"ღმერთო, ისეთ დროში მაცხოვრე, რომ სასამართლოს ქვეყანა უყვარდეს, პარლამენტს - სამართალი, ხოლო მთავრობას - საკუთარ ჯიბეზე მეტად მოსახლეობა"

  • რეზონანსი
  • 9 იანვარი 10:38

მსახიობი გივი სიხარულიძე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" შიდა დაპირისპირებას უარყოფითად აფასებს და თვლის, რომ ეს ფაქტი საზიანოა არა მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული პირისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვისაც.

მეტიც, მისი თქმით ამან შეიძლება ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს.


„ღმერთო, ისეთ დროში მაცხოვრე, რომ სასამართლოს ქვეყანა უყვარდეს, პარლამენტს - სამართალი, ხოლო მთავრობას - საკუთარ ჯიბეზე მეტად მოსახლეობა", - განაცხადა სიხარულიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.


მისი აზრით, მმართველ პარტიაში დაპირისპირება ახლა არ დაწყებულა, დიდხანს იგი მიჩქმალული იყო, ხოლო ამჟამად „შადრევანივით გადმოიღვარა" და ყველასთვის თვალსაჩინო გახდა.


აგრეთვე აღნიშნავს, რომ მოსამართლეების არჩევის საკითხი სწორად რომ შეაფასდეს, ამისთვის აუცილებელია არსებობდეს სამართლიანი სასამართლო. მისივე აზრით, მსგავსი დაპირისპირება მმართველ ძალაში არის ბოროტებისა და არეულობის მომტანი ქვეყნისთვის.


„მაინტერესებს, ჩვენს ამჟამინდელ სასამართლოს კარგი სასამართლო ჰქვია? ხშირად სამოქალაქო საქმეები წლობით ინახება ისე, რომ განხილული საერთოდ არ არის", - ამბობს გივი სიხარულიძე.

წყარო: რეზონანსი