რატომ არის არარეალური ცოლ-ქმრის იდეალური ცხოვრება

  • თბილისელები
  • 10 იანვარი 15:49

ქალებიც ღალატობენ ქმრებს და ეს სულაც არ არის განსაკუთრებული მოვლენა. სტატისტიკით, მოღალატე ცოლების რიცხვი დიდად არ ჩამოუვარდება იმ ქმრების რიცხვს, რომლებიც ერთგულების ფიცს არღვევენ.

უბრალოდ, ქალს უკეთესად ეხერხება ღალატის შენიღბვა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ქალები გაცილებით ხშირად ანგრევენ ოჯახს ღალატის გამო, ვიდრე მამაკაცები.


მარიკა (35 წლის): ძალიან დიდი მადლობა, რომ გადაწყვიტეთ მომისმინოთ, თანაც, გესმით ჩემი. ადამიანები ძალიან მარტივად განიკითხავენ ხოლმე სხვას, ისე რომ სულ არ ცდილობენ, საკუთარი თავი მის ადგილას წარმოიდგინონ. ვის უნდა პირადი ცხოვრება არეული ჰქონდეს. მაგრამ ის იდეალური ვარიანტი – რომ შეხვდნენ, იქორწინეს და სიცოცხლის ბოლომდე ერთად და ბედნიერად ცხოვრობდნენ, მე მარტო ზღაპრებში წარმომიდგენია. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი არარეალურად მეჩვენება.


– რატომ? თქვენ ხომ თქვით, რომ სანამ კარგი ანაზღაურება გქონდათ, თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის სრული თანხმობა იყო...


– დიახ. ვთქვი, მაგრამ ეს ხომ დროებითი აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ჩვენი ურთიერთობაც და სიყვარულიც ყოველდღიურმა პრობლემებმა შეიწირა. მე არ ვიცი, რა იქნებოდა, ჩემი ქმარი ტყავში რომ გამძვრალიყო და იმდენი ფული ეშოვნა, რამდენიც ჩვენი ოჯახის უზრუნველსაყოფად იქნებოდა საჭირო. ღალატი ჩემი იდეაფიქსი არ ყოფილა. მე არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, რომლებიც ქმრებს გასართობად ღალატობენ.


– ანუ, თქვენ საქმიანი გარიგება გაქვთ საყვარელთან და ეს აღარ ნიშნავს ღალატს?


– მე ღალატზე სხვა წარმოდგენა მაქვს. განსხვავებული იმისგან, როგორიც ბევრს და ალბათ, თქვენც წარმოგიდგენიათ. მე ჩემი ქმრის ერთგული ვარ. ყველაფერში გვერდით დავუდგები და ბოლომდე გავიტან. ის, რომ ზოგჯერ სხვა კაცთან ვწევარ, ბევრს არაფერს ნიშნავს. ყველაფერი ფიზიკურ სიახლოვემდე არ უნდა დავიყვანოთ. ახლა მესმის იმ მამაკაცების, რომლებიც სხვა ქალთან წვებიან, მაგრამ არ მიაჩნიათ, რომ ამით ცოლს უღალატეს.


– მამაკაცების უმრავლესობა აღფრთოვანდება თქვენი „აღმოჩენით“...


– თქვენ ხუმრობთ. შეიძლება, თქვენი გადმოსახედიდან სასაცილო ვარ, მაგრამ მე მართლა შემიძლია, მოღალატე კაცს გავუგო. იმ ადამიანისთვისაც, რომელსაც მე ვხვდები, ცოლი ძალიან ძვირფასია და საერთოდ ვერ წარმოუდგენია მის გარეშე ცხოვრება. თავიდანვე მითხრა, რომ მე მის ადგილს ვერასოდეს დავიკავებდი. უბრალოდ, სულიერი სიახლოვე ერთია და ფიზიკური – მეორე. გვინდა, თუ არ გვინდა, ფიზიოლოგიას ვერსად წავუვალთ და მის მოთხოვნებს უნდა დავემორჩილოთ. დიახ, მისთვის ცოლი ძვირფასი და ყველაზე ახლობელი ადამიანია, ისევე, როგორიც ჩემთვის – ჩემი ქმარი. თვეში რამდენიმე შეხვედრითაც კმაყოფილდება და ჩვენი ურთიერთობის სრულ კონსპირაციას ითხოვს. რაც მეც მაკმაყოფილებს.


– სამაგიეროდ კი, ფულს გიხდით?


– რას ხედავთ ამაში საგანგაშოს. მას აქვს იმისი საშუალება, რომ სიამოვნებაში ფული გადაიხადოს. სხვათა შორის, ვკითხე, რატომ არ ამჯობინა საყვარლად თავისზე ბევრად უმცროსი ქალი და ასე მიპასუხა: მე საბავშვო ბაღის აღმზრდელი არა ვარ, რომ ლაწირაკების ჭირვეულობები ავიტანო. სერიოზული კაცი ვარ და არ შემიძლია, გაუგებარი პრეტენზიები დავუკმაყოფილო ქალს, რომელიც არ მიყვარსო. ის არც მე მიყვარს. მიყვარს ქმარი და საკმარისია. შეიძლება, თქვენ ეს არ გჯერათ, მაგრამ მართლა მიყვარს. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ მან არაფერი გაიგოს. მისთვის უფრო მისაღები ვარიანტია, არაფერი იცოდეს. ჩემმა ოჯახმა სული მოითქვა. ძლივს ნორმალურად ვცხოვრობთ. თუმცა, ზოგჯერ საკუთარ „მესთან“ მაქვს პრობლემები და ვნანობ, რომ ჩემი ცხოვრება ასე წარიმართა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ არც ისეთი ცოდვილი ვარ.


– წარმოიდგინეთ თქვენი საყვარლის ცოლის მდგომარეობა...


– მე არავის ადგილის დაკავებას არ ვაპირებ და მით უმეტეს, მას არ წავართმევ ქმარს. ერთმანეთთან მხოლოდ ლოგინი გვაკავშირებს და სხვა არაფერი. ისე, რომ ამბობენ, კაცი ქალისგან მაშინ მიდის, როცა მასთან სექსი აღარ მოსწონსო, ტყუილია. შეიძლება, კაცს და ქალს არ ჰქონდეთ გადასარევი სექსი, მაგრამ ისეთი სულიერი კავშირით იყვნენ ერთმანეთზე გადაჯაჭვული, ვერასოდეს დაშორდნენ. ერთმანეთის მეუღლეებზე ხშირად ვლაპარაკობთ და ამან მე საშუალება მომცა, ჩემი ქმრისთვის ძალიან ბევრ საკითხში უკეთ გამეგო. ამასვე მეუბნება ჩემი საყვარელიც. ფაქტია, რომ მე და ჩემს ქმარს კამათიც კი აღარ მოგვდის. სრულ თანხმობაში ვცხოვრობთ.


– ისე გამოგდით, თუ ცოლ-ქმარს პრობლემები აქვს, საშველი ღალატში ყოფილა.


– ერთს გეტყვით: ყველა ცოლ-ქმარმა უნდა განსაზღვროს საკუთარი პრიორიტეტები. ანუ, ზუსტად უნდა იცოდნენ, რის გამო არიან ერთად და ამდენი ოჯახიც არ დაინგრევა. თუ ხვდები, რომ ამ ადამიანის გარეშე შენი არსებობა გაუსაძლისი იქნება, მაშინ ღალატიც უნდა აპატიო. მაგრამ, ხომ გეუბნებით, ღალატსაც გააჩნია.


– მატერიალური მდგომარეობა გამოგისწორდათ – თქვენს ოჯახთან ერთად საყვარელი გარჩენთ.


– მარჩენს-მეთქი, ასე ვერ ვიტყოდი. მეც ისევ ვმუშაობ და ჩემი ქმარიც. უბრალოდ, ცოტა მეხმარება. ისეც ვერ ვიზამ, მთლად მას ჩამოვეკიდო კისერზე. ოჯახი თავადაც აქვს და ჩემ გამო რომ მათ ბევრი მოაკლდეთ, ამას არ დავუშვებ.


– ხომ არ შემოუთავაზებია, არ იმუშაო და მთლიანად მე შეგინახავო?


– ამ საკითხზე საერთოდ არ მქონია მასთან საუბარი. ის კი ხშირად უთქვამს, არ მოგერიდოს და როდის რა თანხა დაგჭირდება, მითხარიო. ხვდება, რომ „ხიშნიცა“ არ ვარ და მისი კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენებას არ ვაპირებ. ჩვენ ერთად არსად დავდივართ. ჩემზე ის არც ბარებში ხარჯავს ფულს და არც რესტორნებში. უცხოეთში არ წავუყვანივარ და არც მომავალში მოხდება რამე მსგავსი. თუ იმდენი ფული მექნება, რომ თავს საზღვარგარეთ წასვლის უფლებას მივცემ, ქმართან და ჩემს შვილებთან ერთად წავალ. ისიც თავისუფალი დროის დიდ ნაწილს თავის ოჯახთან ატარებს. ჩემთან შეხვედრები მისთვის მხოლოდ რელაქსაციის საშუალებაა. არასოდეს არაფერს ვეკითხები და არასოდეს შევხვედრილვართ ჩემი ინიციატივით ან თხოვნით. წინა დღეს მირეკავს და ვხვდებით.


– მხოლოდ, როცა მას უნდა?


– დიახ. მხოლოდ როცა მას უნდა. ესეც დევს ჩვენს სიტყვიერ შეთანხმებაში. ხომ გითხარით, ჩვენი ურთიერთობა აბსოლუტურად გარკვულია და არანაირი სიურპრიზი არ არის მოსალოდნელი, არც მისი და არც ჩემი მხრიდან. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ცხოვრება მაქვს და კმაყოფილი ვარ ჩემი ბედით, მაგრამ მიმაჩნია, რომ მაინც გამიმართლა, რადგან ის ძალიან შეგნებული და კარგი ადამიანია. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ჩევნი ურთიერთობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დაშორება უმტკივნეულო იქნება. შესაძლებელია, უბრალო მეგობრებად დავრჩეთ. ამაზე ჯერ არ მიფიქრია.

წყარო: თბილისელები