“მივმართავ ვინმე არაკაცს, არაადამიანს, ვინმე სიგუას…” – შვილმკვდარი დედის წერილი გიორგი სიგუას

  • რეზონანსი
  • 16 იანვარი 12:42

GEM FEST-ზე გარდაცვლილი 21 წლის ნათია თავართქილაძის დედა, თიკო კობახიძე სოციალურ ქსელში GEM Fest-ის დამფუძნებელს, გიორგი სიგუას ემოციური წერილით მიმართავს:

„ჩემო ტკბილო შვილო, ჩემო თბილო შვილო, ჩემო ჭკვიანო შვილო, ჩემო ნათელო შვილო, ჩემო სულით-ხორცამდე სპეტაკო შვილო, ჩემო ლამაზო შვილო...


მივმართავ ვინმე არაკაცს, არაადამიანს, ვინმე სიგუას... სახელი არ ვიცი და არც მაინტერესებს... არც მისი ფინანსური მაქინაციებია ჩემთვის საინტერესო. ის ნამდვილად ვიცი, როცა რაიმეს აფუძნებ და მთავარ კაცად მოგაქვს თავი, მაშინ პასუხისმგებელიც ხარ ყველაფერზე, პასუხისმგებელი ხარ იმ ტერიტორიის ყოველ გოჯზე, პასუხისმგებელი ხარ იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანის ბედზე.


21 წლის სასწაული გოგო მომიკალი და ბაცაცასავით გაიქეცი ქვეყნიდან იმის მაგივრად, რომ მოსულიყავი და ქედი მოგეხარა მის საფლავთან. შენ მარტო ნათია არ მოგიკლავს, შენ მისი დაც მოკალი, შენ მისი დედა დაასამარე სამუდამოდ. ასე რომ, პასუხი აგე სამ მიცვალებულზე. რომ მოვიდე და კბილებით დავგლიჯო შენი დამპალი ხორცი, ამით ჩემს შვილებს არაფერი მოემატებათ. მიპასუხე რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, როგორ ვისუნთქო...


პირველი ხელფასით იყიდა ამ გაურკვეველი ,,ფესტივალის" ბილეთი ჩემმა შვილმა და მთელი წელი ეფოფინებოდა. მუსიკა უყვარდა, უყვარდა სიმღერა, უყვარდა ზღვა და უშიშრად ცურავდა ზღვის კიდემდე. მეშინოდა ზღვაში არ დამეხრჩოს -მეთქი, პირველად გავუშვი მარტო, დამოუკიდებლად და აღარც დამიბრუნდა.


მენატრები დე !!! მაპატიე, ვიცი ბრაზობ დედაშენი ასეთ დღეში რომ არის, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ყოფა, თუ ამას ყოფა ქვია. გამოუსადეგარი მცენარესავით ვარ, დავბორიალებ ოთახიდან ოთახში და ადგილს ვერ ვპოულობ. ჩემი ადგილი შენთან არის დე, შენთან...


იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ანგელოზად მოევლინე დანარჩენ სიკვდილისთვის განწირულ ახალგაზრდებს და გადაარჩინე მათი ოჯახები.


მიყვარხარ დედი, გვიყვარხარ დედიკო... ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროს და შენი სული ნათელში მიმყოფოს" , - წერს თიკო კობახიძე.


შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალ Gem fest-ზე რამდენიმე ახალგაზრდა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ერთი პირი, ახალგაზრდა გოგო, ნათია თავართქილაძე გარდაიცვალა.


 

წყარო: რეზონანსი