"რუსებმა უკრაინის საზღვართან „ისკანდერები“ განალაგეს"

  • რეზონანსი
  • 19 იანვარი 14:18

რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს „ისკანდერის" ტიპის სარაკეტო სისტემა გადაისროლა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 430 კმ-შია განთავსებული.

ამის შესახებ, სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით, ამერიკული „ფოქს ნიუსი" იუწყება.


„რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომ ეს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯია, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინაში მოსალოდნელ საპრეზიდენტო არჩევნებთან უნდა იყოს დაკავშირებული.


ცნობილია, რომ სურათები კრასნოდარის ოლქის თავზე 17 იანვარს იქნა გადაღებული, ხოლო უკრაინის საზღვარსა და სარაკეტო კომპლექსებს შორის მანძილი ისრაელის კომპანია „ImageSat International"-მა განსაზღვრა, რომელიც კოსმოსიდან დედამიწისთვის გადაღებულ, მაღალხარისხიან ფოტოსურათებზე სპეციალიზირდება.


ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, ფოტოსურათებზე ჩანს, რომ რუსულუი რაკეტები განლაგებულია საწყობი ფარდულებისა და რამდენიმე ბუნკერის გვერდით. ერთერთ სარაკეტო სისტემასთან განლაგებულია მობილური სისტემა, რომელსაც გააჩნია სწრაფად გადატვირთვის შესაძლებლობა, რა დროსაც ახალ რაკეტებს ამატებს სისტემას.


„ისკანდერის"მოქმედების რადიუსი 500 კმ-ია.


სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ ბირთვული რაკეტების უკრაინისკენ მიმართვა რუსეთის მანევრია, რომელის მეშვეობითან უკრაინის დაშინებას ცდილობს:


„არსებობს ასეთი სამხედრო თეორია - ბირთვული დაშინების სტრატეგია. ასე რომ, ეს არის რუსეთის მიერ ამ სტრატეგიის გამოყენების კონკრეტული და რეალური ფაქტი. „ისკანდერი" - ეს არის დარტყმითი ტიპის შეიარაღება, სტრატეგიული შეიარაღების კომპონენტია და, რა თქმა უნდა, მათი განლაგება უკრაინის საზღვართან ახლოს ქვეყანაზე ერთგვარი ზეწოლის ფაქტია", - აღნიშნა ექსპერტმა.

წყარო: რეზონანსი