მარიამ ჯაში მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს ყველა პაციენტისთვის „ტამიფლუს“ უფასოდ მიწოდების ინიციატივისთვის

  • 11 იანვარი 16:54

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მამუკა ბახტაძის ინიციატივას ეხმიანება.
 

„პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების მდგომარეობის გართულებით გამოწვეული გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.



აქვე მინდა საზოგადოება დავაიმედოთ, რომ გრიპით კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო დღეებში იკლებს და დიდი ალბათობით ავადობის გავრცელება არ მიუახლოვდება ეპიდემიის მასშტაბებს. ეს გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები, რომლებსაც ჩვენ, ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით.



დღესვე ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, „ტამიფლუ“ ხვალიდან გახდება სრულიად უფასო ყველა პაციენტისთვის, რომელთაც დასჭირდებათ ექიმის დანიშნულებით აღნიშნული ანტივირუსული მედიკამენტი. თუ დღემდე ორსულები, სოციალურად დაუცველი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები სარგებლობდნენ უფასო მედიკამენტით, 12 იანვრიდან „ტამიფლუ“ უფასოდ გადაეცემა ექიმის დანიშნულებით ყველა პაციენტს.



მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ამ გადაწყვეტილებისთვის, რადგან ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი შეძლებს უმნიშვნელოვანესი ანტივირუსული მედიკამენტით უფასოდ სარგებლობას.



„ტამიფლუს“ ფასი 70-დან 100 ლარამდე მერყეობდა, რაც გარკვეულ ფინანსურ ბარიერს ქმნიდა ჩვენი საზოგადოებისთვის. დღეიდან ეს ბარიერი მოხსნილია და შესაბამისად, „ტამიფლუთი“ სარგებლობას ექიმის დანიშნულებით ნებისმიერი პაციენტი შეძლებს.



აქვე მივმართავ ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ გრიპით დაავადების პროფილაქტიკის ზომები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს, რადგან დაავადების გართულების უმთავრესი მიზეზი გახლავთ გვიანი მიმართვიანობა და შესაბამისი მკურნალობის დაგვიანებით დაწყება“. - განაცხადა მარიამ ჯაშმა.