რატომ დატოვა თბილისი “ფრანის” სოლისტმა

  • სარკე
  • 10 იანვარი 22:53

ჯგუფ “ფრანის” სოლისტმა, გაგა ჩიხლაძემ, შემოქმედებითი ნიჭი ბიზნესშიც გამოიყენა და ქუთაისში იმერული ქვევრის ღვინის ტრადიცია აღადგინა.

დღეს მას უკვე საკუთარი ღვინის გალერეა აქვს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.


ბიზნესის პარალელურად ჯგუფსაც არ აკლებს ყურადღებას. წერენ ახალ სიმღერებს, აქვთ სოლო კონცერტები. რაც შეეხება პირადს, ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთობები მაშინ დაასრულა, როცა იპოვა ქალი, რომელმაც მისი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადა. მისი ცოლი მსახიობი ანუკა ჩოგოვაძეა. მათი ოჯახი 11 წლის არის და ქალ-ვაჟის მშობლები არიან.


– გაგა, დიდი ხანია “ფრანი” ეკრანზე არ გამოჩენილა. ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ თქვენ აქტიურად ჩაერთეთ ბიზნესში და მთელი ყურადღება ახალი საქმისკენ გადაიტანეთ?


– ვერ ვიტყვი, რომ არ ვჩანვართ, უბრალოდ ხალხში მოიკლო ტელევიზორის ყურების სურვილმა. მგონია, რომ სოციალურ ქსელებს მეტ ყურადღებას აქცევენ. ჩვენ დინჯად, როგორც “ფრანს” სჩვევია, მივყვებით დინებას. ჯგუფის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, პირიქით, “ფრანი” რაღაცნაირად დაღვინდა და ახალი სიმღერებიც იწერება.


– და ისევე პოპულარულია?


– ყველას ჰყავს მსმენელი. მოცლილი არავინ არის, რომ უბრალოდ პირი გააღოს და საკუთარ თავს უმღეროს. თუკი ვინმე რაიმე ხარისხის მუსიკას ქმნის საქართველოში, მსმენელი აუცილებლად მოძებნის. “ფრანი” ნამდვილად არ განიცდის მსმენელის ნაკლებობას. ბათუმში ერთი გემრიელი კონცერტი ჩავატარეთ, ბიჭებს გვენატრებოდა ასეთი განიავება.


მე ქუთაისში გადმოვედი საცხოვრებლად. ჩემი თბილისში სტუმრობა აუცილებლად უკავშირდება მუსიკას, გვაქვს რეპეტიციები, ჩაწერები, გადაღებები და ა.შ.


– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ ნომრიან კონცერტებში არ მონაწილეობთ. ბუნებრივია, პოლიტიკოსების მხარდამჭერი კონცერტები იგულისხმეთ. რატომ ამბობთ უარს ასეთ ღონისძიებებში გასვლაზე?


– ვერიდები ასეთ კონცერტებს, რადგან მგონია, რომ პოლიტიკური აზროვნება ძალიან პირადი და ინტიმურია. ნებისმიერი საქციელი, ნებისმიერი საქმის კეთება არის ჩვენი პოლიტიკა და, თუ საქმეს ხარისხიანად არ გავაკეთებთ, ჯასაღი ქვეყანა ვერ შეიქმნება.


 

წყარო: სარკე