იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ წარმოუდგინოს პარლამენტს მოსამართლეების კანდიდატურები

  • 12 იანვარი 13:03

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ.

მან აღნიშნა, რომ  ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა.


"მქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელებთ კრიტერიუმებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის. რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა წარმოდგენილი, ამ კანდიდატურების თაობაზე, ასე ვთქვათ, მე მქონდა საუბარი თითოეულ მათგანთან და ყველას პოზიცია არის ასეთი, რომ ახალ კრიტერიუმებს, რომელიც იქნება შემუშავებული, დაექვემდებარება თითოეული მათგანი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.


მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ წარმოუდგინოს პარლამენტს მოსამართლეების კანდიდატურები. 


„უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე და წარდგენილია კიდევ ათი კანდიდატი. ბუნებრივია, რომ ეს 10 კანდიდატურა, რომელიც წარმოდგენილია, არის არასაკმარისი და კიდევ იქნება წარმოდგენილი კანდიდატები. რა თქმა უნდა, საბჭოს აქვს ამის რესურსი, ეს საჭიროებაც არსებობს და  ბუნებრივია, ეს ასე იქნება“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.​


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. კობახიძე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.


ორგანული კანონი დაადგენს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, კანონის ამ დებულებას ექნება უკუქცევითი ძალა და იუსტიციის სამინისტროს მიერ სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარმოდგენილი განახლებული სია.