როგორ მოიქცეოდა ეკა მჟავანაძე რძლის ღალატის შემთხვევაში

  • თბილისელები
  • 29 იანვარი 12:52

ეკა მჟავანაძის პერსონაჟი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიებში რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. პირველი სწორედ ის იყო, ვინც რძლის ღალატის ამბავი შეიტყო.

ეკა მჟავანაძე: მართალი გითხრათ, არ ველოდი, რომ ქეთის საყვარლის ამბავს პირველად დედამთილი გაიგებდა. სცენარი რომ გამოგვიგზავნეს, ატყდა ზარები ჩემს ტელეფონზე. ახალი წლის წინა ღამე იყო, დიასახლისი ვარ, სახლში სამი მამაკაცი მყავს და საოჯახო საქმეებს ვაკეთებდი. ბევრმა რომ დამირეკა, წაიკითხეო? დავიძაბე, გავჯიქდი და არ წავიკითხე. უკვე ვიცოდი, რომ ჩემი პერსონაჟი მოისმენს ქეთის საუბარს და ყველაფერს გაიგებს, მაგრამ სცენარის წაკითხვამდე, დავდიოდი და ვეძებდი შინაგან მდგომარეობას, რომელიც შეიძლება დაეუფლოს ასეთ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს. საბოლოოდ, რა შინაგანი მდგომარეობითაც წავიკითხე, ჩემთვის ჩუმად, ისევე ვითამაშე ეს სცენა. მიუხედავად იმისა, რომ ორი ბიჭი მყავს, მსგავს რამეზე ფიქრიც არ მინდა. ეს ქალი შეურაცხყოფილია, პირველ რიგში, შვილის გამო და მას უფრთხილდება. ვერ წარმოიდგენდა, რომ მას ცოლი ტყუილში აცხოვრებდა. არ მიყვარს ურთიერთობებში ტყუილი. ტყუილად გამარჯობასაც ვერ ვიტყვი, ტყუილი ჩემთვის მომაკვდინებელია და მით უმეტეს, ასეთ ტყუილში ცხოვრება ხომ წარმოუდგენელია.


– ყველა ჩემნაირი ხომ არ გგონია, მე ყველაფერს ვითმენდი, შენ ახალგაზრდა საყვარელთან დადიოდი და მე ამ დროს, გაზქურასთან ვიდექიო, ამბობს თქვენი პერსნაჟი. რეალური ეკა როგორია?


– ეს ქალი ტრაგიკული პერსონაჟია, არაა ბედნიერი. ქმარს წამოაძახა კიდეც, შენ ყველა ჩემნაირი ხომ არ გგონიაო. ახლა სხვა მენტალიტეტია, ადრე სხვა იყო, მეც მეოცე საუკუნიდან მოვდივარ. მაშინ იყო ქალიშვილობის ინსტიტუტი და სხვა სერიოზული დოგმები. დიდი ამბავი, თუ ქმარმა გიღალატა? რა მოხდა, თუ კაცმა გვერდზე გაიხედა? – მაშინ ასე ესმოდათ. გვერდზე გახედვა, გასაგებია, უბრალოდ, ამას სტაბილური ხასიათი არ უნდა მიეცეს, მუდმივი უკმაყოფილებისა და ტყუილის მიზეზი არ უნდა გახდეს, თორემ სხვა შემთხვევაში, შეიძლება ამის გამო ოჯახი არ დაანგრიო. ჩემთვის ოჯახის ინსტიტუტი ძალიან ბევრს ნიშნავს, მეც მქონია ცხოვრებაში რაღაც უსიამოვნება, მაგრამ ოჯახის დანგრევამდე არ მივსულვართ. ოცდაცხრა წელია, ერთად ვართ. მთავარია, პათოლოგიურ მდგომარეობამდე არ მიხვიდე. არც ის მესმის, არ მიყვარს, მაგრამ რას იტყვის ხალხი? ადამიანი ერთხელ ცხოვრობ, თან, ძალიან ხანმოკლედ და ამ დროსაც საკუთარ თავზე უარი თქვა და სხვის სურვილებზე იარო? – რა სისულელეა. თუმცა, არ მიყვარს წინასწარ თქმა, მე ამას არასდროს გავაკეთებ, არავინ იცის, რას გააკეთებს და რა ელის ცხოვრებაში. ყოველთვის ამის შიში მაქვს და სხვას არასდროს განვიკითხავ.


– როგორ მოიქცეოდით თქვენი პერსონაჟის ადგილას?


– ორი ბიჭი მყავს. უფროსი 28 წლისაა, უმცროსი – 22-ის, დაქორწინებული არცერთი არაა. მსგავსი რამის წარმოდგენაც არ მინდა, თუმცა, ალბათ, ასეთ ისტერიკაში არ ჩავვარდებოდი, უფრო შიგნით მექნებოდა დიდი ტკივილი. რა თქმა უნდა, შვილს მე არ ვეტყოდი, ვურჩევდი, რომ თავად ეთქვა და გაერკვიათ თავიანთი ურთიერთობა. მშობელი ხარ და შვილს რჩევას მისცემ, მაგრამ ჩემი შვილები ისე გავზარდე, მათ პირად ცხოვრებაში დიდად არასდროს ჩავრეულვარ. მინდა, რომ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. რაც უნდა იყოს, მერე მოგიტრიალდება და გეტყვის, შენ არ მირჩიეო?! დედა შვილს დაარიგებს და თუნდაც იმ წუთას გეწინააღდეგებოდეს, ეს სიტყვები გარკვეულ გავლენას ახდენს. თუმცა, საბოლოო ჯამში, თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი. ადამიანს რომ ადამიანი უყვარს, მგონია, რომ მის სიყვარულს პატივი უნდა ვცე. რა უფლება მაქვს, მისი სიყვარული ვაძაგო და თავს ლაფი დავასხა?! ეს ხომ საშინელებაა, რჩევით კი, მაგრამ როგორ შეიძლება, სიყვარულს წინააღმდეგობა გაუწიოთ?! თუ თვითონ რამეს მიყვებიან, ვცდილობ, ჩემი აზრი ძალიან რაფინირებულად ვუთხრა, იმიტომ რომ მერე წლები გადის და გულში გრჩება, რომ შენს სიყვარულს ვიღაც ცუდად შეეხო.


– ისე, როგორი დედამთილი იქნებით?


– ალბათ, ცუდი არ უნდა ვიყო. არავითარ შემთხვევაში არ ვიცხოვრებ შვილებთან. მე ჩემი ცხოვრება მაქვს. ორი დიასახლისი ერთ სამზარეულოში ცოტა რთულია. სტუმრად – გადასარევია, როგორც მოსვლით გაგვახარეთ, ისე წასვლით გაგვახარეთ. ამ შემთხვევაში ყველა ბედნიერია (იცინის). საერთოდ, მე მომთხოვნი ვარ ჩემი შვილებისა და პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. მიყვარს წესრიგი, ცოტა მკაცრიც ვარ და რადგან არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მირჩევნია, ცალკე ვიცხოვრო და ყოველწუთას არ დავინახო ის, რაც შეიძლება, არ მომეწონოს და ამით არც მე გავღიზიანდე და არც სხვა გავაღიზიანო. ჩემმა ქმარმა იცის ხოლმე თქმა, ყველა ეკა მჟავანაძე არ იქნება, შენ შენით ნუ საზღვრავო, ამიტომ შევეგუე ამ აზრს (იცინის).


– თქვენ დედამთილთან ერთად ცხოვრობდით?


– არა, დედამთილთან არ მიცხოვრია. ჩემმა თაობამ ისეთი წლები გამოიარა, სადაც შუქი და გაზი გვეგულებდა იქ გავრბოდით. მეც აქეთ-იქით დავდიოდი. თუმცა, ძირითადად დედასთან ვცხოვრობდი და რომ არა ის, არ ვიცი, შვილებს როგორ გავზრდიდი. მაგრამ დედამთილ-მამამთილთანაც ვრჩებოდი ხოლმე. ჩემი მამამთილი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ბავშვების მოვლაში მეხმარებოდა. დედამთილი 94 წლის ხდება. ახლა მითხრა, ამ სერიას ვერ ვუყურე, მითხრეს, აუცილებლად ნახეო და კიდევ როდის იქნებიო (იცინის). სხვათა შორის, მშვენივრად აზროვნებს. ამ ბოლო დროს დაიწყო წუწუნი, რომ დავდივარ, ცოტა თავბრუ მეხვევაო.


– როგორი დედამთილია? მსახიობი რძალი მოსწონდა?


– ძალიან მხიარული გურული ქალია. თავის დროზე მსახიობი რძალი ცოტა პრობლემა იყო. მაგრამ მერე ისეთი წლები გვქონდა, მსახიობი იყავი, ექიმი თუ ბუღალტერი, რა მნიშვნელობა ჰქონდა. საკმაოდ ძლიერი ოჯახი ჰქონდათ და უცებ ცუდ სიზმარში აღმოჩნდნენ. ზამთარი რომ მოდიოდა, ოღონდ მშივრები არ დავრჩენილიყავით და ყველანაირ კონსერვს ვაკეთებდი, მთელი ზამთრის მარაგს. თავის გადარჩენაზე გვიწევდა ზრუნვა, იმას ვფიქრობდით, ბავშვისთვის რა გვეჭმია და პროფესია მეორე პლანზე გადავიდა. ახლა ჩემი ფასი არავინ არ ჰყავს, გიჟდება ჩემზე. სიცოცხლით სავსე ქალია. წყენით დედისგანაც შეიძლება გეწყინოს რამე, მაგრამ სერიოზული უთანხმოება არასდროს გვქონია. ცალ-ცალკე ვცხოვრობდით და ჩვენს ცხოვრებაში არ ერეოდა. ღმერთმა კიდევ დიდხანს აცოცხლოს.


– თქვენს მშობლებზე გვიამბეთ.


– დედაჩემი ექიმი-კარდიოლოგი იყო, მამა ბოლო წლები – მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე, მანამდე მსახიობობდა. გარდა ამისა, ჰქონდა „სახალხო თეატრი“ დღევანდელ აგრარულ უნივერსიტეტში. მამა ადრე გარდამეცვალა ტვინში სისხლის ჩაქცევით. მარტო ვიყავით სახლში. ყველაფერი ძალიან სწრაფად, რამდენიმე საათში მოხდა. ხელი მომკიდა და მითხრა, ზუსტად ახლა გჭირდებოდიო. ალბათ, ის რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წავიდოდა, თუნდაც თეატრსა და კინოში. მერე დედამ ძალიან შემიწყო ხელი, მე თუ რამე გავაკეთე, მისი დამსახურებაა. როცა მე დილიდან საღამომდე გარეთ ვშრომობდი, ბავშვების მოვლაში ძალიან მეხმარებოდა. სულ ვამბობ ხოლმე, ტელეფონით გაზრდილი შვილები მყავს-მეთქი.

წყარო: თბილისელები