კაცმა ქალი ხელის გულზე უნდა ატაროს - სალომე ჭაჭუა პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა

  • თბილისელები
  • 13 იანვარი 18:40

ჟურნალ "თბილისელებიდან" ქორეოგრაფ სალომე ჭაჭუას ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელშიც მოცეკვავე პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს.

– „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ვისთან ერთადაც გამოჩნდი, ყველასთან დაგაწყვილეს. ახლა ამბობენ, სალომესა და გიორგის ერთმანეთი მოსწონთო. მართალია?


– კი, არის კითხვები – ერთმანეთი ხომ არ მოსწონთო... მე მინდა, ყველას გავუქარწყლო და ვუთხრა, რომ მე და გიორგი ძალიან კარგი მეგობრები ვართ. როგორც თავად ამბობს, მე ვარ მისი სულიერი და და ის არის ჩემი სულიერი ძმა. ძალიან საინტერესო ადამიანია, ღრმა, კეთილშობილი. ვერ ვიტყვი, რომ მასთან მუშაობა მარტივი იყო, მაგრამ მე მიყვარს სირთულეები და სიძნელეებთან გამკლავება. ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე მარტივად რომ მოდის ყველაფერი. ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოსულა. რაც გამაჩნია, ჩემი შრომიდან გამომდინარეა. ადრე ძალიან მოქმედებდა ჭორები, რადგან არ ვიყავი მზად. ახლა, აღარც ვინტერესდები.


– თოვლის ბაბუამ არ „მოგიყვანა“ სიყვარული?


– არ მომიყვანა. ჩემთან სიყვარულის მოყვანა მარტივი არ არის. ალბათ, არ არის ამის დრო, თორემ მოვიდოდა. მარტივ სიყვარულს ველოდები, უაზროდ რომ ვუყვარდე და მეც უაზროდ მიყვარდეს. მარტივი წესები მაქვს – ერთმანეთის ნდობა და პატივისცემა. მე მჯერა ენით აუწერელი სიყვარულის, რადგან მე ასეთი სიყვარული შემიძლია. თბილი ადამიანი ვარ და ურთიერთობაში კიდევ უფრო მეტად თბილი. ალბათ, არ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი, ვინც შემიყვარდებოდა. ამ მხრივ, რთული პიროვნება არ ვარ, არც წუნია და არც პრეტენზიული. ასე თუ ისე რაღაც გამოცდილება მქონდა, ბევრი რამ ვისწავლე ამაზე – კარგიც და ცუდიც და ბევრ რამეს ვაანალიზებ. ამიტომ ჯერჯერობით ასე მარტო ვარ.


– დიასახლისობა გიყვარს?


– ძალიან გურმანი ვარ, თუ მცალია, მიყვარს კერძების მომზადება. სულ ვამბობ, ცეკვაში აქტიურ მოღვაწეობას რომ მოვრჩები, კულინარიულ კურსებზე ვივლი-მეთქი.


– შენ გვერდით ვინც იქნება, ალბათ, გემრიელი კერძებით გაანებივრებ.


– თუ მექნება დრო – კი. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ურთიერთობაში დათმობა აუცილებელია, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ოღონდ კარგი დათმობები და არა ისე, გაწბილებულები რომ რჩებიან და ერთმანეთს წამოაძახებენ ხოლმე. ძალიან მიყვარს სიურპრიზები, თუმცა მატერიალური არ არის აუცილებელი. მიყვარს, როცა ადამიანს აბედნიერებ და ისიც, მე რომ მიკეთებენ სიურპრიზს.


– შენი მოხიბვლის ერთ-ერთი გზა ესეც არის?


– არა. არ მაქვს კრიტერიუმები ჩამოწერილი: რითი უნდა მომეწონოს. მამაკაცმა იდეალურად უნდა იცოდეს ქალის მიმართ პატივისცემა. კაცმა ქალი ხელის გულზე უნდა ატაროს და ქალმაც ასევე უნდა უპასუხოს. მაშინ არის ნამდვილი სიყვარული, პატივისცემა. არცერთ წამს არ უნდა მობეზრდეთ ერთმანეთი, არ უნდა ჩაქრნენ. მერე რომ იხსენებენ ხოლმე: ადრე რა კარგი იყოო. ამის შენარჩუნება კი ორივე ადამიანზეა დამოკიდებული.

წყარო: თბილისელები