"როცა ცუდად ვარ, ვჭირვეულობ, ძალიან მსიამოვნებს, ახლობლები რომ ჩემი მდგომარეობის თანაზიარი ხდებიან"...

  • თბილისელები
  • 16 იანვარი 13:42

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ახალ სეზონზე მაყურებლის განსაკუთრებული ყურადღება ნინასა და დათოს ოჯახის მიმართაა.

ნინას ჯანმრთელობის პრობლემებმა და რთულმა მდგომარეობამ ახალი, სადავო თემები და მაყურებლის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.


ლევან ყოჩიაშვილი: მე მომეწონა დათოს საქციელი. მას რომ თავიდანვე დაემძიმებინა სიტუაცია, მერე როლს განვითარება აღარ ექნებოდა. ამიტომ, ვიფიქრეთ, რომ ჯობდა, თავიდან მძიმე ემოციური მდგომარეობა თავიდან აერიდებინა, თითქოს ტვინამდე არ უშვებდა – არ უნდოდა, ასე უცებ დაეჯერებინა, რომ ასეთ პრობლემასთან ჰქონდათ საქმე. მგონია, რომ ასეთ დროს ყველა ცდილობს, რეალობას გაექცეს და ასე იყო დათოც, სანამ საბოლოო დასკვნები არ დაიდო. ადრე თუ გვიან მაინც დადგა ეგ მომენტი, როცა რეალობის აღიარება მოუწია.


– განსაკუთრებით იმ მომენტმა გამოიწვია კრიტიკა, როცა იმ მდგომარეობაში ნინასთან დარჩენას ძმაკაცებთან ყოფნა არჩია. მეუღლე ყველაზე რთულ მომენტში მარტო დატოვაო... არაერთი უაყოფითი კომენტარი წავიკითხე.


– ეგეც იმიტომ, რომ ჯერ არ უნდა, რეალობას თვალებში შეხედოს და ცდილობს, რაც შეიძლება, დიდხანს გაექცეს ამ სიტუაციას. მგონი, ამით ნინასაც უმსუბუქებს მდგომარეობას, იმიტომ რომ ასეთი დიაგნოზი განაჩენივით ისმის. დათო კი დამატებით აღარ უმძაფრებს, მისი წასვლაც და ნინას მარტო დატოვებაც ამის გამომხატველია, მაგრამ როცა უკვე დიაგნოზი დაზუსტდა და კითხვის ნიშნები აღარ დარჩა, მერე ხედავთ, როგორ უდგას გვერდით.


– თქვენს რეალურ ცხოვრებაში ძმაკაცები რა დოზითაა?


– ცხოვრებაში ყველას თავისი საქმე აქვს, სერიალში ყველაფერი უტრირებულია. ბავშვობაში, მოზრდილ ასაკში ბევრი დრო გაქვს მეგობრებისთვის, ძმაკაცებისთვის, მაგრამ როცა შვილები იზრდებიან და საზრუნავი იმატებს, ურთიერთობა არ ცივდება, მაგრამ ყველასთან ურთიერთობისთვის ძველებურად ბევრი დრო აღარ გრჩება. ეს, მგონი, ლოგიკურია და როგორც ყველასთან, ჩემს ცხოვრებაშიც ასეა.


– რთული წარმოსადგენია, მაგრამ დათოს ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით?


– პრინციპში, მსგავს სიტუციაში მეც დათოსავით მოვიქცეოდი. როცა შენთვის საყვარელ ადამიანს ასეთი პრობლემა აქვს, მაქსიმალურად ცდილობ, დაეხმარო და მდგომარეობა შეუმსუბუქო.


– მაშინ როგორი ხართ, როცა თქვენს ჯანმრთელობას ეხება საქმე?


– ხომ არიან ადამიანები, თავს რომ განსაკუთრებულად უვლიან და ჯანმრთელობის მდგომარეობას გამუდმებით აკონტროლებენ. მე არ ვარ ამაზე გადაყოლილი, პირიქით, ამ მხრივ ცოტა უყურადღებოც კი ვარ. მაგრამ როცა ცუდად ვარ, ძალიან მსიამოვნებს, ჩემი ახლობლები რომ ჩემი მდგომარეობის თანაზიარი ხდებიან. განსაკუთრებულ მოპყრობას ვითხოვ, ვჭირვეულობ და რაც უფრო დიდ ყურადღებას მაქცევენ, მით უფრო კარგად ვგრძნობ თავს (იცინის). საერთოდ, მგონია, რომ მსგავს სიტუაციებს ქალები უფრო ყოჩაღად ართმევენ თავს. ასეთ დროს ისინი ბევრად უფრო ძლიერები არიან. ქალს შეუძლია აქეთ გაგამხნევოს, მაშინაც კი, როცა თავად აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა. არა მხოლოდ ამ დროს, ბევრ სხვა მომენტშიც ქალები გაცილებით ძლიერები არიან.

წყარო: თბილისელები