რა აკავშირებდა ზვიად გამსახურდიასთან ლია ელიავას და რატომ მიიღო მსახიობმა ინფარქტი

  • თბილისელები
  • 14 იანვარი 12:40

ლია ელიავას გმირს, თიკო ორბელიანს, დათა თუთაშხია ეუბნება:

ეს მხოლოდ ქალს შეეძლო თანაც თქვენისთანას... მე მაინც მოგზავნილი მგონიხართ, ქალბატონო.” ის მართლაც მოგზავნილი იყო, ოღონდ სინატიფის ჟანდარმერიიდან… იგი იყო მაგალითი იმის, თუ როგორ არ უნდა გაბოროტდე თავსდატეხილი ტრაგედიების მიუხედავად. და მაინც, როგორ გადაადნო მისი სულის ბრძმედმა ცხოვრების გზაზე შეხვედრილი ათასი სიავე, ტკივილი იმ სიკეთედ? განუმეორებელი სიცილი, იუმორი – განუყრელი მეგობარი – იარაღი ამ წუთისოფელთან საომრად, საოცარი სინათლე და სიმსუბუქე, შემთბარი ნაღველი თვალებიდან. ჰაეროვანი სევდა ათბობდა მის სილამაზეს (რ. შატაკიშვილი)... ლია ელიავას მამამ, შალვა ელიავამ გერმანიაში დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი, კარგა ხანს გერმანიაშივე მოღვაწეობდა, საქართველოში სრულიად ახალგაზრდა დაბრუნდა. 34 წლისა ფინანსთა მინისტრად დანიშნეს, მაგრამ 1937-ში 37 წლის ასაკში დაიჭირეს, ბრალად წაუყენეს გერმანიის შპიონობა, დივერსიების მოწყობა… და დახვრიტეს... პაწაწინა ლიას კი მალე დედაც დაუჭირეს. დედამ 9 წელიწადი გაატარა პატიმრობაში. ლიას ბებია და ბაბუა ზრდიდნენ.
ნანა კობერიძე: „...ბავშვობა მართლაც რთული ჰქონდა. ყოველგვარ ზარზეიმსა და ბრწყინვალებას მოკლებული. მის ბავშვობას მხოლოდ კეთილი ადამიანები და ჰანგები ალამაზებდნენ.


სრულიად პაწაწინა ვიყავი, როდესაც 1937 წელს, დააპატიმრეს და დახვრიტეს მამაჩემი. ბრალად ედებოდა გერმანიის შპიონობა, დივერსიების მოწყობა და ათასი საშინელება.... ღმერთო ჩემო, მაშინ თუ ამოიჩემებდნენ ვინმეს, რა არ ედებოდათ ბრალად, ოღონდ დაეჭირათ, ოღონდ დაეხვრიტათ. მე მქონდა საშუალება, გავცნობოდი იმ საქმეს. სამეულმა მიუსაჯა დახვრეტა და აქვე, თბილისში დახვრიტეს. ისიც არ ვიცი, მისი საფლავი სად არის. მალე დედაც დაიჭირეს. 9 წელიწადი გაატარა პატიმრობაში. მე ბებიასა და ბაბუას გაზრდილი ვარ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ არ წარიმართა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო... ბევრი იხსენებს ხოლმე განსაკუთრებულ ბავშვობას, რაღაც ულამაზესს, უბრწყინვალესს. მე არ მქონდა ასეთი ბავშვობა, მაგრამ მე მქონდა ჩემი ბავშვობა, ბედნიერი იმით, რომ ჩემ გარშემო იყვნენ საოცარი ადამიანები. მე გავიზარდე სოლოლაკში, ამ ლამაზ თბილისურ უბანში. კარგი ხალხი მეხვია გარს, დედაჩემის მეგობრები დიდ ყურადღებას იჩენდნენ ჩემ მიმართ. საერთოდ, ხალხი იყო სხვანაირი... ქუჩებში ჟღერდა მუსიკა – ვიღაცა კლასიკურ მუსიკას უკრავდა, მეცადინეობდა; ვიღაცა მღეროდა, უბრალოდ, იმიტომ რომ ემღერებოდა; საღამოობით დადიოდნენ ახალგაზრდები და რამდენიმე ხმაში მღეროდნენ, ზოგჯერ მეძინა და ძილში მესმოდა სიმღერა ქუჩიდან. რომ წამოვიზარდე, ჩემს ფანჯრებთანაც მღეროდნენ, როგორც სადღაც სევილიაში...“ – იხსენებდა ლია ელიავა. 

წყარო: თბილისელები