“თქვენი მფარველი ანგელოზი ნანიკო“ - გორში მოკლული ბავშვის დედამ შვილის თანაკლასელებს შობა მიულოცა

  • რეზონანსი
  • 28 დეკემბერი 14:10, 2018 წელი

"გამარჯობა, ჩემო ყოჩაღო და ლამაზო მეგობრებო!

მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და მენატრებით...


თქვენი მფარველი ანგელოზი ნანიკო" - ასე იწყებოდა და სრულდებოდა ყველა წერილი, რომლითაც გორში სასტიკად მოკლული 9 წლის ბავშვის დედამ, შვილის თანაკლასელებს, ნანიკოს სახელით შობა მიულოცა.


ამის შესახებ წერილი სოციალურ ქსელში კლასის დამრიგებელმა ცირა ხუბულურმა გამოაქვეყნა. "დღეს ,ჩემს პატარებს ნანიკოს დედა, ნათია ლალიაშვილი ესტუმრა. წერილები და ნანიკოსთან გადაღებული სურათები მოუტანა საჩუქრად! დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა მათ!


დიდი მადლობა ნათიას ასეთი სითბოსთვის,სიყვარულისთვის.


ისეთივე დიდი სიყვარულით ჩაეხუტა მათ,როგორც ნანიკო ეხუტებოდა ყველას, უსაზღვრო სიკეთეს გასცემდა! ეს ყველაფერი თავად გაიხსენეს ბავშვებმა! მოეფერნენ, ნანიკოს ხსოვნას პატივი მიაგეს!


მადლობა მათ!


მიყვარხართ , ჩემო მომავლის იმედებო! თქვენ ძალიან საამაყო შვილები ეზრდებით მშობლებს" - წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ცირა ხუბულური.


გორში, ლიახვის პირზე 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი იპოვეს. გოგონას თავზე ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული, ხელ-ფეხი კი მავთულით შეკრული. გოგონას მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 34 წლის მამაკაცია დაკავებული.


წყარო: რეზონანსი