"აფხაზეთში რუს ბიზნესმენებზე ნადირობაა გამოცხადებული"

  • რეზონანსი
  • 19 იანვარი 11:36

რუსული მედია აღშფოთებით წერს, რომ აფხაზეთში რუს ბიზნესმენებზე ნადირობაა გამოცხადებული.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ორ მოქალაქეს დაესხნენ თავს, ერთი გარდაიცვალა, მეორე კი დაბრმავდა.


რუსული მედიის ცნობით, ეს არ არის ერთეული შემთხვევები და წლებია აფხაზეთში რუსი ბიზნესმენები თავდასხმებისა და რეკეტის მსხვერპლნი არიან - აფხაზები ან თავს ესხმიან და კლავენ რუს ბიზნესმენებს, ან აშინებენ და აიძულებენ „რესპუბლიკა" დატოვონ და საკუთარი ბიზნესი აფხაზს გადააბარონ.


მოსკოვში თვლიან, რომ აფხაზეთში ბიზნესის დაწყება ძალიან სარისკოა, რადგან ნებისმიერი დავის შემთხვევაში, აშკარაც რომ იყოს აფხაზის მხრიდან ძალადობა და უკანონობა, ადგილობრივებთან მოგების არანაირ შანსი რუს ბიზნესმენს არ აქვს, რადგან მეორე მხარეს მუდმივად ადგილობრივი „პატივცემული" აფხაზური კლანის წარმომადგენელი დგას.


„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის თქმით, რუსული მედიის პრეტენზია გასაგებია, რადგან აფხაზეთში რუსულ ბიზნესს თუ აფხაზური გავლენიანი კლანი არ ჩაუჯდა წილში, მუშაობის შანსი არ აქვს და ზოგჯერ, წილში ჩაჯდომაც არ შველის.


„აფხაზეთში პარადოქსული სიტუაციაა. წესით, აფხაზური საზოგადოების ინტერესში უნდა იყოს ბიზნესის შემოსვლა და ხელშეწყობა, რომ ეკონომიკას რაღაც კვალი დაატყოს და მეორეც, მათ ინტერესში უნდა შედიოდეს რუსეთის თვალში პრესტიჟის შენარჩუნება, თუმცა ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ მოხდეს. იმ ტოტს იჭრიან, რომელზეც სხედან. რომ ვთქვა, რომ ვიღაც მესამე ძალაა ჩართული და სპეციალურად აკეთებს, ეს უსაფუძვლოა. მაგალითად, შესაძლებელია ქართლი სპეცსამსახურები იყვნენ დაინტერესებულები, რომ აფხაზეთში რუსული ბიზნესი არ განვითარდეს და ამ თვალსაზრისით სიტუაცია იყოს არეული, მაგრამ ასე არ არის. ჩვენთვის ყველა ცნობილ შემთხვევაში, მათ შორის ყველაზე გახმაურებული იყო სუპერმარკეტი „კონტინენტის" ამბავი, ცნობილია, რა ტიპის ძალები არიან ჩართულები ამ პროცესში. აფხაზეთში იმდენად ძლიერია კლანური გავლენები, რომ ხაჯიმბამაც ვერ მოაგვარა ეს, მიუხედავად იმისა, რომ ის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო და ასეთ ძალებთან ბრძოლის გარკვეული უნარებიც ჰქონდა. კრიმინალური სამყარო ქმნის პოლიტიკას და კლანური მართვის სიტემა არეგულირებს ბაზარს," - ამბობს არეშიძე.

წყარო: რეზონანსი