აკაკი ზოიძე: ხვალიდან „ტამიფლუ“ექიმის დანიშნულებით ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოქალაქისთვის

  • 11 იანვარი 16:48

„ექიმის დანიშნულების გარეშე „ტამიფლუ“ არ უნდა მოიხმარონ“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

„ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, პირადად პრემიერ-მინისტრმა,  რომ ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან „ტამიფლუ“ ხელმისაწვდომი გახდება ექიმის დანიშნულებით ყველა მოქალაქისთვის.


 


ამ დრომდე, მედიკამენტი უფასო იყო ორსულების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის, თუმცა  ყოველგვარი გაუგებრობა და შესაძლო პანიკა რომ თავიდან ავიცილოთ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია.


ექიმის დანიშნულების გარეშე „ტამიფლუ“ არ უნდა მოიხმარონ. დღეისთვის რისკ-ჯგუფებისთვის არც პირბადეები  და არც „ტამიფლუ“  ხელმისაწვდომი არ არის, ხვალიდან კი პრობლემა ნებისმიერი მოქალაქისთვის მოიხსნება, ხოლო თუ დღეს სჭირდება ვინმეს მკურნალობა, ამისთვის საავადმყოფოებში საკმარისი მარაგია.


ჯანდაცვის სისტემა აბსოლუტურად მზად იყო. არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება რეაგირება, მათ შორის დამატებითი შესაძლებლობების განვითარება. სამწუხაროდ, ეს მაინც არ გვაცილებს თავიდან ადამიანების მსხვერპლს, აქ უკვე, ჯანდაცვის სისტემის გარდა, მოქალაქის ფაქტორიცაა. მან დროულად უნდა მიმართოს ექიმს, გაიკეთოს ვაქცინაცია შემოდგომაზე, როცა რეკომენდაციას ვაძლევთ, და ამით თავიდან ავიცილებთ იმ ტრაგედიებს, რომელიც ხდება.


აქვე გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ოჯახის წევრებიც ამ ვერაგ დაავადებას შეეწირნენ“. - განაცხადა აკაკი ზოიძემ.