ოჯახური ამბები - ჯადოსნური სიტყვები

  • თბილისელები
  • 31 დეკემბერი 16:10, 2018 წელი

ოჯახი რთული ფენომენია. სრულიად უცხო ადამიანები ერთად იწყებენ ცხოვრებას და პრობლემების ერთობლივად მოგვარებას.

მათ საერთო ინტერესები, სიამოვნების, გართობისა და დასვენების ელემენტები უნდა აერთიანებდეთ. ზოგჯერ ხდება, რომ მოსიყვარულე ქმარი ერთ დღესაც, უბრალოდ, სხვაგან იწყებს განტვირთვის ძიებას. გარეგნულად ამის შემჩნევა ძნელია. ის კვლავ აძლევს ცოლს ხელფასს, დადის სამსახურში, დასვენების დღეებსაც ოჯახთან ატარებს... მაგრამ, თუ ყურადღებით იქნებით, აღმოაჩენთ, რომ ძველებურად ყველა კითხვაზე აღარ გპასუხობთ, პრეტენზიის გამოთქმისას თანხმობის ნიშნად თავს გიქნევთ, აღარ გეკამათებათ… ინტიმური სიახლოვეც აღარ ადარდებს.


რას აკეთებს ამ დროს ცოლი – ის გათხოვილი ქალია, რომელიც მუშაობს, ჰყავს შვილები, უყურებს სერიალებს და უცებ ვერ ხვდება, რა მოხდა. და აი, მის ცხოვრებში აუცილებლად ჩნდება სხვა ქალი, რომელიც მზადაა, სხვის ქმარს სიხარული მიანიჭოს. ის განსხვავებულია – შეიძლება, სულაც არ იყოს ლამაზი, მაგრამ ანათებს, მოვლილია, დამოუკიდებელი, არაფერს ითხოვს, არაფერი სჭირდება, სატელეფონო ზარებითაც არ აწუხებს. თუ დრო გამოუჩნდება, ყველა საქმეს გვერდზე გადადებს და სიხარულით იღებს თქვენს მოწყენილ ქმარს, რომელსაც ნამდვილი სითბოს შეგრძნება სჭირდება, სხეულების სიახლოვე – „სხვა“ ქალი სწორედ ამას აძლევს.


საქმე ისაა, რომ მამაკაცი საოცრად პრიმიტიული არსებაა. თავისი პირდაპირი ლოგიკით. ეჭვიანობა მოწყენილობის საუკეთესო წამალია. თქვენზე ის უკვე დიდი ხანია, აღარ ეჭვიანობს, თქვენ მისი შვილების დედა, ქალი-ოფისი და კულინარი ხართ. რაზე იეჭვიანოს? მის თვალში სექსუალურობის იმიჯი უკვე დაკარგეთ. გახსოვდეთ, მამაკაცი ენაგადმოგდებული გარბის იქ, სადაც არ ეძახიან, მაგრამ ყოველთვის სიხარულით ხვდებიან. მისთვის მიმზიდველია ყოფითი ცხოვრების სიმსუბუქე.


ჯადოსნური სიტყვები


სიტყვებს ჯადოსნური ძალა აქვთ. განსაკუთრებით – საყვარელი ქალის მიერ წარმოთქმულს: მათ შეუძლიავ მამაკაცს ღმერთადაც აგრძნობინოს თავი და უდიდესი ტკივილიც მიაყენოს. მაინც რისი გაგონება სურთ მამაკაცებს საყვარელი ქალებისგან. გთავაზობთ რამდენიმე გავრცელებულ ფრაზას, რომლებიც მამაკაცისთვის მუსიკასავით ჟღერს.


* როგორ გრძნობ თავს? ამ ფრაზის ვარიაციებსაც გიკარნახებთ და გამოიყენეთ. მაგალითად:
* როგორ შემიძლია, დაგეხმარო?
* რით შემიძლია, შენი პრობლემა შევამსუბუქო?
* რას ისურვებდი ზუსტად, აი, ამ წუთს?
* რა გავაკეთო, რომ ორივემ უკეთ ვიგრძნოთ თავი?


გახსოვდეთ, კაცს ნამდვილად სჭირდება თქვენი მზრუნველობა. ის მას ურთიერთობის სიღრმისა და სიმტკიცის განცდას უქმნის. გაინტერესებთ, რას ამბობენ მამაკაცები ამ ფრაზების გაგონებისას? „თავს ადამიანად ვგრძნობ, რომელზეც ზრუნავენ, რომელსაც უსმენენ, რომლისაც ესმით“; „ვგრძნობ, რომ მისთვის სულ ერთი არ ვარ და ჩემი დახმარება ნამდვილად სურს“.
* შენთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ;
* შენთან ერთად ადვილად მოგვარდა პრობლემა;
* ამას მარტო ვერ შევძლებდი;
* დიდი საქმე გააკეთე ჩემთვის.


საქმე ისაა, რომ როდესაც მამაკაცს უყვარხართ, უნდა, მის გვერდით კომფორტის, სიმყუდროვისა და დაცულობის შეგრძნება გქონდეთ. აგრძნობინეთ, რომ ამ მხრივ მის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია, ის შეეცდება ამ მიმართულებით აქტივობა განაგრძოს.


* ვამაყობ შენით;
* შენი მჯერა;
* ზუსტად ვიცი, რომ შენ ამას შეძლებ;
* არ მადარდებს რას ფიქრობენ სხვები, მე უკეთ გიცნობ შენ და შენში დარწმუნებული ვარ;
* ჩემს თვალში, ნებისმიერ შემთხვევაში, მომხიბლავი მამაკაცი ხარ (ძლიერი, ნიჭიერი, მიზანდასახული…) – მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს. როცა მამაკაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხართ და თქვენგან მხარდაჭერას გრძნობს, გჯერათ მისი, ამაყობთ მისით, ის კიდევ უფრო ძლიერი ხდება. მამაკაცი ფიქრობს: ვგრძნობ, რომ ამ რთული ვითარებიდან თავის დასაღწევად მზად ვარ.
* მადლობა;
* ისეთი მადლიერი ვარ შენი;
* შენი მზრუნველობა მაბედნიერებს;
* ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს არ დაგავიწყდა.


მამაკაცების უმრავლესობას უმარტივესი რამ სურს – აფასებდნენ იმისთვის, რასაც აკეთებენ. იცოდეს, რომ გჭირდებათ, ის მთელი გულით ესწრაფვის თქვენს დახმარებას. „ვიცი, რომ ჩემს გულმოდგინე შრომასა და მის შედეგს ის მაღალ დონეზე შეაფასებს. მუშაობს მექანიზმი – როცა მისთვის რაღაცას ვაკეთებ, თავს განსაკუთრებულად გრძნობს და მზადაა, ჩემთვისაც იგივე გაიღოს.


* მე შენ მიყვარხარ;
* მიყვარს, როდესაც იღიმი;
* შენი ხელები მიყვარს, მიყვარს შენი ყურება, როდესაც რაღაცას ოსტატურად აკეთებ;
* მიყვარს, როდესაც დაბნეული იყურები.
მთავარია, იგრძნოს, რომ თქვენი სიყვარული მისადმი უპირობოა და შეეცდება იმავეთი გიპასუხოთ.


მიტოვების კომპლექსი


შეგიმჩნევიათ, ალბათ, თქვენ გვერდით მიტოვების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანები, ისინი, რომლებიც ღრმად არიან დარწმუნებული, რომ სიყვარულში არასოდეს უმართლებთ და არავის სჭირდება.
ამ ტიპის ადამიანი რეალურად მიტოვებული, ნაწყენი ბავშვია, მარადიული ბავშვი. ეჩვენება, რომ მასზე არასოდეს ზრუნავდნენ. შესაბამისად, საკუთარი მოთხოვნები უარყოფილი აქვს. ფიქრობს, რომ არ აქვს უფლება; რამე უნდოდეს. დაახლოებით, ასე სჯის: „მე ვიზრუნებ სხვაზე. თუ კი საკმარის მზრუნველობას გამოვიჩენ, აღარ მიმატოვებენ“. რა არის ეს, თუ არა მსხვერპლშეწირვა, თვითუარყოფა და ასკეტიზმი? ამ ტიპის ადამიანები ბევრს ლაპარაკობენ, ბევრი პრობლემა აქვთ სასიყვარულო ურთიერთობებში, დაბალანაზღაურებად სამსახურს და დამხმარე პროფესიებს ირჩევენ.
არასოდეს თქვათ:


* ჩემი მოთხოვნები ძალიან დიდია;
* არასოდეს არაფერს მოვითხოვ, ყველაფერს ჩემით მივაღწევ.
ვინც ამ კომპლექსის აღწერაში საკუთარ თავს ამოიცნობთ, დაიმახსოვრეთ – ის, რაც გჭირთ, არ არის ნორმა! ძალიან მნიშვნელოვანია სხვებისთვის დახმარების გაწევა, სხვანაირად თავს უსარგებლოდ იგრძნობთ, მაგრამ, თქვენთვისაც ხომ უნდა იცხოვროთ?
ბევრი ხალხის მითოსში გვხვდება სამოთხიდან გაძევების თემა. მიტოვების კომპლექსიანი ადამიანიც დარწმუნებულია, რომ სამოთხე მისთვის არ არსებობს. დაიჯერეთ მარტივი ჭეშმარიტება: სამოთხე მიღწევადია. სამოთხე აქვეა, დედამიწაზე და ყველა ადამიანს სრული უფლება აქვს შევიდეს მასში, დარჩეს და ყველა სიკეთით დატკბეს.

წყარო: თბილისელები