“მამაკაცებისგან ძვირფასი საჩუქრები აღარ მჭირდება”

  • სარკე
  • 10 იანვარი 10:31

"დავასკვენი, რომ ხალხს გულწრფელი  და ალალი ია უფრო მოსწონს",-ამბობს მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა. 

ია ფარულავა და გულისხმობს თავის ლექსიკას, საუბრის მანერას, რომელსაც ხშირად უწუნებენ და რომელსაც ეკრანზე, გადაცემა “ფარულ კონვერტში” იყენებს.


ტელევიზიისგან თავისუფალი დრო იამ მოგზაურობას და დასვენებას დაუთმო. სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებდა ძვირფასი საჩუქრების ფოტოებს. ეს ხან “გუჩის” ჩანთა იყო, ხან – სხვა აქსესუარები.


თუ ვისგან იღებს ძვირფას საჩუქრებს და როგორ განიახლა გარდერობი თუ გარეგნობა, ია ამის შესახებ “სარკეს” ესაუბრა.


– საკუთარი თავით ხართ თუ არა კმაყოფილი, რა მოგწონთ და რა არა ტოქ შოუს წამყვანის ამპლუაში?


– ჩემი პლუსები და მინუსები ზეპირად ვიცი. ჩემს გადაცემას ყველაზე კრიტიკული მაყურებლის თვალით მე ვუყურებ. იმის გამო, რომ მის დაგეგმვაში დიდად არ ვარ ჩართული, მთავარი ჩემი საზრუნავი კვლავ ჩემი გარეგნობა და ვიზუალია. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვმუშაობ სტუმრის ხასიათსა და იმპროვიზაციებზე. ეს შოუს ძალიან უხდება. ვერავის ვაჯერებ, რომ სტუმრების ის საიდუმლოებები, რომლებიც 5 ათას ლარად არის შეფასებული, მეც არ ვიცი.


გადაცემის გასვლის შემდეგ მთელი თბილისი დამდევს და მეკითხება: “რა ეწერა კონვერტში? გაგვიმხილე იმ ადამიანის სახელი და გვარი”. სპეციალურად არ ვიგებ, თუ რა წერია კონვერტში, რომ მერე უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდე მათთან, ვისაც ეს აინტერესებთ. ამიტომ შეგნებულად არ ვიცი კონვერტის საიდუმლო.


ყველაზე მეტად მიკვირს იმ პოპულარული ადამიანების პასუხები, რომლებიც მოგვიწვევია გადაცემაში და უთქვამთ, ეს ჩემი ფორმატი არ არისო.


– როგორ ფიქრობთ, თავიანთი ცხოვრების საიდუმლოებებს პოპულარული ადამიანები ფულის გამო ყვებიან თუ მართლა უნდათ საჯარო აღიარებები?


– ზოგი ფულისთვის აკეთებს და ეს სავსებით გასაგები არგუმენტია. ჯერ ვერ დავინახე სტუმარი, რომელმაც კონვერტი იმიტომ გახსნა, რომ საიდუმლო გამჟღავნებულიყო და ამით კათარზისი განეცადა. ბევრი მაინც ვერ რისკავს, საჯაროდ ისაუბროს თავის საიდუმლოებებზე და ესეც სავსებით მისაღებია.


თავს არ ვიტვირთავ იმაზე ფიქრით, ვის რა ამოძრავებს, როდესაც კონვერტს ხსნის ან არ ხსნის. მირჩევნია, უფრო იმაზე ვიფიქრო, რომელი კაბა ჩავიცვა გადაცემის ჩაწერაზე. კაბებზე ფიქრი ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.


– გარეგნულად ტრადიციულად შესანიშნავ ფორმაში ხართ. ბოლო პერიოდში რაიმე პროცედურები ჩაიტარეთ?


– ალბათ მთელმა თბილისმა იცის, რომ საკუთარ თავზე ბევრს ვზრუნავ, დღე არ გავა, რომ სალონში არ მივიდე. ვიღაცისთვის ეს ფუფუნებაა, მაგრამ ჩემთვის ცხოვრების წესია, სალონში რომ არ წავიდე, დეპრესია დამემართება. შუბლი ახალი ჩაბოტოქსებული მაქვს და ძალიან კარგი ეფექტია. მეზოთერაპიას არ ვიკეთებ იმიტომ, რომ ნემსები შემძულდა და ძირითადად ნიღბებზე ვარ გადასული.


ბევრს ჰგონია, რომ ტუჩები მაქვს გაკეთებული, მაგრამ – არა. რამდენიმე წელია აღარ ვირუჯები, ვიყენებ ავტორუჯს, რომელიც ეფექტურია ეკრანზე, თუმცა ახლოდან ვინც დამაკვირდება, ხვდება, რომ ძალიან აჭრელებული ვარ. მაინც ასე მირჩევნია.


– სოციალურ ქსელში ხშირად დებთ ფოტოებს საჩუქრების თანხლებით. მათ შორის “გუჩის” რამდენიმე შეფუთვა იყო. ვინ გჩუქნით ასეთ ძვირფას საჩუქრებს?


– მეგობრები მჩუქნიან. გერმანიაში მყავს ერთი მეგობარი, მაკა, რომელიც სულ მანებივრებს “გუჩის” ძვირფასი საჩუქრებით.


– არადა ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ისინი მამაკაცებისგან იყო.


– სადღა არიან ისეთი მამაკაცები, რომლებიც ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიან ქალებს?! აღარ მჭირდება ასეთი მამაკაცი! თვითონ მაქვს იმის საშუალება, რომ რაც მინდა, ვიყიდო. ამას ემატება მეგობრებისგან განებივრება.


“დოლჩე და გაბანას” ყველაზე ხშირად ვიცვამ. “გუჩის” სტილი ნაწილობრივ მომწონს, მაგრამ ძალიან ძვირია. მაგალითად, “გუჩის” ფირმის ერთი კაბა რომ ვიყიდო, იმ ფასად სეილზე “დოლჩე და გაბანას” სამ კაბას ვიყიდი.

წყარო: სარკე