როგორ განსხვავდება ბავშვის ჩაკეტილობა სიმორცხვისგან

  • თბილისელები
  • 22 იანვარი 15:33

კომუნიკაციის უნარის განვითარება ბავშვისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

არიან ბავშვები, რომლებსაც უჭირთ ადამიანებთან ურთიერთობა, თავის თავში არიან ჩაკეტილი და მშობელი ხშირად ამას ბავშვის სიმორცხვედ, მის განსაკუთრებულ ინტელექტუალურ მდგომარეობად აღიქვამს და ფიქრობს, რომ ბავშვს, უბრალოდ, არ აინტერესებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. რამდენად მნიშვნელოვანი პრობლემაა ბავშვის ჩაკეტილობა და როგორ უნდა განვასხვავოთ ჩაკეტილობა სიმორცხვისგან, გვესაუბრა ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი: ბავშვებში მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უნარის განვითარება. ეს კი მოიცავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, ამ ურთიერთობის ორგანიზებას, თანაგანცდის უნარს, სხვისი ემოციების აღქმისა და გაზიარების შესაძლებლობას, ნორმებისა და წესების ცოდნას. თუ ბავშვს უჭირს სხვებთან ურთიერთობა, არ ჰყავს მეგობრები, შესაძლებელია, ეს ჩაკეტილობის ნიშანი იყოს.


– რა შეიძლება იყოს ჩეკეტილობის მიზეზი?


– მიზეზი შეიძლება, იყოს ბავშვის ფსიქოლოგიური განსაკუთრებულობა, მისი შინაგანი სამყარო (ფსიქოტიპი – ინტროვერტი. ასეთ ბავშვებს უყვართ მარტო ყოფნა, თავისთვის თამაში და ასე შემდეგ); ოჯახში არსებული აღზრდის სტილი, არათანმიმდევრული აღზრდა, როდესაც უგულებელყოფილია ბავშვის განცდები და ემოციები, ზედმეტი შენიშვნები მშობლებისგან, მათთან ნაკლები კომუნიკაცია; გადაჭარბებული მოლოდინები ბავშვის მიმართ – მისგან მაქსიმალურ შედეგს ითხოვენ – ამ დროს ბავშვს უჩნდება განცდა, რომ ის უყვართ გარკვეული მიზეზის გამო – თუ მისი ქცევა მშობლებისთვის მოსაწონი იქნება; როდესაც ადგილი აქვს თანატოლების მხრიდან დაცინვას. გამომწვევი მიზეზი შეიძლება, გაჯეთებთან ურთიერთობაც იყოს, ის რეალური სამყაროს ჩამნაცვლებელია, რის გამოც კომუნიკაციის უნარები სრულყოფილად არ ვითარდება. ის ვერ ხედავს ცოცხალი ურთიერთობების აზრს და როდესაც საზოგადოებაში ხვდება, არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს.


– როგორ მივხვდეთ ბავშვი ჩაკეტილია თუ არა?


– მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ იქცევა ბავშვი ყოველდღიურ სიტუაციებში, როგორ თამაშობს ბავშვებთან, როგორ იქცევა, როდესაც სახლში ბევრი უცხო ადამიანია. ბავშვს, რომელსაც ურთიერთობებში პრობლემები აქვს, ეშინია თანამოსაუბრესთან თვალებში შეხედვა. ხშირად აქვს ისეთი ჩვევები, როგორიც არის ფრჩილების კვნეტა, სხეულის ნაწილების მოძრაობა, მაგალითად, თავის, მხრების... ჩაკეტილ ბავშვებს ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: იშვიათად საუბრობს, მისი საუბარი მოკლე ფრაზებით შემოიფარგლება, არ სურს მისთვის ნაცნობ და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა, მაგალითად, დედმამიშვილებთან. ცდილობს, თავი აარიდოს სოციუმს, არ სურს ახალი ურთიერთობების წამოწყება, არ გამოხატავს საკუთარ აზრსა და ემოციებს, თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას ან მოკლედ პასუხობს, მაგალითად: „არ ვიცი“. აქვს სიახლეების მოსინჯვის შიში. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სხვადასხვა ფსიქოსომატურ დარღვევებს (მაგალითად, მუცლის ტკივილი და ასე შემდეგ). ჩაკეტილ ბავშვებს სუსტად აქვთ განვითარებული ჟესტები და მიმიკები.


– არის თუ არა განსხვავება მორცხვსა და ჩაკეტილ ბავშვს შორის?


– მორცხვი და ჩაკეტილი ბავშვი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთში ერევათ. მორცხვ ბავშვს უნდა სხვებთან ურთიერთობა, მაგრამ არ იცის, როგორ მოახერხოს ეს. ხოლო ჩაკეტილ ბავშვს სხვებთან ურთიერთობის დამყარების არც სურვილი აქვს და არც უნარი. ბავშვები ყველაზე ცნობისმოყვარე და ღია არსებები არიან. ყოველ შემთხვევაში, მათი უმეტესობა მაინც, თუმცა, არიან ბავშვები, რომლებიც საერთოდ არ მიილტვიან კონტაქტის დასამყარებლად. ისინი მიჩვეულები არიან ჩაკეტილ სამყაროში ცხოვრებას და მათი კონტაქტზე გამოყვანა არც თუ ისე ადვილია. ჩაკეტილი, მორცხვი, სიტყვაძუნწი, უკონტაქტო – ასე ეძახიან ამგვარ ბავშვებს. თუმცა ამ ტერმინებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ისინი ცხოვრობენ საკუთარ სამყაროში, რომელშიც მხოლოდ ახლობლებს უშვებენ. ჩაკეტილობას მშობლები ხშირად მიაწერენ ბავშვის შემოქმედებით განვითარებას და ფიქრობენ, რომ მათ შვილს, სხვა ბავშვებთან ურთიერთობა არ აინტერესებს. თუმცა, ეს მცდარი შეხედულებაა. ასეთი ბავშვები, უბრალოდ, არ არიან ბედნიერები და ამის მიზეზი თვითონაც არ იციან.


– რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ბავშვის ჩაკეტილობას?


– ჩაკეტილ ბავშვებს არ შეუძლიათ საქმის ბოლომდე მიყვანა, არჩევნის გაკეთებისას სირთულეები ექმნებათ, აქვთ ურთიერთობის პრობლემები, რაც ზრდასრულობაშიც მიჰყვებათ; შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ღამის შიშებს, კოშმარულ სიზმრებს და ასე შემდეგ. საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, დაბალი თვითშეფასება, რაც ცხოვრების ყველა სფეროში გამოიხატება. უინიციატივოა, უჭირს თავისი თავის რეალიზება და ამიტომ თითქმის ვერასდროს აღწევს წარმატებას. უყვარს მარტოობა და ხშირად აქვს თვითდანაშაულის განცდა. შეიძლება, ბავშვმა არ იცოდეს, როგორ გამოხატოს ემოციები. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობლები გამუდმებით ჩხუბობენ, ის ყველაფერს შინაგანად განიცდის და ეს განცდები მის ემოციურ რეაქციებში აისახება. ის უფრო ნერვიული ხდება. დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებს ხშირად არ სურთ სხვებთან ერთად თამაში, რადგან ეშინიათ, რომ შეიძლება, ისინი მათზე უკეთესები იყვნენ. ბავშვებს, რომლებსაც მშობლები უარყოფით შეფასებას აძლევენ, უნდათ, პირველები იყვნენ ყველგან და ყველაფერში, მაგრამ არ გამოსდით. მშობლის ყოველი ურთიერთობა ბავშვთან, მისი წარუმატებლობის ან წარმატების შეფასება გავლენას ახდენს ბავშვის დამოკიდებულებაზე საკუთარ თავთან. ზოგჯერ უფროსები არასწორ ტაქტიკას ირჩევენ, ბავშვებს მიზეზის გაურკვევლად ეჩხუბებიან. შედეგად ვიღებთ იმას, რომ კომუნიკაბელური, გულღია ბავშვი ჩუმი და ჩაკეტილი ხდება, უფრო და უფრო შორდება მშობლებს. შემდეგ ეს მდგომარეობა ღრმავდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ბავშვების ემოციებს, შევეცადოთ, გავარკვიოთ მათი წარმოშობის მიზეზები და ბავშვს ვასწავლოთ ემოციების ამოცნობა.


– როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი ჩაკეტილ ბავშვს?


– მნიშვნელოვანია, მშობელმა დროულად შეამჩნიოს პრობლემა და ჩაერიოს. მასთან საუბრისას ხშირად გაუსვით ხაზი, რამდენად აუცილებელია ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრობა. უამბეთ, რამდენი ახალი და საინტერესო რამ შეიტყვეთ ამა თუ იმ ადამიანისგან, რამდენი სასიამოვნო თავგადასავალი გადაგხდათ ბავშვობაში თანატოლებთან ერთად. უყურადღებოდ არ დატოვოთ, როდესაც ბავშვს ჩაკეტილობას ამჩნევთ. არ დააძალოთ და საკუთარ მაგალითზე ასწავლეთ ურთიერთობები. უპირველესად, თავად აჩვენეთ, როგორი კომუნიკაბელურები ხართ და რომ ბევრ ადამიანთან ლაღად ურთიერთობთ. ასეთ ბავშვს არ უნდა გაუმძაფროთ მდგომარეობა მუდმივად გარეშე საფრთხეებზე საუბრით, მისთვის უცნობი ადამიანების კრიტიკით, „უცხო ძიებითა და დეიდებით“ დაშინებით. მასთან საუბრისას ხშირად გაუსვით ხაზი, რამდენად აუცილებელია ადამიანებთან ურთიერთობა, მეგობრობა. უამბეთ, რამდენი ახალი და საინტერესო რამ შეიტყვეთ ამა თუ იმ ადამიანისგან, რამდენი სასიამოვნო თავგადასავალი გადაგხდათ ბავშვობაში თანატოლებთან ერთად. ხშირად ესაუბრეთ, დაეხმარეთ, ვერბალურად გამოხატოს საკუთარი გრძნობები და ემოციები; ყურადღება გაამახვილეთ მის ძლიერ მხარეებზე და გამოიყენეთ ბავშვთან ურთიერთობისას; წაახალისეთ ბავშვის ინიციატივა, ხშირად დაუპატიჟოთ სტუმრები. საკუთარ სივრცეში ბავშვი გააქტიურდება და მეტ ინტერესს გამოიჩენს თანატოლების მიმართ; მეტი დრო დაუთმეთ, მოუსმინეთ, პატივი ეცით და გაითვალისწინეთ მისი მოსაზრება. საჭიროების შემთხვევაში კი დროულად მიმართეთ სპეციალისტს.

წყარო: თბილისელები