ვისთან ერთად აპირებს სამოთხეში ცხოვრებას აჩი ფურცელაძე?

  • თბილისელები
  • 29 იანვარი 16:33

მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ელენე დუმბაძესთან ერთწლიანი თანაცხოვება ხელის მოწერით დააგვირგვინა და ამით საყვარელ ქალს სიურპრიზი მოუწყო.

აჩი ფურცელაძე: ჩემს საყვარელ ქალს 15 იანვარს, ანუ ჩვენი თანაცხოვრების ერთი წლის თავზე, 365 დღის ბედნიერად და სიყვარულში გატარების გამო, სიურპრიზი მოვუწყვე – იუსტიციის სახლში მივიყვანე და ხელი მოვაწერეთ. ამ დღეს გახდა ერთი წელი ჩემი და ელენეს შეხვედრიდან, შეხედვიდან და ნაცნობობიდან. მანამდეც ვიცოდი მის შესახებ, ფოტოები მქონდა ნანახი და ძალიან მომწონდა, საერთო მეგობრებიც გვყავდა და ვიცოდი, როგორი მაგარი გოგო და მაგარი ადამიანია. ახლოს რომ გავიცანი, მივხვდი: ეს ის ქალია, რომელიც მინდა, ჩემ გვერდით იყოს-მეთქი. ხომ ამბობენ, ორი ადამიანის ბედი ზეცაში წყდებაო? ჩვენი ბედი კი დედამიწაზე, მყარად გადაწყდა და ამისთვის მადლობა უფალს. მოკლედ, ის პირველი შეხვედრა საბედისწერო იყო და ჩვენი ბედიც გადაწყვიტა. დღემდე ასე, ბედნიერად მოვდივართ.


– ხელის მოწერა თანაცხოვრებიდან ერთი წლის შემდეგ იმის შედეგი ხომ არ იყო, რომ სიყვარულის გამოცდა წარმატებით ჩააბარეთ?


– ზოგადად, მიყვარს ციფრებთან და სიტყვებთან თამაში, მათი გადაწყობა, შეკრება და რაღაცების გამოყვანა. ელემ არ იცოდა, რომ ხელის მოწერას ვგეგმავდი. მოკლედ, მოვკიდე ხელი, წავიყვანე და იუსტიციის სახლში ასეთი სიურპრიზი გავუკეთე, ჩვენი სიყვარულის დაკანონებით.


ელენე: დილით, რომ გავიღვიძე, აჩიმ მითხრა, წამომყევი იუსტიციის სამინისტროში, საქმე მაქვსო. მიმიყვანა და ხელი მოვაწერეთ. აი, ასეთი სიურპრიზი მომიწყო. თან, მითხრა, ეს ჩემი საჩუქარია ჩვენი სიყვარულის ერთი წლის აღსანიშნავადო (იცინის).


აჩი: სხვათა შორის, ელემაც გამიკეთა ლამაზი საჩუქარი და ჩვენი გაცნობიდან ერთი წლის თავზე, ღამით, ძვირფასი ღვინო მაჩუქა ბოთლზე ამოტვიფრული გრავიურით: „მადლობა ბედნიერების ერთი წლისთვის, მე მიყვარხარ!“. ასე რომ, ელენემ ღვინო მომართვა, მე კი ჩვენი თანაცხოვრების ერთი წლისთავი ხელისმოწერით დავაგვირგვინე და დავაკანონე.


– ელენე, როგორია, არაორდინარულ, არასტანდარტულ ადამიანთან ერთად ცხოვრება, როცა არ იცი, რას მოიფიქრებს, რას მოიმოქმედებს და რა სიურპრიზს მოგიმზადებს?


ელენე: ეს ერთი წელი მის გვერდით ძალიან ბედნიერი ვიყავი და ვიცი, ასეთი ბედნიერი ვიქნები ხვალაც და ზეგაც. ხოლო, ჩემი თანხმობა 15 იანვარს ხელმოწერაზე იმის დასტური იყო, რომ მე ამ ადამიანის გვერდით ნამდვილად ბედნიერი ერთი წელი განვვლე. წარმატებით ჩავაბარეთ ერთწლიანი სიყვარულის გამოცდა, კანონიერადაც დავადასტურეთ და წინ ბევრი ბედნიერი წელი გველის.


– აჩი, სად აღნიშნეთ ოფიციალურად დაქორწინება?


აჩი: არსად. კი მქონდა გათვლილი, რომ 15-ში ხელს მოვაწერდით, მაგრამ სადმე აღნიშვნა არ დამიგეგმავს. ხელმოწერა ჩვენს ურთიერთობას კი არ აკანონებს, უბრალოდ, ჩვენს ბედნიერებას ამყარებს. ასე რომ, ეს დღე


– 15 იანვარი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. თან, ბედობა დღე იყო, ერთმანეთიც დავიბედეთ. ამის მერე მეგობრის ოჯახში მივედით, შვილიშვილის ერთი წლის აღსანიშნავად, დავსხედით ხუთი კაცი და ბავშვის დაბადების დღეც აღვნიშნეთ, ბედობაც და ჩვენი ხელმოწერაც. ასე რომ, ერთმანეთი შარშან დავიბედეთ და ყოველ წელს ასე დავიბედებთ.


– გავიგე, შვილს ელოდებით...


– თქვენს პირს შაქარი, მოვლენებს გაასწარით, თუმცა, კარგი იქნება, ენამ რომ გიყივლოთ (იცინის). ეს წელი იმდენად კარგად დაიწყო, ვიცი, ბევრი კარგი რამ მოხდება. ამ წელში ველოდებით ჩვენი სახლის დასრულებას და წლის ბოლოს პატარა ბაიას მოვლენას.
ელენე: ამ ადამიანის გვერდით ჩემთვის ყველა დილა განხვავებულად ბედნიერად იწყება. აჩი, თავისი ბუნებით, ქიმიით და ფიზიკით, თავიდან ბოლომდე სიურპრიზია. ხშირად მაოცებს თავისი საქციელით. იცის, როგორ გაათამამოს ქალი (იცინის). მოულოდნელი სიგიჟეები ახასიათებს და მის ხელში, გათამამებული ცოლი ვარ.
აჩი: რომ ვხედავ, ყოველ დილით როგორ იღვიძებს ჩემი პრინცესა ჩემ გვერდით, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს? სითბოს მოყვარული ადამიანია და არც მე ვაკლებ მოფერებას. მოკლედ, დილით იმდენ სიყვარულს ვაძლევ, რომ მთელი დღის განმავლობაში ეყოს (იცინის). იცით, რაზე მიდის ჩვენ შორის ჭიდაობა? ვის უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი. აი, ამაზე ვდაობთ და ვკამათობთ, ვის სადამდე გვიყვარს (იცინის).


– თქვენი ერთწლიანი სიყვარულის ისტორია ნათელ და ბრჭყვიალა ფერებში კი დამიხატეთ, მაგრამ ოჯახური ცხოვრება პრობლემების გარეშეც ხომ წარმოუდგენელია? აჩის ხშირად უწევს მოსკოვში ვიზიტები, ფაქტობრივად, მთელი დღე გადარბენებზეა...


ელენე: ზრდასრული ადამიანები ვართ და ვიცით, როგორ მოვაგვაროთ პრობლემები. მე აჩის პროფესიაც ვიცი, რეჟიმიც და შესაბამისად, მისი აქტიურობა პრობლემა არ არის. ჩემი მხრიდან ხელის შეშლაზე კი არა, პრეტენზიაზეც არ არის საუბარი. აჩი თუ თავის საქმეს არ გააკეთებს და მე ამაში ხელს შევუშლი, აჩი აღარ იქნება ის, ვინც არის. ის ისეთი მივიღე, როგორიც არის და მისი ცხოვრების გადაკეთებას არ დავიწყებ. მე, ასეთი აჩი მინდა და მიყვარს. როცა აეროპორტში აჩის ვაცილებ, ამ დროს ყველაზე მეტად მიჭირს, მერე კი ჩამოკიდებული ვართ ტელეფონზე (იცინის). მოკლედ, მხოლოდ მაშინ მიჭირს, როცა აჩი ცაშია და ვერ ვეკონტაქტები. მან ყოველთვის იცის, სად ვარ და ერთად ყოფნა არასდროს გვბეზრდება. ჩემთვის მისი ერთკვირიანი გასვლები არ არის სასიამოვნო, მაგრამ საჭიროა.


აჩი: იმედია, გაზაფხულზე, მაისის ბოლოს, ჩვენი ბუდე გვექნება, ბინაში გადავალთ და საკუთარ სამოთხეს მოვიწყობთ. ელენეს გემოვნებას ვენდობი და სახლს ის მოაწყობს. მე, ამ მხრივ, ბანკირის როლს ვასრულებ (იცინის). სამშენებლო კომპანიამ ჩემთან შეწყვიტა კონტაქტი და ელენეს ურეკავენ.


– ესე იგი, ქალმა უნდა შექმნას ის სამოთხე, სადაც აჩიმ უნდა იცხოვროს?


– აბა, რა! ელენე შექმნის იმ სამოთხეს, სადაც აჩი თავის დედოფალთან ერთად იცხოვრებს. მე მარტო მუსიკა და აქეთ-იქით სიარული მეხება, ყველაფერი დანარჩენი კი – ელენეს.


აჩი: არ ვარ პრეტენზიული ტიპი და არ ავშარდები იმის გამო, ეს აქ რატომ არ დევს-მეთქი. კომფორტი, რასაც ელენე მიქმნის, იმაზე მეტია, რაც აქამდე მქონდა. ადრე, ჩემი თავის მოვლა თავად მიწევდა, ახლა კი, ელენემ ისეთი ცხოვრება შემიქმნა რომ ძლიერი და ლაღი ვარ. ხომ ამბობენ, ქალები სუსტი სქესის წარმომადგენლები არიანო? ეს ასე არ არის! ჩემი ელენე ყველაზე ძლიერია. კიდევ ვამბობ, ფურცელზე ხელის მოწერამ, ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვალა, უბრალოდ, ელენე იყო აღელვებული (იცინის).

წყარო: თბილისელები