ოჯახის წევრმა ქალი იმის გამო დაჭრა, რომ უცხო პირმა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ინტერნეტში გაავრცელა

  • marneulifm.ge
  • 12 იანვარი 23:38

მარნეულში ქალი დაჭრეს. დაჭრის სავარაუდო დამნაშავეები ოჯახის წევრები არიან.

რომლებმაც ქალს დაზიანება იმის გამო მიაყენეს, რომ უცხო პირმა მისი პირადი ინფორმაცია ინტერნეტში გაავრცელა.


რადიო მარნეულის წყაროს ინფორმაციით, ქალი, რომელიც დაოჯახებულია მომოწერა სხვა მამაკაცთან ჰქონდა, რომელსაც სავარაუდოდ, ინტიმური ხასიათის სურათებს უგზავნიდა. მამაკაცი მას ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა და სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა.


როგორც რადიო მარნეულის სანდო წყარო ჰყვება, ქალმა თანხის გადახდა მხოლოდ ერთხელ შეძლო. სურათების შესახებ ინფორმაცია გოგოს ოჯახის წევრებმაც გაიგეს, რისთვისაც ქალს ძალადობის ნიადაგზე ჭრილობა მიაყენეს.


მარნეულის პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულის დედა და ძმა იმყოფება, რომლებიც დანაშაულს ერთად აღიარებენ. დედა ამტკიცებს, რომ მან დაჭრა, ხოლო ძმა საკუთარ თავზე იბრალებს.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 მუხლის 117-ე ქვეპუნქტით, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განძრახ ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. შესაძლოა ამ საქმეს გამოსაძიებლად ახალი მუხლი დაემატოს.


იმ შემთხვევაში, თუ ქალი ჩვენებას მისცემს და მისი სურათების გამომქვეყნებელი იდენტიფიცირდება შესაძლოა, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 157 მულით დაიწყოს.


„მუხლი 157. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა


1. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,


ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.


2. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,


ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.


3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:


ა) ანგარებით;


ბ) არაერთგზის,


ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

სრული ვერსიის ნახვა marneulifm.ge