.


– ანი, დღეს როგორ გამოიყურება თქვენი ცხოვრება?


– დღეს, დილის 7 საათიდან საბჭოთა მანქანების გადაკეთების პროცესში ვიყავი ჩართული. დავადუღე ეგრეთ წოდებული ბანერი, ერთ-ერთი მანქანის “კაპოტი” შევღებე კიდეც.


– გადაცემის სიუჟეტს ნუ მიყვებით. მითხარით, როგორ ცხოვრობთ.


– სიუჟეტი შეგვიძლია ვაქციოთ რეალობად, მე ხომ ამით ვცხოვრობ, განვიცდი. გინდა, რომ კარგად გამოგივიდეს, მივყვებით ცხოვრების დინებას, გარკვეულწილად ვთამაშობთ. ახლა გესაუბრები და თან კარგ მუსიკას ვუსმენ. ასე გამოიყურება ჩემი ცხოვრება.


– როგორია თქვენი დღის რეჟიმი?


– გადასარევი და მორგებული იმაზე, რომ მოვასწრო საქმეც, პირადიც და ბავშვებთან ყოფნაც.


– რა ასაკში არიან თქვენი შვილები?


– ლაზარე წელს წავიდა სკოლაში, რითიც ძალიან კმაყოფილია. ახლა გვიდგას ის ეტაპი, როცა მასწავლებლები აფასებენ, აქებენ. ჯერჯერობით არ გვჭირდება სწავლის დაძალება. რაც შეეხება მაშოს, უკვე 8 წლისაა, სხვადასხვა გატაცებები აქვს, მათთან ერთად ბევრ რამეს ვსწავლობ.


– როგორი დედა დადგა თქვენგან?


– ჩემგან დედა 8 წლის წინ დადგა, მას მერე სულ ვსწავლობ დედობას. მთავარი ის არ არის, როგორი დედა დადგა ჩემგან, მთავარია, როგორ შვილებს აღვზრდი და არა მხოლოდ გავზრდი. თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ შვილების აღზრდის პროცესში, ეს არ არის ვალდებულება, ეს არის ინსტინქტი. აზრებს ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს. ყოველთვის ვითვალისწინებ, რა გაუხარდებათ. თანასწორი უფლებები გვაქვს, ასე ვზრდი ბავშვებს. ძალიან მეგობრული ვარ.


სკოლაში გარკვეულ დღეებში მე დამყავს, გარკვეულ დღეებში – ბაბუს. ჩემი სამუშაო გრაფიკი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ბავშვებს დიდი დრო დავუთმო.


– მარტოხელა დედობას როგორ უმკლავდებით?


– არ ვთვლი, რომ მარტოხელა დედა ვარ. ძალიან გთხოვთ, აღარ შევეხოთ იმ თემას. როგორი კარგი მამა ჰყავთ ჩემს შვილებს, ეს ისედაც საქვეყნოდ აღიარებული ფაქტია. შესაბამისად, მარტოხელა დედა არ ვარ და სირთულეებზეც არ ვილაპარაკებ.


– ბევრი თქვენი კოლეგა წავიდა “რუსთავი 2”-დან. თქვენ არასდროს გიფიქრიათ წასვლაზე?


– არა, რადგან მე მომწონს ის არხი, სადაც ვმუშაობ.


– თქვენ არ შეგეხოთ ფინანსური კრიზისი?


– ფინანსური კრიზისი თითქმის ყველას შეეხო, მაგრამ მგონია, რომ ეს პერიოდი ერთად დგომით გადავლახეთ. არა მგონია, მარტო მატერიალურ მდგომარეობაზე იყოს სამსახურის სიყვარული. როცა კრიზისია, არ მგონია, გაქცევა კარგი საქციელი იყოს.


ყველა სირთულე უკანაა მოტოვებული. ჩემთვის ძალიან კომფორტულია ის გარემო, სადაც ვარ. “რუსთავი 2”-ზე 10 წელია ვმუშაობ და ეს არხი ჩემთვის ოჯახი უფროა, ვიდრე სამსახური. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.


– 10 წელი ძალიან ბევრია ერთი და იმავე სამსახურისთვის.


– როცა მიყვარს, ეს საქმე იქნება თუ ადამიანი, არ მბეზრდება. ასე რომ, არ მგონია, ბევრი იყოს.


– რადგან სიყვარული ახსენეთ, არ დადგა დრო ხელმეორედ დაოჯახების?


– სიყვარული და ოჯახი – ჩემთვის ამ ეტაპზე ეს ორი ცნება გაიგივებული არ არის. მეტს ვერაფერს დავაკონკრეტებ.


– ბოლო პერიოდში ძალიან თამამი, სექსუალური ფოტოებით გამოჩნდით სოციალურ ქსელში. ვის ეპრანჭებით?


– ეს იყო ერთ-ერთი სარეკლამო ფოტოსესია. არა მგონია, სოციალური ქსელი საუკეთესო ადგილი იყოს გასაპრანჭად.


– შეყვარებული ან თუნდაც განწყობილი სიყვარულისთვის არ ხართ?


– შეყვარებული ყოველთვის ვარ ყოველ წუთზე და ყოველ წამზე, ყველა ბედნიერ მომენტზე. ოჯახის შექმნის დრო როცა დადგება, აუცილებლად გაგაგებინებთ.


– ყოველთვის მშვენიერ ფორმაში ხართ. როგორ უვლით თავს?


– თავის მოვლა ცხოვრების წესად მაქვს ქცეული. როგორ გამოვიყურები, არის შედეგი ვიტამინების კოქტეილის, სწორი კვების, ნაკლები სტრესის და ბევრი პოზიტივის. დღეს რთულია ნაკლები სტრესით ცხოვრება, მაგრამ ვცდილობ, გარე ფაქტორებმა ჩემი შინაგანი სიმშვიდე არ დაარღვიოს. ეს ხან გამომდის, ხან – არა.


ახლა საკმაოდ ბევრი კილოგრამი მაქვს მომატებული. კონკრეტულად არც ვიცი, რამდენი, მაგრამ დიდად არ განვიცდი. დიეტაზე არ ვარ, უბრალოდ თავს ვიკავებ გარკვეული საკვების მიღებისგან. ზედმეტი კილოგრამები ჩემთვის ტრაგედია არ არის.

წყარო: სარკე