ვინ იყო ქალი, რომელმაც ყველაფერი გაყიდა კონსტანტინე გამსახურდიას დასახმარებლად

  • თბილისელები
  • 31 დეკემბერი 14:59, 2018 წელი

კონსტანტინე გამსახურდია კომუნისტებს გზადაგზა, როგორც ძაღლებს – ხორცს, ისე უგდებდა „ვაზის ყვავილობას“, რათა დაეწერა „დავით აღმაშენებელი“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“.

კონსტანტინე მთელი ცხოვრება რეპრესირებული იყო. კომუნისტების საზეიმო დღეს, 7 ნოემბერს, შავი ჩოხით დადიოდა და მეუღლეს – მირანდა გამსახურდია-ფალავანდიშვილს გლოვის ნიშნად ლობიოს ახარშვინებდა, სტალინის დროსაც და ბრეჟნევის დროსაც… რუსულ ენაზე მარტო თავის ძაღლს ესაუბრებოდა – ძაღლს ძაღლურად უნდა ელაპარაკოო!
აკაკი გაწერელია:
მჟავანაძეობის დრო იყო. კონსტანტინე და მე რუსთაველის პროსპექტზე მივაბიჯებდით. ანაზდად კონსტანტინემ შემომთავაზა: ას-ასი გრამი არაყი დავლიოთო! დავლიეთ. ხათრს ხომ არ გავუტეხდი. მერე აიჩემა – არქიტექტორთა ყრილობას უნდა დავესწროთო! ღალატი არ შეიძლებოდა. დავყევი მის სურვილს. შევედით სამხატვრო გალერეაში, სადაც ეს ყრილობა მიმდინარეობდა. კონსტანტინემ ვასილ მჟავანაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება სთხოვა. მისცეს სიტყვა, მთავრობამ იფიქრა, ამ გამოსვლას ხალხთა მეგობრობას დაუკავშირებსო, მაგრამ იმედები გაუცრუვდა. კონსტანტინემ დაიწყო: „უცნაური ხალხი ვართ ქართველები! დავით აღმაშენებლის ძეგლი არ დგას თბილისში. ძეგლი კი არა, ქუჩაც კი არ გავიმეტეთ, მისი სახელი დაგვერქმია, კამოსთვის კი არაფერს ვიშურებთ, საღამოს ვუმართავთ! მისი საფლავი ძეგლად ვაქციეთ. აი, თქვენი ხუროთმოძღვრება! ამხანაგ კამოს ქართველი ერის წინაშე მხოლოდ ერთი დამსახურება მიუძღვის – ჩვენი უსაყვარლესი ბელადის ცოლს, ქალბატონ ნადეჟდა კრუპსკაიას უკურნებელი ვენერიული სენი შეჰყარა, იმან კი – ლენინს. იცოდეთ, ვასილ პავლოვიჩ, ამას კაცობრიობა დაგიფასებთ!“ კინაღამ ჩაეშალათ ყრილობა. აი, კლასიკური ირონიის მაგალითი. როცა კონსტანტინე ტრიბუნიდან ჩამოვიდა, იქვე, პირველ რიგში მჯდომ მჟავანაძესთან მივიდა და ჰკითხა: „ვასილ პავლოვიჩ, უხერხული ხომ არაფერი მითქვამს?“ იცოდნენ რა მისი ხასიათის სიმტკიცე და პირდაპირობა, მასთან კამათს და ხუმრობას ვერავინ ბედავდა.
***
კონსტანტინე გამსახურდია და ელენე ბაქრაძე (დარიანი) ახლო მეგობრები იყვნენ. ერთ დღეს შავჩოხიანები: კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი, პავლე ინგოროყვა და ვახტანგ კოტეტიშვილი შავ ცხენებზე ამხედრებულები სწვევიან ცისფერყანწელთა დედოფალს – ელენე დარიანს. მათთვისაც მოუგვრიათ 2 ცხენი და უთხოვიათ: შენ და სიმონ ჯანაშია უნდა გახდეთ ჩვენი ძმობის წევრებიო. მათი მიზანი საქართველოს ამერ-იმერის შემოვლა და ხალხთან შეხვედრა იყო. შავჩოხიანებს ელენე დასთანხმებია, მაგრამ სიმონ ჯანაშიას უთხოვია, შეეწყვიტათ ასეთ რამეზე ფიქრიც კი, თორემ მთავრობაში უკვე იციან ამის შესახებ და დაგვაპატიმრებენო… მე პირადად ყოველთვის თქვენთან ვიქნები, მაგრამ ივანე ჯავახიშვილს ვერ ვუღალატებ, თუ არ შეწყვეტთ ამაზე ფიქრს, იმასაც დააპატიმრებენ და ჩვენცო… ასე რომ, ჩაიშალა შავჩოხიანთა ის ლაშქრობა… იმ პერიოდში შეუძლოდ შეიქმნა კონსტანტინე გამსახურდია. ის მოსკოვში წავიდა სამკურნალოდ და იქიდან საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას. ელენემ მის სამკურნალოდ და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი გზის ფულისთვის მთელი თავისი სამკაული გაყიდა. შემორჩენილია კონსტანტინეს მიერ 1926-1927 წლებში დაწერილი ერთი წერილი, ერთი ფრაგმენტი და ერთი ღია ბარათი… 1926 წელს კონსტანტინე გერმანიის ჯაშუშობის ბრალდებით სოლოვკის კუნძულებზე გადაასახლეს. სწორედ იქიდან გამოუგზავნა ეს წერილი ელენეს: „ძვირფასო ელენე, რასაკვირველია, მე არ შემიძლია ისეთი მშვენიერი ბარათის დაწერა, როგორიც შენ მომწერე. შენ პოეტი ხარ და იცი, როცა ადამიანი ბევრს განიცდის, გამოხატვა არ შეუძლია. თანაც, მე ავად ვარ. ფიზიკურად, სულიერად დაშლილი. ეს წელი ჩემთვის ყველაზე კოშმარული იყო. ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ გავედი საზღვარგარეთ და სიკვდილის გემო შევიგრძენი… ჯერაც საავადმყოფოში ვარ. რამდენჯერმე მოწმე გავხდი საშინელი გაორებისა. ასეთი მდგომარეობა ჩემი წარმოსახვით აღვწერე ჩემს მოთხრობაში „ტაბუ“. მოსკოვში გადავიტანე ძლიერი, სულისშემხუთველი შემთხვევები. მე ვაგრძელებ შემოქმედებით მუშაობას, მაგრამ სიკვდილი სანატრელი გამიხდა. ეს მარტო ფრაზა არაა – ზუსტად ამას განვიცდი… მინდოდა საქართველოდან სრულიად წასვლა, სრულიად დაუმსახურებლად, იმდენ სიძულვილს ვგრძნობდი, რომ მე ვიყავი მოწამლული და გადაწამლული. მე ასეთმა ცხოვრებამ მიწია, როგორც მაჩაბელსა და ბარათაშვილს, შეიძლება უარესმაც. მე მიკვირს, როცა ახალ რომანზე მწერ – არა მგონია, როდესმე დავუბრუნდე ქართულ ლიტერატურას. საერთოდ არა ღირს, როცა ხალხი გპასუხობს ყველაზე დიდი სიძულვილით. სოლევეცკი გუმბათზე შლის თავის ნაბადს. მარჯვენა მხარეს არ შემიძლია წოლა, ტკივილები – გულში, რევმატიზმი – სახსრებში… გახსოვს, მე მარჯვენა ხელზე ვმკურნალობდი თბილისში… აქაური ნესტისგან შეიძლება, წამერთვას ხელი, ყოველდღიური თავის ტკივილები… ჩვენ ვცხოვრობთ ერთად, ზოგჯერ მწუხრობისას ვიკრიბებით და ვმღერით, თანაც თანამემამულეთა გარდა, ვერავის ვხვდები, საინტერესო ხალხი არ არის. წავიკითხე ალექსანდრე ფირმანი, მომეწონა. ველოდები შენს სონეტებს. მხოლოდ, თუ შეიძლება, მიეცი კარგი სათაურები, მე ვფიქრობ, შენ ისეთი გამბედავი ხარ, რომ დამფუძნებელი იქნები ქალური ლირიკისა… ვნახოთ… მე წავიკითხე ქართული ჟურნალები, მხოლოდ მომეწონა აბაშელის ლექსები და ქიაჩელის მოთხრობები. აბაშელი ახალ სტადიაში შედის. ივანეს ავადმყოფობამ (ჯავახიშვილი) ძლიერ შემაწუხა. ვკოცნი სიმონიკოს (ჯანაშია), უთხარი მას, რომ უნივერსიტეტის გამოცემები შემახვედროს. შენ ნუ ბრაზობ…“ აქ წყდება წერილი, როგორც ჩანს, ბოლო ნაწილი ძალიან ინტიმური იყო და ადრესატმა გაანადგურა. თანამედროვე მოგონებებიდან ცნობილია, რომ ვერაზე, ელენეს სახლში, ჩოხა-ახალუხით დამშვენებული მწერალი, განუყრელი მეძებარი ძაღლითურთ, ხშირად სტუმრობდა… იქიდან კი „ფიქრთ გასართველად“ მიუყვებოდა ვარაზის ხევს, ხან მდინარე ვერეს ხეობას. 


 

წყარო: თბილისელები